"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"
ვის რად უნდა 3+3?!
გასულ კვირას ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა რეგიონული ტურნე ჩაატარა. ის ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანს, რუსეთს, სომხეთს, საქართველოს და ბოლოს თურქეთს.
ყარაბაღის მეორე ომმა ბევრი რამ შეცვალა რეგიონში. ახალი რეალობა დადგა კავკასიაში. თურქეთი სამხრეთ კავკასიაში მძლავრად დაბრუნდა. აზერბაიჯანს პოლიტიკურადაც დაუჭირა მხარი და სხვადასხვა საშუალებებითაც. დიდწილად, სწორედ თურქეთის მხარდაჭერამ და (როგორც ჩანს, წინასწარ შეთანხმებულმა) რუსეთის პასიურობამ განაპირობა, რომ აზერბაიჯანმა 7 რაიონსა და ყარაბაღის ნაწილზე საკუთარი კონტროლი 30 წლის შემდეგ აღადგინა. ეს იყო სომხეთის მძიმე მარცხი და აზერბაიჯანის უდაო გამარჯვება. არ დარჩენილა უკმაყოფილო არც რუსეთი, რომელმაც ახალი ბაზა გახსნა რეგიონში და არც თურქეთი, რომელმაც რუსეთთან ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის გახსნით, რეგიონში თავისი დროშაც ჩაარჭო.
გასული წლის ბოლოს საზეიმო აღლუმზე ჩასულმა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან განიხილა და შემდგომ გაახმიანა რეგიონული თანამაშრომლობის ახალი ფორმატის შესახებ ინიციატივა 3+3, ანუ თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ირანი და რუსეთი. ამ ვიზიტის დროს ერთი დიპ.სკანდალიც კინაღამ აგორდა პრეზიდენტ ერდოღანის მიერ წარმოთქმული ლექსის გამო, მაგრამ საბოლოო ჯამში ირანის სულიერმა ლიდერმა სიტუაცია დაამშვიდა. აღმოსავლეთია ბატონებო, აღმოსავლეთი…
ზუსტად 1 თვეში უკვე მოსკოვში შეიკრიბნენ რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები. ერთმა გონიერმა და მახვილი თვალის მქონე ქართველმა კოლეგამ ისიც კი თქვა, განლაგების შემხედვარე ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა, მეოთხესთვისაც იყო ადგილი სამომავლოდ მოაზრებულიო. ეგ იქით იყოს, მაგრამ სომხეთის პრემიერ-მინისტრი შეხვედრაზეც და ერთობლივ პრესკონფერენციაზეც ადამიანურად სრულ თანაგრძნობას იწვევდა.
რას შვება ამ დროს ირანი? მის მეზობლად გახურებული შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობდა და ოფიციალური თეირანი ცეცხლის შეწყვეტის და დიალოგისკენ მოწოდებით იფარგლებოდა. გასაგებია, რომ მას ჰყავს ჩრდილოეთში 10 მილიონი ეთნიკური აზერბაიჯანელი და ასევე ჰყავს სომხური დიასპორაც, რომელიც გაცილები მომცრო ზომისაა, თუმცა მის აზრს ამ დრომდე სულ ითვალისწინებდნენ. თუმცა, ვითარება შეიცვალა. უკვე ომის მიწურულს თეირანში გაკეთდა განცხადებები, რომ ტერიტორიები მის სამართლებრივ მესაკუთრეს უნდა დაუბრუნდეს, ცეცხლი კი უნდა შეწყდეს.
ჩემი დიპლომატიური გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ ბაქოში, პრეზიდენტ ერდოღანის მიერ გაცხადებული ახალი ინიციატივა, მაღალი ალბათობით იქნებოდა მოთელილი დიპლომატიური არხებით ადრესატი ქვეყნების დედაქალაქებში. მაინც არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩემს კოლეგა დიპლომატებთან შეთანხმებით გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება, რომლითაც “კავკასიურ ინიციატივას“ მიესალმა, მაგრამ არც ისეთი გულუბრყვილოები უნდა ვიყოთ, რომ ვიფიქროთ, არ ჰქონდა სხვა საქმე არაფერი, გამოვიდა და განცხადება გაახმიანაო.
მაშინვე მოყვა მყისიერი რეაგირება ჩვენი ექსპერტული საზოგადოებიდან და ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან, ცხადია უაღრესად ნეგატიური. თუმცა, გზავნილი ადრესატებამდე უკვე მისული იყო. ამის დასტურად, განცხადებიდან სულ რაღაც ერთ-თვეში, პარალმენტში შევა-არშევას მარჩიელობის ფონზე ვიგებთ, რომ ჩვენთან სტუმრად მოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი ვიზიტების მარშრუტიდან იმთავითვე ცხადი გახდა, რომ მთავარი თემა 3+3 ფორმატი იქნებოდა.
ბუნებრივია, თბილისში ჩამოსვლამდე ბაქოშიც, მოსკოვშიც და ერევანშიც ამ ახალი ფორმატის გარდა, სხვა თემებიც იყო განხილული. მოსკოვში, ცხადია, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ბირთვულ შეთანხმებასთან მიერთების თაობაზე, აგრეთვე განიხილეს ვითარება სირიაში, ერაყში და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში. ბაქოსა და ერევანში გზავნილების ტონალობა და ტექსტები განსხვავებული იყო, მაგრამ თემა ერთი იყო: პოსტ-ყარაბაღის ვითარება, შესაძლებლობები და გამოწვევები.
