ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.
უკანასკნელი თავისუფლება
La muerte me esta mirando…[1]
Federico García Lorca
მიმდინარე წელს, დეკემბერში სრულდება სამხრეთ პოლუსის მიღწევის 110 წლისთავი. ეს პატივი ერგო ე.წ. ანტარქტიდის გმირული კვლევის პერიოდის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურას, სახელგანთქმულ ნორვეგიელ მკვლევარსა და მოგზაურს, რუალ ენგელბრეგტ გრავნინგ ამუნდსენს და მის ოთხკაციან ჯგუფს. თუმცა წინამდებარე ბლოგში ვილაპარაკებ იმ საბედისწერო ექსპედიციაზე, რომელიც ამუნდსენის ჯგუფის პარალელურად მიიწევდა სამხრეთ პოლუსისკენ. ამ ექსპედიციამ ამუნდსენის შემდეგ მალე მიაღწია სამხრეთ პოლუსს და ჯგუფის ყველა წევრი უკანა გზაზე დაიღუპა. ეს არის ლეგენდარული კაპიტნის, რობერტ ფალკონ სკოტის ინგლისური ექსპედიციის ისტორია და ამბავი მათ შეუდრეკელ სულზე. ეს მოგზაურობა მეორენაირად ცნობილია როგორც Terra Nova-ს ექსპედიცია (Terra Nova ერქვა გემს, რომელმაც ჯგუფი ანტარქტიდამდე მიიყვანა და სანაპიროსთან ელოდებოდა). აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ვეცდები პარალელი (უფრო მართებულად კი, ანტიპარალელი) გავავლო იმდროინდელ და დღევანდელ წარმოდგენაზე გმირობის და ლიდერობის შესახებ.
მინდა სახელებით ჩამოვთვალო სკოტის ექსპედიციის ყველა წევრი, რადგან ვფიქრობ, რომ ისინი კიდევ ერთხელ და მრავალჯერ იმსახურებენ გახსენებას: დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ლეიტენანტი ჰენრი რობერტსონ ბოუერსი, დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის უმცროსი ოფიცერი ედგარ ევანსი, დიდი ბრიტანეთის არმიის კაპიტანი ლოურენს ედუარდ გრეის ოუტსი და ექიმი ედუარდ ადრიან უილსონი.
არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ დაიღუპა სკოტის ჯგუფი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იყო ნელი და დამღლელი გადაადგილება, რაც ძრავიანი ტრანსპორტის გამოყენებამ გამოიწვია, რომელიც ყინვაში მალე გამოვიდა მწყობრიდან. გამწევ ძალად ჰყავდათ პონიები, რომელთაც ძალიან გაუჭირდათ ანტარქტიდის ექსტრემალურ პირობებში ყოფნა. შედარებისთვის, ამუნდსენის ექსპედიცია გამწევ ძალად იყენებდა ძაღლებს, რომელთაც გზაში, ტვირთის შემსუბუქებასთან ერთად კლავდნენ და ჭამდნენ. პრობლემა იყო საკვებში C ვიტამინის მკვეთრი ნაკლებობა, რაც იწვევს ავადმყოფობას, სახელად სურავანდს. სურავანდის დროს იწყება სახსრების ტკივილი, კბილების მორყევა, სისხლდენა ღრძილებიდან, ადამიანს აქვს საერთო სისუსტე და ადვილად იღლება. უმთავრესი მიზეზი კი ანტარქტიდისთვისაც კი უჩვეულოდ მკაცრი ამინდი იყო. ძლიერ ყინვასა და ქარიშხალთან ბრძოლა სურავანდით დაავადებული მკვლევრებისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. ედგარ ევანსი პირველი დაიღუპა. შემდეგ მოკვდა კაპიტანი ლოურენს ოუტსი. სინამდვილეში კი ოუტსმა თავი მოიკლა: მას მოეყინა ფეხის თითები, ძლივს დადიოდა და აფერხებდა თანამგზავრების სვლას. მიუხედავად მისი არაერთი თხოვნისა, ექსპედიციის ხელმძღვანელმა კაპიტანმა სკოტმა გადაჭრით უთხრა უარი გზაში დატოვებაზე. იმ ღამეს ოუტსი კარავში თანამგზავრებს ეუბნება ისეთ წინადადებას, რომელსაც თვით სტოიკოსი ფილოსოფოსი, რომის იმპერატორი მარკუს ავრელიუს ანტონინუსი მოუხრიდა ქედს: “I am just going outside and may be some time.” (მე, უბრალოდ გარეთ გავდივარ და ცოტა შემაგვიანდება). სკოტი და მისი თანამგზავრები მშვენივრად მიხვდნენ, რომ ოუტსი გარეთ გადიოდა იმისთვის, რომ მომკვდარიყო და არ შეეფერხებინა გატანჯული და გადაღლილი მეგობრები. სკოტმა და სხვებმა სცადეს მისი გადარწმუნება და უარის შემდეგ, დასუსტებულებმა ვერც ძალით გააჩერეს. ოუტსმა კარვიდან მინუს 50 გრადუსში და ქარბუქში, გარდაუვალი სიკვდილის შესახვედრად გააბიჯა. იმ ღამეს სკოტი ჩაწერს თავის დღიურში: „ეს იყო უშიშარი კაცის და ნამდვილი ინგლისელი ჯენტლმენის საქციელი“. რამდენიმე დღის შემდეგ სკოტი და მისი დარჩენილი ორი თანამგზავრიც დაიღუპებიან. ოკეანის სანაპირომდე მისასვლელად მათ რჩებოდათ მხოლოდ 18 კმ. რობერტ სკოტი და მისი თანამგზავრები, კაპიტან ოუტსის გარდა, რამდენიმე თვის შემდეგ აღმოაჩინა საძებნელად გამოსულმა მეორე ბრიტანულმა ექსპედიციამ. დაღუპულების კარავში იპოვეს ანტარქტიდაში პირველად აღმოჩენილი ხის ნამარხი. ეს ადასტურებდა იმ ჰიპოთეზას, რომლის თანახმადაც, ანტარქტიდაში ოდესღაც თბილოდა და იგი უკავშირდებოდა სხვა კონტინენტებს. ნამარხი იწონიდა 9 კგ-ს და გამოფიტული ადამიანებისთვის იგი ძალიან დამღლელ სიმძიმეს წარმოადგენდა. მათ იცოდნენ, რომ ეს ნამარხი მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი ნიმუში იყო და არ გადააგდეს, სიცოცხლის ბოლო წუთამდე ათრიეს თავის მხრებზე ეს ტვირთი. სკოტის ექსპედიციის წევრები დღემდე განისვენებენ ანტარქტიდაში, როსის შელფურ მყინვარზე. ჯგუფის უკანა, ფატალური გზის შესახებ დაწვრილებით ცნობილი გახდა სკოტის დღიურიდან, რომელსაც იგი სიცოცხლის ბოლომდე ავსებდა. ექსპედიციის აგონიის ყოველდღიური აღწერის გარდა, უკვე მომაკვდავმა სკოტმა დღიურში ჩაწერა გამოსამშვიდებელი წერილები ოჯახის, მეგობრების, თანამოაზრეებისა და დიდი ბრიტანეთის საზოგადოების მიმართ. რობერტ სკოტი თავისი ექსპედიციის წევრებთან ერთად თანაბრად იყოფდა გასაჭირს. როგორც ჯგუფის უფროსს, მას არასდროს უსარგებლია არანაირი პრივილეგიით. სკოტი და მისი ექსპედიცია დიდ ბრიტანეთში და მსოფლიოშიც უმალ გადაიქცა გმირობისა და გამბედაობის სიმბოლოდ, აღიმართა მემორიალური ქანდაკებები და დაფები, კემბრიჯის უნივერსიტეტმა დააარსა პოლარული კვლევის სკოტის სახელობის ინსტიტუტი. ნიშანდობლივია, რომ ინგლისში, უორვიკშირის საგრაფოში, წმ. პეტრეს ტაძარში გაკეთებულია ანტარქტიდის ექსპედიციის წევრების ფერადი ვიტრაჟები. როგორც ალბათ ვიცით, დასავლეთის ეკლესიებში ხშირად გამოხატავდნენ წმინდანებს თავისავე საფლავებთან ცოცხლად მდგომებს ან იმ იარაღით ხელში, რომლითაც წმინდანი აწამეს. ამ ვიტრაჟებზეც რობერტ ფალკონ სკოტი და მისი ექსპედიციის წევრები ცოცხლად დგანან იმ კარავთან, რომელიც მათ სამუდამო ყინულის საფლავად ექცათ. მეორე ვიტრაჟი კი მოგვითხრობს, თუ როგორ ტოვებს დასუსტებული ოუტსი კარავს და მიდის სიკვდილის შესახვედრად.
რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ამ ექსპედიციის ფატალური შედეგიდან, მეცნიერებისთვის საკუთარი სიცოცხლის სასწორზე შეგდებიდან (გავიხსენოთ მინუს 40 გრადუსში ხელით ნატარები, 9-კგ-იანი გაქვავებული ხის ნიმუში), კაპიტანი უოტსის თავგანწირვიდან და თვითონ სკოტის შეუპოვრობიდან, რომ სიცოცხლის ბოლო დღემდე ეწერა დღიური? მე მოკრძალებით გავიმეორებ იმას, რის შესახებაც თითქმის 19 საუკუნის წინ დაწერა მარკუს ავრელიუსმა კაცობრიობის ერთ-ერთ უნატიფეს წიგნში: „ფიქრები“ – ადამიანს შეგიძლია წაართვა ყველაფერი, მათ შორის იმედიც, მაგრამ ვერავინ და ვერაფერი ვერასდროს წაართმევს მას უკანასკნელ თავისუფლებას: აირჩიოს, თუ როგორ შეეგებოს იგი პრობლემებს, უბედურებას თუ სიკვდილს. მარტო იმის გამო, რომ ამას ამბობს სტოიკოსი ფილოსოფოსი, რომელსაც რომის იმპერატორის მეწამულშემოვლებული ტოგა აცვია – ეს ნათქვამი უკვე მძიმეწონიანია. მაგრამ კიდევ უფრო დასაფასებელი ხდება, როდესაც ჩვენ ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ, რომ მარკუს ავრელიუსი ცხოვრებაშიც ისე იქცეოდა, როგორც წერდა. ამავე აზრს მრავალი საუკუნის შემდეგ თავის წიგნში “Man’s Search for Meaning” (ადამიანის მიერ ცხოვრების აზრის ძიება) გაიმეორებს ავსტრიელი ფსიქიატრი და ფილოსოფოსი, ოსვენციმის საკონცენტრაციო და განადგურების ბანაკის ყოფილი პატიმარი, ვიქტორ ემილ ფრანკლი. ფრანკლმა ისიც თქვა, რომ ადამიანი აიტანს ტანჯვას, თუ იცის, რომ ეს ემსახურება მისთვის ძალიან მნიშვნელოვან მიზანს. ფრანკლს დაეჯერება, რადგან თუ ჯოჯოხეთი არსებობს დედამიწაზე, მას ოსვენციმი ჰქვია.
მაშ ასე, ჩვენ სკოტის ექსპედიიცით ვნახეთ, თუ რა არის გმირობა და ლიდერობა. რა ხდება ახლა? მხოლოდ ჩემი პირადი აზრია, რომ დღეს ხშირი ხმარებით და არასწორი ადრესატებით, ხდება ტერმინებისა და ემოციების გაუფასურება, მათი ინფლაცია. დღეს გმირებს უწოდებენ ადამიანებს, რომლებიც ვთქვათ, ზრუნავენ განათლების ხელმისაწვდომობაზე, ფინანსურად ეხმარებიან ღარიბებს, გამოდიან სხვადასხვა სახის კონკურსებში, მონაწილეობენ ტყეების განაშენიანებაში, უვლიან უსახლკარო ძაღლებს, ცდილობენ ტრადიციული ყველის რეცეპტის აღმოჩენა-შენარჩუნებას და ა.შ., შეგვიძლია კიდევ ბევრი საქმიანობა ჩამოვთვალოთ. ეს ყოველივე მართლაც დიდი და კეთილი საქმეებია, უდავოდ ცვლის ქვეყანას თუ მსოფლიოს უკეთესობისკენ, მაგრამ სად არის აქ გმირობა? სასწორის მეორე პინაზე დევს ჯანმრთელობა ან სიცოცხლე? მე არ ვამბობ იმას, რომ მაინცდამაინც ყუმბარაჩახუტებულები შევუვარდებით თუ არა ტანკს. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად იმავე საქმეებს შევეჭიდებოდით? თუ პასუხი დადებითია, მაშინ კი, ეს გმირობაა.
რაც შეეხება ლიდერობას: ჩვენ სკოტის მაგალითზე ვნახეთ, თუ რა არის ლიდერობა. დღეს, სადაც არ უნდა გაიხედო, თითქმის ყველგან და თითქმის ყველა „ლიდერია“. ასეთ შემთხვევას ალბათ კარგად მიესადაგება ამერიკული გამოთქმა: Too many chiefs and not enough Indians (ძალიან ბევრი ბელადი და ცოტა ინდიელი).
ამ ბლოგით გავიხსენეთ ის გაუტეხელი სული, რომელმაც სიცოცხლისათვის ყველაზე მტრულ გარემოში 110 წლის წინ გაიბრწყინა. ნამდვილ გმირობას ხანდაზმულობის ვადა არა აქვს.
[1] მე სიკვდილი პირდაპირ მიყურებს…
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მაისი 10, 2023
- on აპრილი 13, 2023
- on მარტი 29, 2023
- on მარტი 15, 2023
- on მარტი 2, 2023
- on თებერვალი 15, 2023
- on თებერვალი 1, 2023
- on იანვარი 11, 2023