"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
ვინ მოიგებს ვენაში - აშშ, ირანი, ისრაელი თუ დანარჩენი მსოფლიო?!
მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო გაფაციცებით ადევნებს თვალყურს, რა მოხდება უკრაინა-რუსეთის საზღვარზე; როგორ განვითარდება პროცესები ბელარუსი-ევროკავშირის საზღვრებზე; საით წავა აშშ-ჩინეთის ურთიერთობები – ესკალაციისა თუ დეესკალაციისკენ; რამდენად საშიშია ახალი, სამხრეთაფრიკული შტამი და ა.შ. დღეს ვენაში იწყება უმნიშვნელოვანესი, არაპირდაპირი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი (შეიძლება უკანასკნელიც) აშშ-სა და ირანს შორის. 2015 წლის ბირთვული შეთანხმების სხვა მონაწილეების შუამავლობით მხარეები სასურველი შედეგის მიღწევას შეეცდებიან, რომელიც, იმედია, დანარჩენი მსოფლიოსთვისაც მისაღები იქნება.
ცხადია, ყველას გვაღელვებს, ისევ გაისვრის თუ არა რუსეთი კონვენციურ იარაღს უკრაინაში; მოუტანს თუ არა წარმატებას ჰიბრიდული იარაღი რუსეთს და მასთან ერთად ბელარუსს ევროკავშირის წინააღმდეგ, მაგრამ მერწმუნეთ, შექმნის თუ არა ირანი ბირთვულ იარაღს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება უახლოეს წლებში რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისთვის. პრობლემა ისაა, რომ ძალიან მალე შეიძლება აღარ დადგეს საკითხი, შექმნის თუ ვერა ირანი ბირთვულ იარაღს, არამედ სულ უფრო ხმამაღლა ისმის შეკითხვა, როდის ექნება ირანს ატომური ბომბი. ისრაელის ხელისუფლება აფრთხილებს დანარჩენ მსოფლიოს, რომ ირანი სულ უფრო ახლოს არის იმ მდგომარეობასთან, როდესაც ბირთვული იარაღის შექმნა გარდაუვალი გახდება, რაც, თავის მხრივ, ისრაელს იძულებულს გახდის, ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელოს. ისრაელში ღიად საუბრობენ, რომ მათ ნამდვილად არ სწადიათ ომი ირანთან, მაგრამ იერუსალიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ დაუშვას ირანის ხელში ატომური იარაღის გაჩენა. ისრაელის ოფიციალური პირები ღიად ეუბნებიან თავის ყველაზე მთავარ მოკავშირეს – ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა მეგობრებს, რომ მათი ქვეყანა მზად არის, დამოუკიდებლად მიიტანოს შეტევა ირანის ბუნკერებში ჩამალულ ბირთვულ ობიექტებზე. აშშ-ის ადმინისტრაცია იმედს გამოთქვამს, რომ მაინც შესაძლებელი გახდება მოლაპარაკების მიღწევა, თუმცა ასევე ათვითცნობიერებს, რომ ყველა შესაძლო განვითარებისთვის მზად უნდა იყვნენ. ამის თაობაზე ბაჰრეინში ცოტა ხნის წინ გამართულ მაღალი რანგის კონფერენციაზე ღიად ისაუბრა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა.
ირანის საკითხებზე მომუშავე ექსპერტების ნაწილი მაინც არ კარგავს ოპტიმიზმს. მათი შეფასებით, რეალურად ირანს არ სურს ბირთვული იარაღის შექმნა, არამედ დაჩქარებული ტემპებით ურანის გამდიდრების პროგრამას მხოლოდ იმიტომ ახორციელებს, რომ მიიღოს დასავლეთისგან, კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებული შტატებისგან ძალიან კონკრეტული დათმობა. კერძოდ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გასული კვირის ბოლოს ღიად დააფიქსირა, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციების მოხსნა იქნებოდა რეალური შეთანხმების საფუძველი. მისივე თქმით, ვენაში არ იქნება საუბარი ბირთვულ საკითხებზე, არამედ მოლაპარაკებები შეეხება 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნებას. დონალდ ტრამპის სწორედ ამ შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებისა და ირანისთვის „მაქსიმალური წნეხის“ სტრატეგიის ფარგლებში უმკაცრესი ეკონომიკური სანქციების დაწესების შემდეგ ირანმა საგრძნობლად გაზარდა ურანის გამდიდრების ტემპები. მან უკვე საკმაო ხანია, დაარღვია 2015 წლის შეთანხმებით დადგენილი პარამეტრები. დღეს არსებული მდგომარეობით, ირანს უკვე აქვს 60%-იანი გამდიდრების 25 კგ და 20%-იანი გამდიდრების 210 კგ ურანი. ეს რაოდენობა ჯერ კიდევ საკმარისი არ არის ბირთვული იარაღის შესაქმნელად, მაგრამ, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი შიშობს, რომ შეთანხმების მიღწევა თუ დაგვიანდა, ირანმა შეიძლება ურანის გამდიდრების იმ დონეს მიაღწიოს, რომლის შემდეგაც აზრს დაკარგავს ყოველგვარი მოლაპარაკებები და პროცესების უკან შემობრუნება შეუძლებელი გახდება. აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას შექმნილ ვითარებაზე სრულად აკისრებს დონალდ ტრამპს, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად შეთანხმებაში დაბრუნების სურვილისა და ხმამაღლა გაცხადებული დაპირებისა, არც ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ მოხსნა ირანისთვის დაწესებული სანქციები.
