„კერნელის“ თანადამფუძნებელი და მარკეტინგის დირექტორი

წარსულიც იკარგება

მიშო 2 (1)

რა ხდება მაშინ, როდესაც წარსულს ვანადგურებთ? მოგონებებს ვკარგავთ და მათთან ერთად საკუთარ თავსაც, რადგან მოგონებების გარეშე „მე“ არ არსებობს. ქალაქის შემთხვევაშიც ასეა. თბილისის ისტორიული უბნები ამ ქალაქის მოგონებებია, შენობები კი მათი არქივი.

მრავალმხრივი პრობლემა

თბილისის ამჟამინდელ ტრანსფორმაციას მკვეთრად საპირისპირო არქიტექტურულ სტილებს შორის ბრძოლა ახასიათებს. ქალაქის ძველი უბნები ჯერ კიდევ მიუხედავი და დაკნინებულია, საბჭოთა პერიოდის კვალი ბევრი გრანდიოზული შენობის სახით შემორჩა, მათ შორისაა საქართველოს ბანკის მთავარი ფილიალიც. ამავდროულად, ძველ ქალაქში ისტორიული შენობების გასწვრივ უცებ სუპერთანამედროვე მშვიდობის ხიდი აღმოცენდა.

ეს ტრანსფორმაცია არც ისეთი მშვიდობიანია, როგორიც შეიძლება, გეგონოთ. ძველსა და ახალს შორის ომია.

მშენებლები და ინვესტორები (მათთან ერთად ხელისუფლებაც) ყოველ კუთხე-კუნჭულს იყენებენ, რომ ფული გააკეთონ — როცა ადგილს ვეღარ პოულობენ, რა პრობლემაა, რაიმეს დაანგრევენ და აჰა, ადგილიც გამოჩნდა. ამასობაში, დედაქალაქის თვალწარმტაც ძველ უბნებში უკვე ნგრევის ნიშნები იკვეთება.

თუ თბილისის უბნებში ერთხელ მაინც გაგისეირნიათ, შენიშნავდით, რომ თითოეულს თავისი უნიკალური სტილი და წყობა აქვს, თუმცა ამავდროულად ყველა მათგანი შეიცავს საბჭოური არქიტექტურის მახასიათებლებს.

მთაწმინდაზე დავიბადე და იქვე გავიზარდე. მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ ძველი უბანია, რა თქმა უნდა, არა უძველესი, მაგრამ მაინც ძველია. ვიწრო და ჩახლართული ქუჩები, უზარმაზარი ბზარების მქონე დაზიანებული სახლები, უამრავი ჩიხი, საერთო ეზოები და ასე შემდეგ და ამდაგვარად და, რაც მთავარია, არანაირი მრავალსართულიანი ნაგებობები.მოკლედ, მას თავისი უნიკალური სტილი აქვს.

მთაწმინდის გვერდით სოლოლაკია, რომელიც კიდევ უფრო ძველი უბანია და, სხვათა შორის, პირველი, რომელიც წინასწარი დაგეგმარებით აშენდა. აქ სახლები ისე გამოიყურება, თითქოს აი, სადაცაა ჩამოიშლებაო. შეიძლება ითქვას, რომ მთაწმინდა სოლოლაკის შედარებით ახალი ვერსიაა.

ამ უბნების მთელი ხიბლი სწორედ ეს ძველი სახლებია. თუ მათ ყურადღება არ მივაქციეთ, ისინი უბრალოდ დაინგრევა, ბევრი სხვა ნაგებობის მსგავსად. ჩემი სახლიდან სულ რამდენიმე მეტრში აი, ეს შენობა დგას. მართალია „დგას“ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც.

