აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ (NASA) მისია Artemis V-ის ფარგლებში ასტრონავტებისთვის მთვარეზე დასაჯდომი მოდულის შესაქმნელად ამერიკელი მილიარდერის, ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ი შეარჩია. ამის შესახებ ინფორმაცია NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ასტრონავტებისთვის ლენდერს Blue Origin-ი, როგორც NASA-ს მეორე პროვაიდერი ააშენებს Artemis-ის ეკიპაჟის წევრების მთვარის ზედაპირზე დასასმელად“, – განაცხადა აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ადმინისტრატორმა, ბილ ნელსონმა. „ჩვენ ეკიპაჟიანი კოსმოსური ფრენების ოქროს ხანაში ვიმყოფებით, რაც NASA-ს კომერციული და საერთაშორისო პარტნიორობით გახდა შესაძლებელი. ერთად ვდებთ ინვესტიციას ინფრასტრუქტურაში, რომელიც მარსზე პირველი ასტრონავტების დასმას გზას გაუხსნის“.
როგორც ცნობილია, კონტრაქტის ჯამური ღირებულება $3.4 მილიარდს შეადგენს. შეთანხმების ფარგლებში Blue Origin-ს ლენდერის დიზაინის შემუშავება, მისი დამზადება, გამოცდა და ტესტირების შედეგების გაანალიზება მოუწევს, რათა NASA-ს მოთხოვნები დააკმაყოფილოს. სააგენტოს ინფორმაციით, ჯეფ ბეზოსის კომპანიის მიერ დამზადებულ აპარატს, თუ ის NASA-ს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მთვარეზე ასტრონავტების განმეორებითი ექსპედიციებისთვის, ასევე დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ორბიტაზე ეკიპაჟის წევრების გადაადგილებისთვის გამოიყენებს. შეგახსენებთ, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო მთვარის ორბიტაზე კოსმოსური სადგურის, Gateway-ის განთავსებას გეგმავს.
ვიდრე Blue Origin-ის მიერ შექმნილ ლენდერს ასტრონავტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებენ, ის მთვარეზე სადემონსტრაციო უეკიპაჟო მისიას განახორციელებს. ამის შემდეგ კი, 2029 წლისთვის, Artemis V-ის ფარგლებში ასტრონავტების მთავრის ზედაპირზე დასმას შეეცდება.
აღსანიშნავია, რომ სააგენტომ კონტრაქტი უკვე გააფორმა ილონ მასკის კომპანია SpaceX-თან, რომელსაც მთვარეზე დასაჯდომი მოდულის შექმნა მისია Artemis III-ისა და Artemis IV-ისთვის დაევალა. პირველი მისიის ფარგლებში, წინასწარი ინფორმაციით 2025 წლისთვის, მასკის კომპანია მთავრის ზედაპირზე ასტრონავტების დასმას შეეცდება, მეორე მისია კი 2028 წლისთვის განხორციელდება, რომლის ფარგლებში ასტრონავტები Gateway-ზე გაემგზავრებიან, შემდეგ კი დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე დაეშვებიან.