"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
ვიდრე ჩვენ მოვიგებდით....
სავსებით სამართლიანად საქართველოს ისტორიულ ტრიუმფად მოინათლა იტალიის დამარცხება რაგბიში. მადლობა და დიდება ჩვენს ბიჭებს!
თუმცა, ვიდრე ჩვენ მოვიგებდით:
იაპონიამ და, მე ვიტყოდი, მთელმა მსოფლიომ შოკი განიცადა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე, რომელიც ყველაზე დიდხანს მართავდა ამომავალი მზის ქვეყანას, დღისით-მზისით, მოკლეს. შეგახსენებთ, რომ შინძო აბე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საკუთარი სურვილით გადადგა. ის მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ ატარებდა კამპანიას, როდესაც თავს დაესხნენ. იაპონია ცნობილია თავისი უსაფრთხოებით, სტაბილურობით და იარაღის შეძენაზე განსაკუთრებული სიმკაცრით. ჯერ კიდევ არ იკვეთება მკაფიო სურათი, თუ რა გახდა ყოფილი პრემიერის მკვლელობის საბაბი, მაგრამ მკვლელი დაკავებულია და, იმედია, გამოძიება დაადგენს მკვლელობის მიზეზებს. ამ შოკის მომგვრელმა ამბავმა, ცხადია, დაჩრდილა, მაგრამ ვერ შეაფერხა მისი ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის დამაჯერებელი გამარჯვება იაპონიის პარლამენტის ზედა პალატის არჩევნებში. იაპონელი ლიბერალ-დემოკრატები ქვედა პალატაში ისედაც ფლობდნენ 2/3-ს, ახლა კი ზედა პალატაში მიღწეული წარმატებით პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ კიდევ უფრო მეტად გაიმყარა პოზიციები როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე საკუთარი პარტიის შიგნით. ახლა მისი დროა, მისი „ახალი კაპიტალიზმის“ დროა. იაპონიის ეკონომიკაში ახალი სიცოცხლის შთაბერვა ძალიან ხმამაღალი და ამბიციური განაცხადია. არ ვიცი, რამდენად წარმატებული იქნება კიშიდა „ახალი კაპიტალიზმის“ იდეის რეალიზებაში, მაგრამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან რომ იაპონიის პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა და მოლაპარაკების პრიორიტეტიდან აბსოლუტურად ხისტ პოზიციონირებაზე გადავიდა, ცხადია და, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ერთმა მაღალი რანგის დიპლომატმა ცოტა ხნის პირდაპირ განაცხადა, რომ იაპონიისთვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, არაპროვოცირებული და სრულიად გაუმართლებელი სრულმასშტაბიანი ომის წამოწყება წითელი ხაზის გადაკვეთა იყო. იაპონიის სანქციებმა, რუსეთის სავალუტო რეზერვების (115 მილიარდი დოლარის ოდენობის) გაყინვა, რუსული გაზის შესყიდვაზე უარის თქმა (მართალია მისი იმპორტირებული ბუნებრივი აირის მხოლოდ 4%-ს შეადგენდა რუსული გაზი, მაგრამ სერიოზული ჟესტი იყო ნამდვილად), რუსული ოქროს შესყიდვაზე უარის თქმა და კიდევ ბევრი სანქცირებული რუსი მაღალჩინოსნები, ოლიგარქები და მათი გაყინული სავალუტო ანგარიშები რუსეთისთვისაც წითელი ჩვარი იყო. პრემიერ-მინისტრ კიშიდას და კიდევ 60-ზე მეტ იაპონელ მაღალჩინოსანს აეკრძალათ რუსეთში შესვლა J. მართლა მაგრად იმასხარავებენ რუსები თავს. რაც მოგივა დავითაო J J.
ვიდრე ჩვენ მოვიგებდით:
არ მოეშვნენ საკუთარი თანაპარტიელები ჩვენთვის და განსაკუთრებით უკრაინელებისთვის სათაყვანებელ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს. „ბოჯო“ მიდის; პოლიტიკიდანაც მიდის, მაგრამ მანამდე ახალი პრემიერი უნდა აირჩიოს ნისლიანმა ალბიონმა. ბოლო ინფორმაციით, სავარაუდო კანდიდატების სია 9-მდე გაიზარდა. მათ შორის არიან ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, პაკისტანელი მუსლიმი ემიგრანტების შვილი საჯიდ ჯავიდი, ყოფილი საგარეო მინისტრი ჯერემი ჰანტი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი პენი მორდონტი და….. მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ თრასი. უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთთან მიმართებით გატარებული პოლიტიკის გამო, ცხადია, ლიზ თრასს საერთაშორისო არენაზე სერიოზული მხარდაჭერა აქვს. ის ასევე პოპულარულია საკუთარ, კონსერვატიულ პარტიაში. ამომრჩეველთა შორის გამოკითხვების მიხედვით ლიზ თრასი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. არავის ვერჩი პირადად სხვას, მაგრამ ცხადია, ყველაზე მეტად გამიხარდება, თუ სწორედ ლიზ თრასი გაიმარჯვებს პარტიის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლაში. ჩვენთვის კი გაუგებარია, მაგრამ დიდი ბრიტანეთი დემოკრატიის მართლაც რომ აკვანია – ამ ავადსახსენებელი „ლოქდაუნის“ დარღვევისთვის ჩვენთან არავინ დასჯილა, ბრიტანეთში კი გლობალური მასშტაბით პოპულარული პრემიერი ბორის ჯონსონი თანამდებობიდან მიდის. სადაც და როგორც არ უნდა გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა, „ბოჯო“ ნამდვილად ისტორიაში შევა, როგორც პოლიტიკოსი და ლიდერი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა უკრაინელებისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერასა და პოლიტიკური, სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის მობილიზებაში.
