“ბიზნეს მედია საქართველოსა” (BMG) და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას (UNWTO) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და “ბიზნეს მედია საქართველოს” დამფუძნებელმა გიორგი ისაკაძემ მოაწერეს.
BMG-იმ და UNWTO-მ მემორანდუმს ხელი ონლაინ გადაცემა “BMG Checkpoints-ის” ეთერში მოაწერეს. მემორანდუმი საინფორმაციო ხასიათის მხარდაჭერას და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ღირებულებების მხარდაჭერას და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
“ბიზნეს მედია საქართველო“ არის ერთ-ერთი წამყვანი წყარო ბიზნესის სიახლეების შესახებ არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიის რეგიონში. შესაბამისად, მოხარული ვართ, დავიწყოთ ეს თანამშრომლობა. ჩვენ გვსურდა, ეს მემორანდუმი ფიზიკურად თბილისში გაგვეფორმებინა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სექტემბრის ბოლოს ჩვენ ვიქნებით საქართველოში და გავმართავთ COVID-ის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელშიც მინისტერიალის ფორმატში გაიმართება და მას, დაახლოებით, 35 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება. სიმბოლურია, რომ ტურიზმის მომავლის შესახებ დიალოგს სწორედ თბილისი უმასპინძლებს”, – განაცხადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
“მემორანდუმი „ბიზნეს მედია საქართველოსთვის“ მნიშვნელოვანი შესაძლებლობების მომტანია. ის გვაძლევს შესაძლებლობას, ხელი შევუწყოთ UNWTO-ს არამხოლოდ გაიდლაინების და მითითებების, არამედ იმ ღირებულებების პოპულარიზაციასაც, რომელსაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ემსახურება,” – განაცხადა “ბიზნეს მედია საქართველოს” დამფუძნებელმა გიორგი ისაკაძემ.
ცნობისთვის: გაეროს მიერ დაფუძნებული UNWTO ტურიზმის საკითხებში უმსხვილესი სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 156 სახელმწიფოს აერთიანებს. ორგანიზაცია ხელს უწყობს პასუხისმგებლიანი, მდგრადი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებას. UNWTO წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ქვეყნებს ტურიზმის პოლიტიკის ჩამოყალიბების საკითხებში მხარდაჭერას სთავაზობს.
შეგახსენებთ, სექტემბერში საქართველოში UNWTO-ის ეგიდით ტურიზმის ინდუსტრიის მომავალზე მინისტერიალი იგეგმება. მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის სექტორის აღმასრულებელი პირი დაესწრება.
მემორანდუმის ხელმოწერის ლინკი:
დატოვე კომენტარი