"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ვინ რას ელოდება მადრიდში?

Forbes-WEB-22052305

ივნისის ბოლოს მადრიდში ნატო-ს სამიტი გაიმართება. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიამდე ეს უნდა ყოფილიყო ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის მიღების, უსაფრთხოების განმტკიცების ზომებზე შეთანხმებისა და კიდევ ერთი დეკლარაციის „გამოცხობის“ სამიტი. რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ვლადიმირ პუტინის მოთხოვნები ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი საოცარი სიზუსტით საპირისპიროდ შესრულდა. კერძოდ, დღეს ცენტრალურ ევროპაში განლაგებული ნატო-ს სამხედრო კონტინგენტი, ნატო-ს შეიარაღება ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში ისეთი მასშტაბებისაა, როგორიც არ ყოფილა ამ დრომდე; მადრიდის სამიტამდე კი კიდევ უფრო გაიზრდება. ნაცვლად იმისა, რომ რუსეთსა და ნატო-ს შორის საქმიანი დიალოგი დაწყებულიყო გლობალური უსაფრთხოების, პირველ რიგში კი ბირთვული უსაფრთხოების მიმართულებით, ახლა აქტიურად მიდის საუბარი იმის თაობაზე, რომ მადრიდში ნატო ღიად დაარქმევს რუსეთს თავის სახელს – უშუალო საფრთხეს; ნატო-ს სამიტზე არც იგეგმებოდა და არც კი განიხილებოდა ასპირანტი ქვეყნების – საქართველოსა და უკრაინის არათუ გაწევრება, არამედ მათთვის გაწევრების სამოქმედო გეგმის – მაპ-ის მინიჭება. ასევე არ განიხილებოდა ნატო-ს გაფართოება. რა მიიღო პუტინმა სანაცვლოდ? 1300-კილომეტრიან საზღვარზე კიდევ ერთი მომავალი ნატო-ს წევრი ნეიტრალური ფინეთი და კიდევ ერთი ჩრდილოევროპული  ქვეყანა, ასევე მაღალი ალბათობით ნატო-ს წევრი, აწ უკვე წარსულში ნეიტრალური ქვეყანა შვედეთი.

ვიდრე შვედეთი და ფინეთი ნატო-ში ოფიციალურად გაწევრდებიან, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაუდასტურეს შვედეთსა და ფინეთს, რომ ისინი უზრუნველყოფენ ამ ორი ქვეყნის უსაფრთხოებას. პრაქტიკულად, მათ განავრცეს ნატო-ს მე-5 მუხლი არაწევრ ქვეყანაზე. ჯერჯერობით არაწევრზე, იმიტომ რომ ჯერ ნატო-მ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ერთხმად და შემდეგ 30 ქვეყნის პარლამენტებმა უნდა გაუკეთონ რატიფიცირება შეთანხმებას ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრების შესახებ. ამ აუცილებელი ფორმალობების გავლას ვერ შეაფერხებს ხორვატიის პრეზიდენტის განცხადება, რომ ის ორი ბალტიური ქვეყნის ნატო-ში გაწევრების წინააღმდეგია (მას არა აქვს უფლებამოსილება ამ  გადაწყვეტილების მიღება/დაბლოკვის), მაგრამ სირთულე წარმოიშვა შავ ზღვაზე. თურქეთმა, როგორც იტყვიან, „გაჭედა“. აქვე ვიტყვი, რომ მაინც უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვიდრე პესიმისტურად. დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთი ბოლოს მაინც დათანხმდება ორი  ახალი, ძალიან ღირებული წევრის მიღებას ალიანსში. თუმცა თურქეთმა საკმაოდ შთამბეჭდავი მოთხოვნების ნუსხა წარმოადგინა. პირველ რიგში ეს ეხება სირიაში ქურთი მებრძოლებისადმი ფინეთისა და განსაკუთრებით შვედეთის დამოკიდებულებას. თურქეთი კატეგორიულად ითხოვს, რომ ქურთთა საბრძოლო შენაერთი შვედეთმა და ფინეთმა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს. აგრეთვე, შვედეთმა და ფინეთმა უნდა მოუხსნან თურქეთს დაწესებული ემბარგო იარაღის შესყიდვაზე. საუბარი არ არის რაიმე განსაკუთრებულ შეიარაღებაზე, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით ეს მაინც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნებოდა. ექსპერტთა შეფასებით, შეთანხმებასთან ყველაზე ახლოს შეიძლება სწორედ ეს საკითხი იდგეს.

გარდა ამისა, თურქეთს სურს, მოიხსნას აკრძალვა ამერიკული სუპერთანამედროვე თვითმფრინავების ფ-35-ების შესყიდვაზე და მათთვის გარკვეული ნაწილების თურქეთში წარმოებაზე; აგრეთვე, თურქეთს სურს მისი კუთვნილი ფ-16-ების მოდერნიზებისა და ჩანაცვლების პროგრამის აღდგენაც. ეს საკითხები ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის ორმხრივად მოსაგვარებელი. ვფიქრობ, რომ აშშ წავა გარკვეულ კომპრომისზე და შეძლებს ნატო-ს წევრი თურქეთის დარწმუნებას, დათანხმდეს შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრებას.