ის იმდენად უყურადღებოდ იყო მიტოვებული, რომ ჩამოშლა დაიწყო და ის ერთადერთი სახლი არაა, რომელსაც ეს ბედი ხვდა წილად. უამრავი ფენომენალური შენობაა უმოქმედოდ დარჩენილი, ფანჯრებამოჭედილი და გამოუყენებელი. ამ შენობებს არა აქვთ ისტორიული ძეგლების სტატუსი მინიჭებული და, შესაბამისად, სპეციალურ დაცვას არ ექვემდებარებიან, ამიტომ მათ ხშირად უყურადღებოდ ტოვებენ.

იმის თქმას ვცდილობ, რომ ამ ისტორიულ უბნებს საკუთარი სტილი აქვთ. ეს მხოლოდ ამ ორ უბანს არ ეხება, ბევრი სხვა მნიშვნელოვანი უბანიც ასევე უყურადღებოდაა დარჩენილი. საქმე ისაა, რომ მე ამ უბანში დავიბადე და ის უფრო ახლოსაა ჩემს გულთან, ვიდრე ყველა დანარჩენი, ამიტომ შევარჩიე ეს მაგალითი.

ერთია, არ იზრუნო ან დაანგრიო მნიშვნელოვანი შენობა და სულ სხვაა მისი რაღაც ბილტმორისეული შეუხედავი თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშით ჩანაცვლება, რომელიც არანაირად არ ჯდება ისტორიული უბნის თემატიკაში.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული შენობების დაცვა. სწორად გამიგეთ, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ახალი შენობები არ უნდა აშენდეს, არა — ახალმა და ძველმა თანაარსებობა უნდა შეძლონ.

მაშ, რა უნდა მოვუხერხოთ ამ შენობებს? დაე, დაინგრეს? თუ ყველა ბილტმორებით (რომელიც, სხვათა შორის, უბრალოდ ამაზრზენია) ჩავანაცვლოთ? ან იქნებ ქალაქის მოგონებები გადავარჩინოთ? რა თქმა უნდა, ბოლო, მაგრამ ეს არამც და არამც არ უნდა გაკეთდეს ადამიანის უსაფრთხოების ხარჯზე.

განახლება თუ განადგურება

ისტორიული შენობების შენარჩუნებისა თუ განადგურების საკითხი ნამდვილად კომპლექსურია. ბევრს მიაჩნია, რომ საზოგადოებისთვის თანამედროვეობა უმთავრესი რამაა, თუნდაც ისტორიული ღირსშესანიშნაობების განადგურების ხარჯზე. სხვები თვლიან, რომ ისტორიულ ძეგლს დანგრევის შემდეგ ვეღარ აღადგენ და ამიტომ ფიზიკური ისტორია ნებისმიერ ფასად უნდა შევინარჩუნოთ. ჩემი აზრით, ეს შენობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

კი, ისტორიული შენობების ჩანაცვლება შეუძლებელია. შეგვიძლია, ასლები ავაშენოთ, მაგრამ ამით დანგრეულ ისტორიულ ნაგებობას ვერ ჩავანაცვლებთ. ისინი წარსულთან გვაკავშირებენ, გვიყვებიან ისტორიას, თუ საიდან მოვედით, ამიტომ ძალიან ტრაგიკული ამბავია მათი განადგურება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უკვე ჩამოშლის პირას არიან და აღარც საცხოვრებლად არიან უსაფრთხო, მაშინ იქნებ მათი განადგურების ან სასოწარკვეთილად დაცვის ნაცვლად, აღდგენა გვეცადა.

თავს ნუ მოვიტყუებთ, ზოგიერთ შენობას ერთი მიფურთხებაღა აკლია, რომ ჩამოიშალოს. ასეთი ნაგებობა უნდა დაინგრეს და მხოლოდ ამის შემდეგ აშენდეს მისი ასლი. მოკლედ, იმას ვამბობ, რომ თუ ისტორიული შენობა არ ექვემდებარება რემონტს, ის უნდა დაინგრეს და აშენდეს ზუსტად იგივე ახალი შენობა. ასე მოახერხა დრეზდენმა თავისი თავდაპირველი იერის აღდგენა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

მართალია, მოგონებები შენობების გარეშეც შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ფიზიკური არქივების გარეშე ისინი ადრე თუ გვიან გაქრებიან და აღარაფერი დაგვრჩება მომავალი თაობისთვის გადასაცემად.

ძველის სილამაზე

საოცარი არაა, რომ თბილისური არტ-ნუვოს სტილის ფერადი სახლები საბჭოთა პერიოდს გადაურჩა? მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 70-წლიანმა ოკუპაციამ ქალაქის იერსახეზე თავისი კვალი არ დატოვა. საბჭოთა ხელისუფლება რეგულარულად უბიძგებდა (ანუ… პასიურად აიძულებდა) სოფლის მოსახლეობას, რომ ქალაქში გადასულიყვნენ საცხოვრებლად, რათა შრომით საქმიანობებში მონაწილეობა მიეღოთ და მათი კონტროლი უფრო მარტივი ყოფილიყო. ხალხის მასობრივი შემოდინების გამო, XIX საუკუნის ბოლოს აშენებული დიდი სახლები პატარ-პატარა ბინებად დაიყო, რომ მრავალი ოჯახი შესახლებულიყო.

თითქმის ერთ ღამეში ეს სახლები ერთი ოჯახის საკუთრებიდან მრავალი ოჯახის საკუთრებაში გადავიდა. და, რა თქმა უნდა, ყველას ჰო, საკუთარი შესასვლელი უნდა ჰქონოდა (და კიდევ დამატებითი სივრცეც. რატომაც არა? შენი სახლი არაა და ბარემ რასაც შეძლებ, მიისაკუთრე). ამიტომ კედლებს ანგრევდნენ და დამატებით ოთახებს აშენებდნენ (ხომ გინახავთ ასეთი აკოწიწებული მიშენებები საბჭოურ მაღალ შენობებზე?), კარებისა და კიბეების რიცხვი გაიზარდა. ეს კიბეები ვაზის ნერგებითა და ვარდის ბუჩქებით გამწვანებულ ცენტრალურ ეზოს უკავშირდებოდა (რომელიც იყო და ბევრ შემთხვევაში კვლავ საერთო საკუთრებაა), სადაც ჭა იდგა. შენობებში მილსადენის გაყვანამდე ეს სუფთა წყლის ერთადერთი წყარო იყო.

სანამ „საერთო საკუთრებაზე” ვსაუბრობ, უნდა ვთქვა, რომ შენობებს გაურემონტებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თავად იქ მცხოვრები ხალხია. ალბათ იკითხავთ, რატომ? პირადი გამოცდილებიდან გიპასუხებთ — ეს შენობები მხოლოდ ერთ ოჯახს არ ეკუთვნის, ეს პრობლემებს ქმნის — ზოგს ისეთი მოსწონს, როგორიც არის, ზოგს უბრალოდ არ აინტერესებს, ზოგი ამბობს, ფული გადამიხადეთო, ზოგი — მე უფრო მეტი გადამიხადეთო და ასე. ასევე, ბევრი მათგანი ხანში შესულია და უბრალოდ ვერ თმობს თავის წილს. ასე რომ, მხოლოდ მერიისა და ხელისუფლების ბრალი არაა ეს ყველაფერი. ხალხი — ხალხია აქ რეალური პრობლემა.

კარგი, დავუბრუნდეთ ძველსა და მის სილამაზეს. ზუსტადაც რომ საბჭოთა ბაკქანალიის შედეგია, რომ თბილისის ქუჩები მოჩვენებითი ხასიათისაა. მთავარი ქუჩების აკურატული და მოწესრიგებული ექსტერიერის უკანაა რეალური ქალაქი — სამრეცხაოები, იზოლირებული ავტოფარეხები, კიბეები, ღვინის სარდაფები, იტალიური ეზოები, საერთო საცხოვრებლები, ჭუჭყიანი სადარბაზოები და გაბზარული კედლები — უბრალო ხალხი სწორედ აქ ცხოვრობს.

