„კერნელის“ თანადამფუძნებელი და მარკეტინგის დირექტორი

ციფრული მარკეტინგის საწყისები  -  ნაწილი VI

MISHO 2 (7)

მარკეტინგული ხარჯის ტიპები, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

გაიგეთ, რა შედის მარკეტინგულ ხარჯებში და დაივიწყეთ მომაბეზრებელი კითხვები ბიუჯეტის გადანაწილებისას.

 

დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი ბიზნესის პროდუქციის ან მომსახურების რეკლამირება ერთხელ მაინც მოგსვლიათ აზრად. ნებისმიერი ამგვარი რეკლამირება გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამ ხარჯებს კი მენეჯმენტი სჭირდება, რაც ხშირად ძალიან რთული და შრომატევადი საქმიანობაა, განსაკუთრებით მცირე და დამწყები ბიზნესებისთვის.

გვესმის, რომ მარკეტინგის გუნდი ყველაზე ხარჯიანია და ხშირად მათი ხარჯების წყაროც რთულად წარმოსადგენი და ჩახლართულია. ამის მიზეზი მრავალგვარია –  რეკლამები სხვადასხვანაირია, იქნება ის სოციალურ მედიაში, ტელევიზიაში, გაზეთსა თუ კედლის აფიშაზე. მათი გამოყენების შემდეგ ალბათ არაერთხელ დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რანაირად ჭამს მარკეტინგი ამდენ ფულს,„სად მიდის ფული?” და საერთოდ „რაში იხარჯება კომპანიის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი?”.

ამ სტატიაში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. ანუ, გეტყვით, თუ ზუსტად რაში ხარჯავს ფულს თქვენი კომპანიის ყველაზე ძვირი დეპარტამენტი.

რა არის მარკეტინგული ხარჯი?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მარკეტინგის განყოფილება გამორჩეულია თავისი უნიკალური ინვესტიციებით სხვადასხვა პლატფორმაში. ამის მიზეზი დღევანდელი სოციალური არეალის სიდიდეა. დროის ცვლილებასთან ერთად, შეიცვალა ნებისმიერი პროდუქტის ან მომსახურების რეკლამირების ფორმებიც. მაგალითად, სანამ მსოფლიოში სოციალური ქსელები გამოჩნდებოდა, ბრენდის პოპულარიზაციის მთავარი იარაღი ტელევიზია იყო. ასპარეზზე ფეისბუკისა და გუგლის გამოსვლას კი ონლაინრეკლამების გამოჩენა მოჰყვა.

ნებისმიერ პოსტზე, ქუჩაში დარიგებულ ბროშურასა თუ ტელეარხზე გასულ რეკლამაზე დახარჯული თანხა მარკეტინგულ ხარჯებს მიეკუთვნება. მოდი, თვალი გადავავლოთ იმ მთავარ მიზეზებს, რის გამოც ხშირად მარკეტინგის განყოფილება ყველაზე ძვირად ღირებულია კომპანიაში და რატომ არის მათი ბიუჯეტი მუდმივად ცვალებადი.

ბრენდინგი და ვიზუალური იდენტობის შექმნა

„ბრენდის განმარტება“ რომ დაგუგლოთ, პირველივე გვერდზე განმარტების ორმოცდახუთ სხვადასხვა ვერსიას ამოგიგდებთ. იმდენად ბევრი და ურთიერთსაპირისპირო ინფორმაციაა იმის შესახებ, თუ რა არის ბრენდი, რომ ალბათ უფრო მარტივი იქნება იმის თქმა, თუ რა არ არის ის: ბრენდი არაა ლოგო, სახელი, სიმბოლო, ფერები და კომპანიის ოფიციალური ჰიმნი. კი, ამ ყველაფერს ბრენდზე დიდი გავლენა აქვს, მაგრამ თავად ბრენდი გაცილებით მეტ ელემენტს მოიცავს. მოკლედ, ბრენდი ისაა, თუ როგორ ხედავენ მომხმარებლები თქვენს კომპანიას. ბრენდინგი კი მარკეტინგული პრაქტიკაა, რომლის მიზანიც ადამიანების თავში სასურველი შთაბეჭდილებების ჩადება, ანუ სასურველი ბრენდის კომუნიკაციაა.

შეიძლება ითქვას, რომ კომუნიკაციის სტრატეგიაში ბრენდინგზე მნიშვნელოვანი ელემენტი არ არსებობს, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს კომუნიკაცია. მისი დაყოფა ორ ნაწილად შეიძლება: ვიზუალური ბრენდინგი და კონცეფციური ბრენდინგი.

