"მიმოვიხილავ ეკონომიკურ საკითხებს, კერძოდ კი - საყოველთაო საბაზისო შემოსავალს. ვარ IE University-ს პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრი."
უპირობო შემოსავალი დედობისა და მამობის კვალდაკვალ
თავისთავად ცხადია, რომ საყოველთაო საბაზისო შემოსავალი სოციალური პოლიტიკის ხეზე ამოზრდილი ახალი ხილია. აი, ასეთი ვითარება წარმოიდგინეთ: გარკვეული პერიოდულობით, სახელმწიფო მის თითოეულ მოქალაქეს ნაღდ ფულს ურიგებს, თან ყველანაირი წინაპირობის, მოთხოვნის, შეზღუდვისა თუ სანქციის გარეშე. ბოლო პუნქტი – ნაღდი ფულის გაცემა პირობების წამოუყენებლად – განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ყველაზე მეტი ტალახი ოპონენტებისგან სწორედ მას ხვდება. როგორც წესი, საყოველთაო საბაზისო შემოსავლის მიმღებებს მუშაობა სულაც არ მოეთხოვებათ, სახელმწიფო დახმარებას ისინი ისედაც იღებენ.
„შრომა უპირველეს ყოვლისა“ არის პრინციპი, რომელზეც ტრადიციული სოციალური პოლიტიკა ამოიზარდა – სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფო შემწეობა ეკუთვნით იმათ, ვისაც მუშაობა ნამდვილად არ შეუძლია და იმათაც, ვინც სამსახურს ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს. ამგვარი აზროვნება ჩამოაყალიბა შეხედულებამ, რომ მუშაობა, საკუთარი არსით, ადამიანურ და საზოგადოებრივ სიკეთეთაგან ერთ-ერთია,[1] ხოლო სახელი მოუხვეჭა იუდეურ-ქრისტიანულმა ფილოსოფიამ, რომლის თანახმად, ვისაც შრომა არ სურს, არც ჭამა უნდა შეეძლოს.[2] ასეთი მიდგომა ბრუტალურადაც კი შეგვიძლია მოგვეჩვენოს: გაერთიანებულ სამეფოში, მაგალითად, სახელმწიფო შემწეობის დაკარგავ, თუ ერთ კვირას სამსახურის ძებნის გარეშე გაატარებ; თუ გასაუბრებას გააცდენ ან დაიგვიანებ; და თუ შემოთავაზებულ სამსახურზე უარს იტყვი.[3]
სახელმწიფო შემწეობის ტიპური პირობითი სისტემა შემდეგნაირად ფუნქციონირებს: პირველი – სხვადასხვა ტიპის ოჯახისა თუ შინამეურნეობისთვის სახელმწიფო შემოსავლის გარკვეულ ზღვარს აწესებს; მეორე – ითვლება თითოეული შინამეურნეობის შემოსავალი; და მესამე – ითვლება მეორესა და პირველს შორის სხვაობა, რომელიც ოჯახებს შემწეობის სახით გადაეცემათ.[4] გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო შემწეობა გადასახადებით ფინანსდება, საჯარო მოხელეებს სურთ, ეს თანხა მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენონ. ეს თანხა არაღარიბ ადამიანებზე რომ არ დაიხარჯოს, პოტენციურ შემწეობას ამ ადამიანის შრომით მიღებული თანხა აკლდება, ანუ ხელფასი.[5] ეს კი, თავისი არსით, 100%-იან ზღვრულ გადასახადს ნიშნავს და ადამიანებს უმუშევრობის (ან სიღარიბის) ხაფანგში იტყუებს. აი, რას წერს ფრანგი ეკონომისტი ტომას პიკეტი: „თუკი რამდენიმეთვიანი სამუშაო მისი დასრულებისთანავე მინიმალური შემოსავლის სქემიდან დიდი ხნით ამომაგდებს, ასეთ რისკზე რაღატომ წავიდე?“.[6]