თუმცა ამ ქალაქში უფრო მეტი რამაა სანახავი, ვიდრე ეს საერთო საცხოვრებლები (რომელთა უმეტესობაც, სხვათა შორის, სერიოზულ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს), და ახლა არქიტექტურის ჩემი რჩეული ნიმუშებიდან რამდენიმეს შესახებ მოგიყვებით. ზოგი მათგანი მე-19 საუკუნისაა, ზოგი მე-20 საუკუნის.

ვასილ გაბაშვილის სახლი
ფოტო: და მიანე / Photo Credits to Da Miane

ეს მომხიბლავი შენობა რუსთაველის გამზირზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უკან მდებარეობს. იგი 1897 წელს აშენდა და ცნობილ იურისტსა და ეკონომისტს, ვასილ გაბაშვილს, ეკუთვნოდა. ჩემი უსაყვარლესი შენობაა მთელ თბილისში. მისი ფასადი ბაროკოსა და როკოკოს სტილის ნაზავია, აივნის დეტალები ძალიან დახვეწილია. ქვემოთ ლამაზი ბაღია მრგვალი შადრევნით. თბილისში სხვაგან არსად მინახავს ასეთი მოჩუქურთმებული აივანი.

ამ შენობის შესახებ ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა ბანდა კონსტრუქტივისტული შენობებით ულამაზესი სახლების ჩანაცვლებას შეუდგა. ამ სახლსაც იგივე ბედი ეწეოდა, რომ არა ცნობილი თერაპევტი ნიკოლოზ ყიფშიძე. ის სტალინის პირადი ექიმი და ვასილ გაბაშვილის ქალიშვილის ქმარი იყო. მან სტალინს სახლის ფოტო აჩვენა და შეევედრა, რომ იგი განადგურებისგან ეხსნა. ამხანაგ იოსებს მოსწონებია სახლი. ამის შედეგია, რომ შენობა გადარჩა და დღემდეა შემონახული.

„ისეთი ლამაზია, რომ სტალინმაც კი ვერ ახლო ხელი“.

ქართული „ჰოგვარტსი“

თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული და უჩვეულო ნაგებობა ყოფილი ქალთა მე-3 გიმნაზიაა. მე –19 საუკუნის ეს ნეოგოტიკური სტილის შენობა მართლაც ერთ–ერთი არქიტექტურული სამკაულია. შენობას ხშირად „პატარა ჰოგვარტსს” უწოდებენ მისი უცნაური ხუროთმოძღვრებისა და დიზაინის გამო.

გიმნაზიაში ლუთერანული ეკლესიაც ყოფილა (რომელიც, როგორც უკვე მიხვდით, საბჭოთა კავშირის დროს მოშთეს). სამლოცველო მეორე სართულზე იყო და მისი ჯვრებიანი კარი დღემდეა შემონახული.

წლების განმავლობაში შენობას სხვადასხვა ფუნქცია და სახელი ჰქონდა, პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს იქ საავადმყოფო იყო. ოდესღაც მასში იურიდიული სკოლაც არსებულა. ამჟამად აქ N:6 საავტორო სკოლაა. შენობა განსაკუთრებით ღამითაა მომნუსხველი, როდესაც მაღალი, ოქროსფერი გოტიკური ფანჯრები ოქროსფერი შუქითაა განათებული.

ვინტაჟური სახლი ბეთლემის ქუჩაზე

ბეთლემის ქუჩაზე მდებარე XIX საუკუნის ეს სახლი ქალაქის ერთადერთი კერძო ორანჟერეაა. უცნობია, თუ ვინ ააშენა ეს უნიკალური სახლი, ან ვინ ცხოვრობდა იქ, მაგრამ ფაქტია, რომ მფლობელს დახვეწილი და თანამედროვე გემოვნება ჰქონდა.