ვიდრე ჩვენ მოვიგებდით:
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ღია წერილი გამოაქვეყნა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კვირაში დაგეგმილ ვიზიტამდე. ის შეხვდება ისრაელის ახალ პრემიერ-მინისტრს იაირ ლაპიდს, სადაც დაუდასტურებს მას 4 მილიარდი დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილებას; ასევე განახლდება ფინანსური დახმარება 500 მილიონი დოლარის ოდენობით პალესტინისთვის, მაგრამ მთავარი ინტრიგა ამ ტურნეში იქნება პრეზიდენტ ბაიდენის იერუსალიმიდან პირდაპირ ქალაქ ჯედაში, საუდის არაბეთში გაფრენა და მემკვიდრე პრინცთან, ქვეყნის ფაქტობრივ მმართველთან მოჰამედ ბინ სალმანთან (მოკვდავებში მას ასევე შემოკლებულად მბს-ს უწოდებენ) შეხვედრა. უფლებადამცველებმა უკვე გააპროტესტეს აშშ-ს პრეზიდენტის შეხვედრა ადამიანთან, რომელმაც ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით პირადად გასცა ბრძანება კრიტიკოსი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის სტამბულში სადისტურად მკვლელობაზე. საუდის არაბეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს დიქტატორი პუტინისთვის ნავთობ-დოლარების არტერიების გადაკეტვაში. აშშ-ს ჭირდება სიმშვიდე, უსაფრთხოება და სტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში. აშშ-ს ჭირდება საუდის არაბეთი ჩინეთთან კონკურენციის კონტექსტში. ამდენად, რაც არ უნდა აკრიტიკონ პრეზიდენტი ბაიდენი, რაც არ უნდა ამტკიცოს მან საკუთარ წერილში, რომ ადამიანის უფლებები აუცილებლად იქნება საუდის არაბეთის ლიდერებთან შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები ნომერ პირველი პრიორიტეტი იქნება ყოველთვის.
ვიდრე ჩვენ მოვიგებდით:
სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემებმა ბოლოს და ბოლოს ასეულ ათასობით გამწარებული ადამიანი გამოიყვანა შრი-ლანკის დედაქალაქ კოლომბოში. პრეზიდენტი რაჯაპაკსა გაიქცა, პრემიერ მინისტრის რეზიდენცია გადამწვარია, შრი-ლანკა თავისუფალია J. მაისში ქვეყანამ დეფოლტი გამოაცხადა, უკიდურესად დამძიმდა სოციალურ-ეკონომიკური ფონი ქვეყანაში და აი შედეგიც. ასე ხდება, როდესაც ხალხის ხმა აღარ გესმის.
ამ ბლოგს მე მაინც ჩემი საყვარელი და ძვირფასი უკრაინით დავასრულებ. უკრაინის სამხრეთის დეოკუპაციის ბრძანება გაცემულია (ღმერთო, მალე დამაწერინე: ხერსონი, ბერდიანსკი, მელიტოპოლი და რაც მთავარია მარიუპოლი თავისუფალია). ამერიკულმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა „ჰაიმარსმა“ ჭეშმარიტად ამერიკული მასშტაბის გრუხუნით გვამცნო უკრაინაში მისი ჩაბრძანება. ყოველ დღე ოკუპანტებს ახალ-ახალი შტაბები, ბაზები და შეიარაღების საწყობები უფეთქდებათ ხერსონში, დონეცკში, ლუგანსკში და ასე შემდეგ. უადგილო ადგილას სიგარეტის ნამწვის დაგდების სტატისტიკით J მათ არც შიგ რუსეთში მოსაზღვრე ბელგოროდი ჩამორჩება.
ჩემთვის, ბევრი ჩვენგანისთვის უკრაინაში რუსეთის ომი ბოლომდე ნომერ პირველ თემად დარჩება, მაგრამ ეს მსოფლიო მოზაიკა შემთხვევით არ შემოგთავაზეთ დღევანდელ ბლოგში. მსოფლიოში სხვაგანაც ბევრი რამ მოხდა, ხდება და მოხდება. ასე რომ, არსებობს რისკი არათუ მსოფლიო ლიდერების გადადგომამ, მკვლელობამ, გაქცევამ ან ვიზიტებმა გადაფაროს უკრაინის ამბები, არამედ სრულიად ჩვენთვის უმნიშვნელო საკითხმა დაიპყროს მსოფლიოს ყურადღება. ამიტომაც, ჩვენ გვჭირდება მოგება და მხოლოდ მოგება; მოგება სწრაფად და დამაჯერებლად. და სწორედ ამიტომაც:
უკრაინას იარაღი, იარაღი, იარაღი ჩქარა!!!
#ArmUkraineNow
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023