შემდეგ იყო თბილისი. სხვა დრო და სხვა ვითარება, უფრო პირდაპირ რომ ვთქვათ, სხვა თემა რომ ყოფილიყო დღის წესრიგში, გაშუქებაც სხვა იქნებოდა და ოფიციოზის აქტივობაც (არავინ მითხრას ეხლა, რომ ჯავად ზარიფის პირდაპირ მასპინძელს, ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, კოვიდი აქვს და იმიტომ იყო ნაკლები ყურადღებაო J (თავად მინისტრს, ცხადია, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ).
In Tblisi, met with President @Zourabichvili_S and PM @GakhariaGiorgi and held phone talk with self-quarantined FM @DZalkaliani.
Excellent discussions on expanding perennial bilateral ties & regional cooperation—especially a transit corridor connecting Black Sea to Persian Gulf. pic.twitter.com/hFTa9vDDeE
— Javad Zarif (@JZarif) January 28, 2021
მედიიდან შევიტყვეთ, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და ტელეფონით ესაუბრა თავის კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრს. თავად ჯავად ზარიფმა უფრო მეტი დაწერა თავის ტვიტ-ანგარიშზე, ვიდრე მთელმა ქართულმა ოფიციოზმა ერთად აღებული. ტვიტ-ანგარიშებს ვინ ჩივის, ქართულ ოფიციალურ საიტებზეც კი, თუ არ ჩავთვლით პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე სტანდარტულ წინადადებას, ვიზიტის შესახებ ინფორმაცია იყო ზუსტად ნული.
მხოლოდ ანკარაში ვიზიტის შედეგად შევიტყვეთ თურქეთის ოფიციოზისგან, რომ ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც ძალიან დიდი ინტერესით შეხვდნენ ახალ 3+3 ფორმატში თანამშრომლობის ინიციატივას.
ისმის ლოგიკური შეკითხვა: რატომ ასეთი მწირი გაშუქება რეგიონის მნიშვნელოვანი ქვეყნის პირველი დიპლომატის ვიზიტს, როდესაც თავად ბატონი ზარიფი თავის ტვიტში წერს: “ბრწყინვალე დისკუსიები მრავალწლოვანი ორმხრივი კავშირების გაფართოებასა და რეგიონულ თანამშრომლობაზე – განსაკუთრებით სატრანზიტო კორიდორთან დაკავშირებით, რომელიც აკავშირებს შავ ზღვასა და სპარსეთის ყურეს“!
ვიღაცა გუგულის ბუდეს გადაუფრეეენს! კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ მიმაჩნია ასეთ გულუბრყვილოებად საქართველოს მთავრობაში ხალხი, რომ რამეს “ხლართავდნენ“ და მინიმალური გაშუქებით ჩქმალავდნენ. აგრეთვე, არც ის მგონია, რომ დილა-ღამეს მამაო ჩვენოსავით “აშშ, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია“-ს გაიძახდნენ და მათ ზურგსუკან ახალ ფორმატში მიისწრაფვოდნენ. არა არს დაფარულ…
დეტალებში იმალება ეშმაკიო, ერთ დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა, რუს კოლეგასთან საუბრის დროს განაცხადა, მაგრამ დეტალებსაც, რომ თავი დავანებოთ, ვის რად უნდა 3+3?! სომხეთის მძიმე მდგომარეობა გასაგებია, შეიძლება სხვა გზა არც აქვს. აზერბაიჯანი მშვენივრად იგრძნობს თავს ამ ფორმატში – თან გამარჯვებული ქვეყანაა, თან კასპიური, თან ნავთობით მდიდარი, თანაც თურქი ძმებით მხარდაჭერილი. რუსეთი და ირანის ამბავიც გასაგებია – ახალი შესაძლებლობები, ახალი გავლენები და რაც მთავარია ახალი ანტი-ამერიკული ფორმატი – რატომაც არა? თანაც რუსეთს ჟენევის ფორმატიდან თავის დაძვრენაც თუ შეეძლება და საქართველოს “გამოყოლიებაც“ – იდეალურ! ჰოდა ამ ყველაფრის ფონზე, რა კონკრეტული სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს იმ ფორმატში თანამშრომლობამ, სადაც ოკუპანტი რუსეთია, თანაც ნამდვილად არა უკანასკნელ როლებზე; იქ სადაც ირანია, ვისთანაც კიდევ კარგა ხანს ჩვენს მართლაც რომ სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ექნება ნორმალური ურთიერთობები?
თუ ამ ფორმატში თანამშრომლობისკენ “მოჩვენებითი“ სწრაფვაა იმისათვის, რომ აშშ-სგან უფრო მეტი ყურადღება მიიღოთ – სცადეთ, მაგრამ თქვენი წინამორბედი ამას უფრო ოსტატურად აკეთებდა და იმასაც არაფერი გამოსდიოდა და თქვენ რისი იმედი გაქვთ?
ჩემი რჩევა იქნება, სანამ დროა, გაეცალეთ ბატონებო! არგუმენტიც მყარი და ძლიერია – ერთ ფორმატში ოკუპანტ რუსეთთან ჩვენი თანამშრომლობა წარმოუდგენელია. #წერტილი
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 5, 2023
- on მაისი 22, 2023
- on მაისი 9, 2023
- on აპრილი 18, 2023
- on აპრილი 3, 2023
- on მარტი 27, 2023
- on მარტი 20, 2023
- on მარტი 13, 2023