როგორც ჩანს, 8 მარტს ევროკავშირი რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციათა პაკეტს კიდევ უფრო გააფართოებს, – ამის შესახებ ერთ-ერთი ავტორიტეტული გლობალური გამოცემა, Bloomberg-ი წერს. ახალ სანქციებს შორის განიხილება, როგორც საერთაშორისო პორტებზე და მასში შემავალ გემებზე შეზღუდვების დაწესება, ასევე სანქცირებულ პირთა წრის გაფართოება და სამხედრო გამოყენების ტექნოლოგიური პროდუქტებისა და სერვისების კიდევ უფრო მასშტაბური შეზღუდვა.
აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში სხვა ტიპის სანქციებზეც მუშაობენ, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოს და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციებისგან თავის არიდების მიზნით კრიპტოვალუტით სარგებლობას შეუზღუდავს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი ევროკავშირმა მას მერე დააწესა, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუჰანსკის რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა და უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. დღევანდელი მონაცემებით, ევროკავშირის მიერ სანქცირებულია 124 ადამიანი – ოლიგარქები, მაღალჩინოსნები და პროპაგანდისტები, მათ შორის თვით ვლადიმირ პუტინი და სერგეი ლავროვი.
დატოვე კომენტარი