ძირითადად, კომპანიის ბრენდის შექმნაზე ერთი ან რამდენიმე თანამშრომელი ზრუნავს. ისინი მარკეტინგის ჯგუფის წევრები არიან და ყველა საჭირო რესურსს მარკეტინგის ბიუჯეტიდან იღებენ. მაგალითად, გრაფიკული დიზაინერის მომსახურება, რომელიც შექმნის ლოგოს, კომპანიის ფერთა პალიტრას და ა.შ.

ვებსაიტის შექმნა და მისი ტექნიკური ხარჯები

როგორც ზევით აღვნიშნეთ, დღევანდელ ვირტუალურ სამყაროში ვებსაიტის ქონა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. მომხმარებლების უმეტესობა მთავარ ინფორმაციას პროდუქტზე სწორედ ვებსაიტიდან ან ფეისბუკის გვერდიდან იღებს. ხარისხიანი საიტის შექმნა გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რადგან მის შესაქმნელად სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან შემდგარი გუნდია საჭირო.

დიზაინისა და განვითარების ხარჯები

ვებსაიტს და ონლაინგვერდს სოციალურ ქსელში მუდმივად სჭირდება განახლება და ახალი კონტენტის შექმნა, რისთვისაც ცალკე თანამშრომელი აჰყავთ, რომელიც მარკეტინგის გუნდს უერთდება.

ციფრული რეკლამა (სოციალური და სატელევიზიო რეკლამები)

ეს რეკლამის ალბათ ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ფორმაა. მართლაც, პირველი რაც თავში მოგვდის რეკლამის გაგონებაზე, ესაა სატელევიზიო გადაცემებს შორის პროდუქციის ვიდეორგოლი.

ციფრული მარკეტინგი მოიცავს ყველა სახის მარკეტინგულ ქმედებას, რომლებიც  ციფრულ სამყაროში ხორციელდება. ბიზნესები ისეთ ციფრულ არხებს იყენებენ, როგორიცაა საძიებო სისტემები, სოციალური ქსელები, ელექტრონული ფოსტა, ვებგვერდები და სხვ. ყველა კომპანიას ჰყავს თავისი აუდიტორია, რომელთანაც კომუნიკაცია უნდა დაამყაროს. ციფრული მარკეტინგი ბიზნესის მის მიზნობრივ აუდიტორიასთან კავშირის საუკეთესო და ყველაზე ეფექტიანი ხელსაწყოა.

ციფრული მარკეტინგი ძალიან მრავალფეროვანი რამაა და აუმრავ ხელსაწყოსა და მიდგომას მოითვლის. ამ სტატიაში კი მის სახეობებს დეტალურად გაეცნობით და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების სათქვენოდ  გამოყენებას შეძლებთ.

PR (საზოგადოებასთან ურთიერთობა, „პიარი”)

ბევრი ამ სიტყვას არასწორად იყენებს და მომხმარებელთან კომუნიკაციაში ურევს. „პიარი” არის სტრატეგიული კომუნიკაციის პროცესი, რის შედეგადაც ბიზნესი კარგ ურთიერთობას აყალიბებს სხვა ორგანიზაციებთან ან კლიენტებთან.

ამის მარტივი მაგალითია, როცა კომპანია, თავისი პოპულარობისა და იმიჯის  გასაუმჯობესებლად ერთვება უამრავ ღონისძიებაში და ასევე ასპონსორებს არაერთ ღონისძიებას. სანაცვლოდ მისი, როგორც ბრენდის, სახელი პიარდება და კარგ ასოციაციას იწვევს მომხმარებელში.

ასევე მიღებულია, როდესაც კომპანია აწყობს საკუთარ ღონისძიებებს, მაგალითად, პროდუქციის გამოფენას. ძირითადად ამგვარ საღამოებს აშუქებენ ჟურნალ-გაზეთები ან ტელევიზია.

მარკეტინგის მენეჯერებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ყველა ამ განსხვავებული ხარჯის სწორი მართვა და მენეჯმენტია, ამასთან ერთად მათი მთავარი მიზანი კომპანიის ცნობადობის გაზრდა და ამით მომხმარებლის მოზიდვაა.

მარკეტინგული ხარჯები ბევრ რამეს მოიცავს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მათი მართვა და კონტროლი ძალიან შრომატევადია და ბიუჯეტის დაგეგმვის დროს რთულია ახსნა, თუ რატომ ითხოვს მარკეტინგის გუნდი ამხელა ფულად რესურსებს. ხარჯების წყაროები განსხვავებულია, თუმცა ძირითადად ერთ მიზანს – კომპანიის ცნობადობის გაზრდას ემსახურება, რაც შემდეგში თავისთავად კლიენტების რაოდენობის გაზრდას გამოიწვევს. ამიტომ, იქნებ არც ღირს მარკეტინგზე ფულის დაზოგვა?

გააზიარე