ისე კი, უმუშევრობის ხაფანგის გარდა, ასეთი სოციალური პოლიტიკა ადამიანს დასაქმების ხაფანგშიც იტყუებს. სცენარი ასეთია: ყოვლისმომცველი და უძლეველი დამსაქმებლები ღარიბ ადამიანებს ყოვლად შეუფერებელ სამუშაოს სთავაზობენ და თან, საშინლად მცირე ხელფასს უხდიან.[7] სახელმწიფო შემწეობის უპირობო სისტემას ამ მდგომარეობის გამოსწორება შეუძლია, რადგან ამ დახმარების მიმღებებს უარის თქმა გაუმარტივდებათ. შემოთავაზებულ სამსახურზე უარის ხშირად მიღება დამსაქმებლებს სამუშაო პროცესების ავტომატიზაციისაკენ უბიძგებს, ხოლო ის სამსახურები, რომელთა ავტომატიზაცია შეუძლებელია, ფინანსურად უფრო საინტერესო და მორალურად უფრო მისაღები გახდება, რამაც შეიძლება საშუალო ხელფასიც გაზარდოს.[8] მედალს მეორე მხარეც აქვს: შეუფერებელ სამსახურზე უარის თქმის გარდა, ადამიანებს შეეძლებათ იმ საქმეს მიუძღვნან საკუთარი ცხოვრება, რომელსაც საბაზრო ღირებულება არ აქვს, ან რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს – საუბარია დედობასა და მამობაზე, ხელოვნების ნებისმიერ დარგზე, სოციალურ აქტივობაზე, მოვლასა თუ მოხალისეობაზე.
მოდი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მიმოვიხილოთ: საყოველთაო საბაზისო შემოსავლის მოწინააღმდეგენი ხშირად ამბობენ, რომ ამ სისტემის შემოღება უმუშევრობას გამოიწვევს, რადგან, თურმე, ფული ყველას უნდა, მაგრამ მუშაობა – არავის. დასკვნებისთვის სამეცნიერო ნაშრომები მიმოვიხილოთ. ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორმა ფრანჩესკა ბასტალიმ ალასკასა და ირანში შემოღებული საყოველთაო საბაზისო შემოსავლის სისტემები შეისწავლა და დაასკვნა, რომ სახელმწიფოსგან პერიოდულად მიღებულ შემოსავალს გავლენა არც სამუშაო ძალაში მონაწილეობაზე მოუხდენია და, არც – შრომის მიმართ ინტერესზე.[9] მეტიც, ჩიკაგოსა და პენსილვანიის უნივერსიტეტების მკვლევრების დაკვირვებით, უმუშევრობის დონე ალასკაში სრულ თანხვდენაში იყო უმუშევრობის დონესთან საკონტროლო შტატებში.[10] მსგავსი შედეგები გამოიღო „ალასკის მუდმივი ფონდის“ საქმიანობის ადრინდელმა კვლევამ,[11] ირანის საყოველთაო საბაზისო შემოსავლის პროგრამის ალტერნატიულმა კვლევამ[12] და 1960-80-იანი წლების ამერიკასა და კანადაში ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგების შესწავლამ.[13][14] 2015 წელს, აწ უკვე ნობელიატმა ეკონომისტმა აბჰიჯიტ ბანერჯიმ, კოლეგებთან ერთად, ნაღდი ფულის გადანაწილების ჩვიდმეტი სქემის შესახებ დაწერილი ოცდაერთი სამეცნიერო ნაშრომი შეისწავლა და ვერ მოიპოვა სისტემური მტკიცებულება, რომ ხალხისათვის ნაღდი ფულის დარიგება მათ სამსახურის მიმართ ინტერესს უკლავს.[15]
საბოლოო ჯამში, ამ მსჯელობას რამდენიმე დასკვნამდე მივყავართ: უპირობო საყოველთაო საბაზისო შემოსავლის შემოღებით ადამიანებს სიღარიბიდან ამოვიყვანთ და გავაძლიერებთ, რადგან მხოლოდ მათ იციან, როგორი სამსახური ესადაგება მათ პიროვნებას, მათ შესაძლებლობებსა და სისუსტეებს ყველაზე კარგად. ამას გარდა, ერთხელ და სამუდამოდ დავაფასებთ ბაზრის მიერ დაუფასებელ მძიმე შრომას – დედობას და მამობას, ხელოვნებასა და ადამიანობას.