რაც შეეხება ფინეთის მეზობელ, აგრესორ რუსეთს, მისი საპასუხო გზავნილები საკმაოდ აბნეული და ურთიერთგამომრიცხავი აღმოჩნდა. რუსეთის პირველმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა ბრძანა, რომ ვერ ხედავს პრობლემას ორი ბალტიური ქვეყნის ნატო-ში გაწევრებაში, ვინაიდან ისინი (შვედეთი და ფინეთი) ისედაც დიდი ხანია, მონაწილეობენ ნატო-ს სამხედრო წვრთნებში (გეგონება, საქართველოს და უკრაინას არასდროს მიუღიათ ნატო-ს საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა 🙂). თუმცა მალევე გავრცელდა ოფიციალური მოსკოვის განცხადებაც, რომ ფინეთისა და შვედეთის გაწევრებაზე რუსეთს ექნებოდა სამხედრო პასუხი. ცხადია, რუსეთი ვერ გაბედავს ამ ორი ქვეყნის წინააღმდეგ იმის მსგავსი პროვოკაციის მოწყობასაც კი, როგორის წარუმატებელი მცდელობაც ჰქონდა მონტენეგროში. მით უმეტეს, საუბარი არც არის რაიმე სამხედრო აგრესიაზე მათ წინააღმდეგ. ერთადერთი, რაც შეძლო რუსეთმა, იყო გაზის მიწოდების შეწყვეტა და დამატებითი შეიარაღების გადასროლა რუსეთ-ფინეთის საზღვარზე. ამ ორივე ნაბიჯსაც უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს, ვიდრე რაიმე რეალური ზიანის მიყენება და საფრთხის შექმნა შეუძლია რუსეთს. ფინეთი რუსეთისგან ბუნებრივი აირის საერთო მოხმარების მხოლოდ 5%-ს იღებდა, ხოლო სამხედრო თვალსაზრისით რუსეთის „მსოფლიოში მეორე არმიას“ რაც შეუძლია, ეს ყველაზე კარგად უკრაინაში გამოჩნდა.

მადრიდის სამიტამდე თითქოს არცთუ ისე ბევრი დრო დარჩა, ერთ თვეზე ოდნავ მეტი, მაგრამ ამ პერიოდში უკრაინაში საომარი ვითარება შეიძლება საგრძნობლად შეიცვალოს. ავტორიტეტული სამხედრო ექსპერტების შეფასებით – ცალსახად უკრაინის სასარგებლოდ. შესაბამისად, ნატო-ს სამიტზე აუცილებლად იქნება მსჯელობა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევაზე, მაგრამ რა ტიპის იქნება ეს დახმარება, მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული იმ დროისთვის უკრაინაში არსებული ვითარებაზე.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის ლიზ თრასის განცხადების თანახმად, ნატო-ს ქვეყნებისგან შეიარაღება უნდა მიიღოს არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ… მოლდოვამაც. შეგახსენებთ, რომ მოლდოვას არა აქვს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების გეგმები (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა 🙂), მაგრამ ჰყავს დნესტრისპირეთში რუსეთის მე-14 არმია, რომლის გაყვანაც სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად მოითხოვა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ. უკანასკნელი კვირების განმავლობაში დნესტრისპირეთში რამდენჯერმე შეიქმნა დაძაბული ვითარება, რამაც რეალური გახადა საუბრები იმაზე, რომ რუსეთი მოლდოვასაც შეუქმნის სამხედრო საფრთხეს და სამხედრო კონფლიქტში მის ჩათრევას შეეცდება. შეგახსენებთ, რომ ამ კონტექსტში მოლდოვასთან ერთად საქართველოც მოიხსენიებოდა.

ცხადია, ნატო-ს სამიტს ყოველთვის დიდი ინტერესით ელოდებიან საქართველოშიც. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მე პირადად რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი მადრიდის სამიტისგან კონკრეტულად საქართველოსთვის ნამდვილად არ მაქვს. ამისთვის არც ნატო-ს ეცალა, არც საქართველოს ხელისუფლებას მოუკლავს თავი მუშაობით და არც ქვეყანაშია დემოკრატიის ისეთი სტანდარტი, რომელიც ნატო-ს წევრობას შეესაბამება. მაღალი ალბათობით, ალიანსის წევრები კვლავ დაადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულებას, აგრეთვე იქნება საუბარი შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კონტექსტში საქართველოსთვის დახმარების გაწევაზე. გულწრფელად გამიხარდება, თუ ნატო-ს წევრი ქვეყნები საქართველოსთვის სამხედრო დახმარების მოწოდებაზეც იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ. ცხადია, უკრაინაში წარუმატებლობისა თუ რაიმე წარმატების მიღწევის შემთხვევაში რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე. შესაბამისად, ამ საფრთხეს სწორი გაანალიზება და შესაბამისი მზადყოფნა სჭირდება. გრიგორი კარასინის სიტყვები ცხინვალის რეჟიმის მიერ 17 ივლისს დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან „უბრალოების“ შესახებ სიმშვიდის არავითარ საფუძველს არ იძლევა. თუ მოსკოვს ცრემლების არ სჯერა, ჩვენ და მთელ მსოფლიოს მოსკოვის არ გვჯერა.

გააზიარე