დასავლელ მოკავშირეებს, უკრაინის გამო, მკაცრი ზომების მიღება კვლავაც უჭირთ, რისი ერთ-ერთი მიზეზიც, Bloomberg-ის სტატიის თანახმად, შესაძლოა ის იყოს, რომ რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში ევროკავშირს ბევრად მეტი აქვს დასაკარგი, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს.
რუსეთი ევროკავშირის მეხუთე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ამასთან ერთად კი – მთავარი ენერგეტიკული მიმწოდებელი, მაშინ როცა ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში, რუსეთი პირველ 30-ეულშიც შეიძლება ვერ მოხვდეს. იგივე სიტუაციაა ინვესტიციების მხრივ, რუსეთი ფულს ევროპის ისეთი ცნობილი ბრენდებიდან იღებს, როგორიცაა IKEA, Royal Dutch Shell-ი, Volkswagen-ი და სხვ.
მზარდი ინფლაციისა და ენერგიის არასტაბილური ფასებიდან გამომდინარე, ევროკავშირის ლიდერები სანქციების შემოღებას სიფრთხილით ეკიდებიან. ისინი შიშობენ, რომ მოსალოდნელმა ომმა შესაძლოა, ყველაზე რთულ, შუა ზამთრის პერიოდში, ბუნებრივი აირის მიწოდების პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხოს.
ევროპას მწარედ ახსოვს 2014 წელს რუსეთის ყირიმში შეჭრის შედეგებიც, რომლის ფასი, აშშ-სგან განსხვავებით, სწორედ ევროკავშირის ეკონომიკამ გადაიხადა. ამჟამად კი, მიუხედავად ჯო ბაიდენის განცხადებებისა, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი თითქოსდა დროის მოგებას ცდილობს, ხოლო რუსეთი თავის მხრივ აცხადებს, რომ სულაც არ აპირებს უკრაინაში შეჭრას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეფექტიანი სანქციების შედეგიანობაზე ალაპარაკდა, თუმცა Aberdeen Asset Management-ის ფონდის მენეჯერი ვიქტორ საბო მიიჩნევს, რომ მას შემდგომ, რაც რუსეთმა აშშ-ის შესაძლო სანქციებისგან თავის დაღწევისთვის შესაბამისი ზომები მიიღო, ქვეყანა სხვა ტიპის სანქციებისთვის სრულად მომზადებულია.
Bloomberg-ის ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ევროპა მარტოა, როცა საქმე ბუნებრივ აირში მომატებული ფასების გადახდას ეხება. ევროზონის ეკონომიკის შიდა მოდელი მიუთითებს ენერგიის ფასების მშპ-ის 1%-მდე დარტყმაზე, რისი გავლენაც მომავალ წელსაც შენარჩუნდება. აშშ ენერგიის წმინდა ექსპორტიორია, თუმცა ევროკავშირი იმპორტზეა დამოკიდებული, რომლის დიდი წილიც, როგორც ნავთობის, ასევე ბუნებრივი აირის შემთხვევაში, სწორედ რუსეთზე მოდის. JPMorgan-ის პროგნოზით, ნავთობის ფასის ზრდა, ბარელზე $150-მდე, ხელს შეუწყობს ინფლაციას.
არანაკლებ სენსიტიური საკითხი ბუნებრივი აირია. კონტინენტის მასშტაბით გაიზარდა ელექტროენერგიის ღირებულება, რაც უმეტესწილად სამჯერ გაზრდილი გაზის ფასის შედეგია. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ევროპა უფრო მასიურ ენერგეტიკულ შოკს განიცდის, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. უკრაინის გამო რუსეთთან ესკალაციამ სიტუაცია შესაძლოა გაამძაფროს. ევროკავშირში გაზის შიდა მოპოვება მცირდება, ხოლო რუსეთი, მიწოდების გასაზრდელად, ახალ ობიექტებს აშენებს, რომელთა შორისაა მუდმივი დაპირისპირების საგანი, Nord Stream 2-ის მილსადენი. მილსადენი რუსეთს საშუალებას მისცემს, მინიმუმამდე დაიყვანოს ევროპაში გაზის ექსპორტის სატრანზიტო ქვეყნებზე დამოკიდებულება. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კი სარგებლის მომტანი იქნება ამერიკელი ექსპორტიორებისთვის, რომლებიც ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის შემოტანას ცდილობენ.
ING Bank Eurasia-ს მთავარი ეკონომისტი, დმიტრი დოლგინი, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-სა და დასავლელი პარტნიორების მიერ რამდენიმე სახის სანქციის დაწესებას განიხილავს. მათ შორისაა: არასამხედრო ტექნოლოგიებზე სანქციები ან კომპანიებისთვის უცხოური დაფინანსებების შეზღუდვა; დასავლურ ფონდებზე აკრძალვის დაწესება, რაც რუსეთისთვის წლიურად $10-მილიარდიან ხარჯს წარმოადგენს; $60-მილიარდიანი ღირებულების რეტროაქტიური აკრძალვა ადგილობრივ სახელმწიფო ვალებში უცხოურ მონაწილეობაზე და ბოლოს, Swift-ის გადახდის სისტემაზე წვდომის შეჩერება, რაც მეტად გაართულებს რუსეთისთვის წელიწადში $535-მილიარდიან ექსპორტზე გადასახადების შეგროვებას.
რისკის ქვეშ არიან ევროპული კომპანიებიც, რომლებმაც ამერიკელ კოლეგებზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს რუსეთში. გარდა ამისა, რუსეთი ნიკელის, ფოლადისა და სასუქების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. აღსანიშნავია, რომ IKEA, Volkswagen-ი და ლუდსახარში Carlsberg-ი რუსეთში ოპერირებენ.
2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებული ერთობლივი შეზღუდვების მწარე გამოცდილებას, როგორც ჩანს, ევროპაში ისევ არ ივიწყებენ. სამი წლის შემდგომ, კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტმა კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, რუსეთზე სანქციებით არანაკლებ დაზარალდა გერმანია და ევროპის სხვა ქვეყნები, ამ დროს კი აშშ, პირიქით, უფრო განვითარდა. მსგავსი შედეგები მოჰყვა ირანისთვის სანქციების დაწესებასაც.
როგორც ტომ კიტინგი, ლონდონის გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტის ფინანსური დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, აღნიშნავს, აშშ-სა და ევროკავშირის ლიდერები მხოლოდ იმ ეკონომიკურ ტკივილზე საუბრობენ ღიად, რისი მიყენებაც რუსეთისთვის სანქციებით შეუძლიათ, თუმცა დუმილს ინარჩუნებენ იმ ფაქტზე, თუ რამდენად დაზარალდებიან ისინი მსგავსი პოლიტიკით.
დატოვე კომენტარი