წყაროები:
[1] Bidadanure, J. U. (2019, March 5). The Political Theory of Universal Basic Income. The Annual Review of Political Science, 22, 481-501. doi:https://doi.org/10.1146/annurev-polisci-050317-070954, (pg. 484).
[2] იდეა განვითარებულია აქ: Bregman, R. (2014). Utopia for Realists: The Case for a Universal Basic Income, Open Borders, and a 15-hour Workweek. (E. Manton, Trans.) New York: Little Brown and Company. ხოლო პირველადი წყარო: 2 თესალონიკელთა, 3:10
[3] იხ. პირველი წყარო.
[4] van Parijs, P. (2005). Basic Income: A Simple and Powerful Idea for the Twenty-first Century. In B. Ackerman, A. Alstott, & P. van Parijs, Redesigning Distribution: Basic Income and Stakeholder Grants as Cornerstones for an Egalitarian Capitalism (pp. 7-35). New York: Verso Books.
[5] van Parijs, P., & Vanderborght, Y. (2019). Basic Income: A Radical Proposal for a Free Society and a Sane Economy. Cambridge, Massachusetts: Harvard University Press.
[6] Piketty, T. (1999). Allocation compensatrice de revenu ou revenu universel. In R. Castel, R. Codino, M. Jalmain, & T. Piketty, Pour una réforme du RMI. La Fondation Saint-Simon.
[7] Jordan, B. (1973). Paupers: The Making of the New Claiming Class. London: Routledge & Kegan Paul.
[8] იხ. მეხუთე წყარო (გვ. 22).
[9] Bastagli, F. (2020). Universal Basic Income and Work. In U. Gentilini, M. Grosh, J. Rigolini, & R. Yemtsov, Exploring Universal Basic Income: A Guide to Navigating Concepts, Evidence, and Practices. Washington, DC: World Bank, (pg. 104).
[10] Damon, J., & Marinescu, I. (2018). The Labor Market Impacts of Universal and Permanent Cash Transfers: Evidence from the Alaska Permanent Fund. Cambridge, Massachusetts: National Bureau of Economic Research. Retrieved from https://www.nber.org/papers/w24312.pdf
[11] Goldsmith, O. S. (2010). The Economic and Social Impacts of the Permanent Fund Dividend on Alaska. In K. Widerquist, & M. Howard, Alaska’s Permanent Fund Dividend: Examining Its Suitability as a Model. New York: Palgrave Macmillan.
[12] Salehi-Isfahami, D., & Mostafi-Dehzooei, M. H. (2017). Cash Transfers and Labor Supply: Evidence from a Large-Scale Program in Iran. Giza, Egypt: Economic Research Forum. Retrieved from https://erf.org.eg/wp-content/uploads/2017/05/1090.pdf
[13] Burtless, G. (1986). The Work Response to a Guaranteed Income: A Survey of Experimental Evidence. Lessons from the Income Maintenance Experiments: Proceedings of a Conference Held in September 1986.
[14] Hum, D., & Simpson, W. (1993). Economic Response to a Guaranteed Annual Income: Experience from Canada and the United States. Journal of Labor Economics, 11(1), 263-296. Retrieved from https://home.cc.umanitoba.ca/~simpson/JOLE1993.pdf
[15] Banerjee, A., Hanna, R., Kreindler, G., & Olken, B. A. (2017). Debunking the Stereotype of the Lazy Welfare Recipient: Evidence from Cash Transfer Programs Worldwide. World Bank Research Observatory, 32, 155-184. Retrieved from https://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=2703447
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on დეკემბერი 2, 2022
- on აპრილი 21, 2022
- on აგვისტო 3, 2021
- on ივლისი 23, 2021
- on ივლისი 16, 2021
- on ივლისი 9, 2021
- on ივლისი 2, 2021
- on ივნისი 25, 2021