აშშ-სა და ისრაელს შორის მიმდინარეობს როგორც ინტენსიური კონსულტაციები, ისე ერთობლივი სამხედრო წვრთნები. ცოტა ხნის წინ, პირველად რეგიონის ისტორიაში მრავალმხრივ წვრთნებში მონაწილეობდნენ ერთობლივად ისრაელის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინისა და ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო სამხედრო ძალები. ნიშანდობლივია, რომ ამ წვრთნების დამაგვირგვინებელ ფაზაზე ისრაელის ავიაგამანადგურებლები ესკორტირებას უწევდნენ ამერიკულ ბომბდამშენს, რომელსაც, სცენარის მიხედვით, უნდა გაენადგურებინა პოტენციური მოწინააღმდეგის ბუნკერში განლაგებული ობიექტები. მიუხედავად ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისრაელი დამოუკიდებელი მოქმედებისთვის სრულ მზადყოფნას აცხადებს. მისი განზრახვების სერიოზულობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ წელს კონკრეტულად ირანთან სამხედრო დაპირისპირების მზადებისთვის ისრაელმა ბიუჯეტში 1.5 მილიარდი დოლარი გამოყო. თუ ახლო წარსულს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ისრაელმა ამ დრომდე ორჯერ განახორციელა დამოუკიდებელი ოპერაცია ბირთვული რეაქტორის გასანადგურებლად. ეს იყო 1981 წელს ერაყისა და 2007 წელს სირიის წინააღმდეგ. მაშინ საპასუხო რეაქცია ძალიან სუსტი იყო, თუმცა ირანის შემთხვევაში პროცესები გაცილებით უფრო რთულად წარიმართება. ირანი საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გარდა, აუცილებლად აამოქმედებს რეგიონში მის მიერ დაფინანსებულ და მხარდაჭერილ ჰეზბოლას და სხვა რადიკალურ გასამხედროებულ დაჯგუფებებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ირანის მსხვილი მოკავშირე რუსეთიც, რომელიც ყოველთვის მზად არის, ასეთ ვითარებაში ცეცხლზე ნავთი დაასხას.
ირანს ძალიან კარგად აქვს გათვითცნობიერებული მის ხელში ატომური ბომბის გაჩენის ფასი დანარჩენი მსოფლიოსთვის. ამიტომაც ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოლაპარაკებების გადამწყვეტ ეტაპს მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს. კერძოდ, ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმებისა და ირანის „ატომური ბომბის მამის“, ფიზიკოს მოჰსენ ფაჰრიზადეს ლიკვიდაციის მიუხედავად, ირანმა ძალიან სწრაფად შეძლო მწყობრიდან გამოსული ცენტრიფუგების სანაცვლოდ ახალი, უფრო დიდი სიმძლავრის ცენტრიფუგების დამონტაჟება და ურანის გამდიდრების პროგრამის განახლება. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ვერ ხერხდება ირანის ბირთვულ ობიექტებზე საერთაშორისო კონტროლის აღდგენა. გასულ კვირას ვენაში განთავსებული საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის თეირანში ვიზიტიც უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის მზადყოფნის მიუხედავად, ირანულ მხარეს არ სურს მის მიერვე მწყობრიდან გამოყვანილი, ბირთვულ ობიექტებზე დამონტაჟებული მონიტორინგის მოწყობილობების აღდგენა და იქ საერთაშორისო ინსპექტორების დაშვება.
ხატოვნად რომ შევაჯამოთ, მსოფლიო ვენაში დანის პირზე დადის. შეიძლება ეს იყოს შეთანხმების მიღწევის ერთ-ერთი ბოლო შესაძლებლობა. . ჯერ კიდევ არსებობს შანსი შეთანხმებისთვის, რომელიც შესაძლოა არ აწყობდეს ისრაელს, შეიძლება არ იყოს იდეალური ყველა მხარისთვის, მაგრამ შეიძლება ეს იყოს გარკვეული შუალედური შეთანხმება, რომელიც გახდებოდა კარგი საფუძველი შემდგომი, უფრო გრძელვადიანი გადაწყვეტილებისთვის. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება და ვინ მოიგებს ვენაში: აშშ, ირანი, ისრაელი თუ მათთან ერთად დანარჩენი მსოფლიო.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023