ამ სახლის მთავარი მახასიათებელი მისი ფერადი მინის ფანჯრებია. „ვიქტორიანული“ სტილის  ვიტრაჟებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრსა და სამხატვრო აკადემიაშიც შეხვდებით, მაგრამ ეს ერთადერთი კერძო სახლია მათ შორის.

სახლის ინტერიერი უბრალოდ ზღაპრულია — ხის ხვეული კიბეები, დარბაზები, ფანჯრები.

ტექნიკურ-ინდუსტრიული კოლეჯის ყოფილი შენობა

ამ საბჭოთა მოდერნისტული აუდიტორია/კინოთეატრის დიზაინის შემყურეს რაღაც მაფიქრებინებს, რომ მისმა არქიტექტორებმა აშკარად იცოდნენ, თუ როგორ შეერწყათ სილამაზე და ფუნქციონალურობა ერთმანეთში. ეს ყოფილი ტექნიკურ-ინდუსტრიული კოლეჯის შენობაა. ახლა მიტოვებულია და უსახლკაროთა თავშესაფრადაა ქცეული.

ექსტერიერის დეკორაციები მოდერნიზმისა და ფუტურიზმის ნაზავია, სამწუხაროდ, ამ დეკორაციების ნახევარი ახლა გამქრალია.

არქეოლოგიის ყოფილი მუზეუმი

ეს შენობა სალოცავს უფრო ჰგავს, ვიდრე არქეოლოგიის მუზეუმს. თავად მუზეუმის შენობა სიმეტრიული და გრაციოზულად აღმართულია. შენობის კენწეროზე დიდი კვადრატული ბარელიეფია, რომელზეც ღმერთმა იცის, რა არის გამოსახული. მის ქვემოთ წარწერაა: „არქეოლოგია”.

ამ შენობის მთავარი მარგალიტი მის შიგნითაა, საგამოფენო დარბაზში. ის აშკარად აჩქარებულად დაუცლიათ, რადგან აქა-იქ კვლავ ყრია ლპობის სხვადასხვა სტადიაზე მყოფი ფურცლები.

იმედის ნაპერწკალი

ამ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და თბილისის ერთ–ერთ უძველეს ნაგებობად ითვლება. იგი მე-19 საუკუნის შუა ხანებში აშენდა. შენობის განსაკუთრებული ხიბლი მომრგვალებული ხის აივანია, რომელიც თბილისში აშენებული ძველი სახლებისთვის დამახასიათებელი მოჩუქურთმებული დეტალებითაა გაფორმებული.

ის ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობით შემორჩენილი ისტორიული ნაგებობებიდან, რომლებიც რეალურად აღადგინეს და თანაც საკმაოდ წარმატებულად. ის კვლავაც ლამაზი და განსაკუთრებულია.

კიდევ ერთ კარგ ამბავს გეტყვით.

დავით აღმაშენებლის გამზირის 36 ნომერში მდებარე ეს სახლი XIX-XX საუკუნეებში შენდებოდა ცნობილი ქველმოქმედისა და საზოგადო მოღვაწის, ერასტი ჭავჭანიძის მიერ. ექსტერიერი სავსეა ულამაზესი ორნამენტებით და აივნებით.

ინტერიერი ოქროს ორნამენტებითაა მორთული. ანგელოზები ზემოდან იყურებიან, კედლებზე კი „ვეფხისტყაოსნის“ სცენებსა და XIX საუკუნის ცნობილი უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის ილუსტრაციებს ვხვდებით.

ნაგებობა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებდა. საბედნიეროდ, რამდენიმე წლის წინ აღადგინეს კიდეც. გარედან ჩალისფრად შეღებეს, აღადგინეს კედლის ნახატები და, რაც მთავარია, არწივიც თავის ადგილას დააბრუნეს.

მიუხედავად ამისა, ასეთი იღბლიანი მხოლოდ ერთეული შენობებია. უმეტესობა მიგდებული და ნელი ნგრევისთვისაა განწირული. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მათ გადასარჩენად, რათა კოლექტიური მეხსიერება არ დავკარგოთ.

გააზიარე