"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ტრანსატლანტიკური “ქიმია“ ვირტუალურ მიუნხენში

msc2

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ყოველთვის დიდ ყურადღებას იპყრობს. ეს ღონისძიება, რომელიც ტრადიცულად თებერვალში იმართება გერმანული ბავარიის ზღაპრულ მხარეში, კრებს მსოფლიო ლიდერებს, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, ცნობილ ექსპერტებს და აზრის შემქმნელებს საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების სფეროში.

პანდემიამ, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, მიუნხენის კონფერენციის გეგმებიც მნიშვნელოვნად შეცვალა. წელს კონფერენციის ტრადიციულ ფორმატში ჩატარება სასტუმრო “ბაიერიშე ჰოფ“-ში გადაიდო სავარაუდოდ მაისისთვის, თუ რა თქმა უნდა ეპიდემიური ვითარება მსოფლიოში მაგ დროისთვის გაუმჯობესებული იქნება და შესაძლებელი გახდება 500-კაციანი  ღონისძიების გამართვა. თუმცა…

18-19 თებერვალს ვირტუალური კონფერენცია მიუნხენში მაინც შედგა, თანაც, თამამად შეიძლება ითქვას, უმაღლეს დონენზე. როგორც წესი, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან კონფერენციაში მონაწიელობენ ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები, სენატორები და კონგრესმენები. ამჯერად ვირტუალურ მიუნხენში სიტყვით თვით აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი გამოვიდა, რომელმაც თავის მთავარ პრიორიტეტად თეთრ სახლში შესვლისთანავე ტრანსატლანტიკური ერთობის აღდგენა გამოაცხადა. პრეზიდენტ ბაიდენის მთავარი გზავნილებიდან პირველი, ისევე როგორც საინაუგურაციო გამოსვლის დროს, ამ შემთხვევაშიც იყო: “ამერიკა დაბრუნდა“. რა თქმა უნდა, დაბრუნებაში იგულისხმება, რომ ამერიკა დაბრუნდა როგორც თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს ლიდერი. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ბაიდენმა მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო ტრანსატლანტიკური ერთობის განმტკიცების თემას. მან ხაზგასმით დაადასტურა, რომ აშშ-ს ერთგულება ნატო-ს წესდების მე-5-ე თავისადმი ურყევია და აშშ განაგრძობს ალიანსის წევრების უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ჯოზეფ ბაიდენმა ასევე ისაუბრა ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ 2014 წელს უელსის სამიტზე ნაკისრი ვალდებულებით თავდაცვის ბიუჯეტისთვის მშპ-ს 2%-მდე 2024 წლამდე გაზრდაზე. თუმცა, მან დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო კოლეგიალურ და დიპლომატიურ ფორმებში გაახმიანა ეს საკითხი.

ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იყო, რომ ჯოზეფ ბაიდენმა ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა გააერთიანონ ძალისხმევა რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიებს აშშ-შიც და ევროპაშიც. პრეზიდენტი ბაიდენი განსაკუთრებულად ხისტი იყო ჩინეთთან მიმართებაში, რომლის მთავარი არსი იყო ზუსტად ისეთი, როგორიც მან თავის ერთ-ერთ წინა გამოსვლაში ხატოვნად განმარტა: “ჩვენ თუ არ შევაჩერებთ ჩინეთს, ისინი შეჭამენ ჩვენს ლანჩს“ (აქ შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტ ბაიდენის და მისი წინამორბედის რიტორიკა გარკვეულწილად იდენტურია, თუმცა კონტექსტია განსხვავებული – ტრამპი ამბობდა, რომ თუ ის არ გახდებოდა აშშ-ს პრეზიდენტი, მალე ამერიკელებს ჩინურ ენაზე მოუწევდათ ლაპარაკი). პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების სფეროში ჩინეთის მხრიდან უხეშ დარღვევებსა და ჩინური კომპანიების მხრიდან საერთაშორისოდ აღიარებულ ქცევის წესების აღიარების აუცილებლობაზე.


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლაინი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თავის გამოსვლებში იყვნენ ერთსულოვანი ერთ რამეში – ყველა ბედნიერი იყო, რომ აშშ დაბრუნდა; რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ტრანსატლანტიკური ურთიერთობები კვლავ განმტკიცდება და ძველებურად მყარი იქნება.

თამამად შეიძლება ითქვას, ვირტუალურ მიუნხენში ტრანსატლანტიკური ქიმია“ შედგა.

გერმანელმა და ფრანგმა ლიდერებმა თავადაც ისაუბრეს თავდაცვის ხარჯების ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად გაზრდის აუცილებლობაზე. პრეზიდენტმა მაკრონმა ისიც კი აღნიშნა, რომ პირიქით, ევროპელებისთვის ხარჯების გაზრდა საჭიროცაა, რომ მათი როგორც პარტნიორებისადმი ნდობის ხარისხი გაიზარდოს. აგრეთვე, მის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ევროპის “სტრატეგიულ ავტონომიას“ ეხება, პრეზიდენტმა მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არ გულისხმობს ნატო-სგან რაიმე ფორმით დისტანცირებას ან ალტერნატივის შექმნას.

რაც შეეხება განსხვავებებს, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ყველაფერში აშშ და ევროპა ერთ აზრზე ვერც იქნებიან და არც არის აუცილებელი. შესაძლოა, მისი ეს მინიშნება რუსული გაზსადენის “ნორდ სტრიმ 2“-ის საკითხს ეხებოდა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთთან მიმართებაში ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებაც შეიძლება არცთუ ისე მარტივი მისაღწევი იყოს. გერმანიის კანცლერი ნამდვილად იყო კმაყოფილი, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ აღნიშნა მისი გადაწყვეტილების შესახებ, დატოვოს ამერიკული ჯარები სრულად გერმანიაში არსებულ ბაზებზე. თუმცა, ჩინეთთან მიმართებაში, განსაკუთრებით მისი თავმჯდომარეობის დროს მიღწეული ევროკავშირი-ჩინეთის საინვესტიციო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, მან ევროკავშირის ტერმინი “სისტემური მოწინააღმდეგე“-ც კი შეარბილა და თავის გამოსვლაში ჩინეთი ამჯერად “სისტემურ მეტოქედ“ მოიხსენია. აშშ-სა და ევროკავშირს შორის მომავალში უთანხმოებების შესაძლებლობის შესახებ ისაუბრა ემანუელ მაკრონმაც, თუმცა მას ყველასგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ერთ საკითხში – ის იყო ერთადერთი, ვინც რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა.

რუსეთთან კონტექსტში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გერმანიის კანცლერმა თავის გამოსვლაში გამოთქვა წუხილი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტის მიმართულებით პროგრესის არარსებობის თაობაზე.

ვირტუალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა მილიარდერი ბილ გეითსიც, რომელმაც გამოთქვა წუხილი იმის თაობაზე, რომ მსოფლიო არ აღმოჩნდა მზად პანდემიასთან გასამკლავებლად. მისი აზრით, ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი გაკვეთილი მომავალში შესაძლო ახალი ვირუსების გავრცელების წინააღმდეგ მოქმედებისთვის. პანდემიასთან ბრძოლაში და ვაქცინაციის პროცესში ძალისხმევის გაერთიანების აუცილებლობაზე მსოფლიოს ლიდერებმა ვირტუალურ კონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე გამართულ დიდი შვიდეულის ვირტუალურ სამიტზეც ისაუბრეს.

ვირტუალურ მიუნხენში ამჯერად საერთოდ არ იყო მიწვეული რუსეთი. ერთადერთი რუსი, ვინც გამოჩნდა კონფერნციის მსვლელობის დროს, იყო რუსი ექსპერტი, რომელმაც კითხვა ბილ გეითსს დაუსვა.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მაისამდე. თუ მშვიდობა იქნა, ვქაცინაციაც დაჩქარდა და პანდემიამაც უკან დაიხია, მაისში ჩვეულებრივ ფორმატში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია აუცილებლად გაიმართება, სადაც, სავარაუდოდ, რუსეთის და ჩინეთის წარმომადგენლებსაც დაუძახებენ. თუმცა, გაიმართება თუ არა, კონფერენციის თავმჯდომარე, ცნობილი გერმანელი დიპლომატი შვოლფგანგ იშინგერი უდაოდ კმაყოფილი იქნება, ვინაიდან სწორედ მის ღონისძიებაზე, თუნდაც ვირტუალურზე, შედგა ტრანსატლანტიკური “ქიმია“.

გააზიარე