ორშაბათს გერმანულმა ავტომწარმოებელმა, BMW-მ, ახალი მაღალი გამავლობის ავტომობილის პროტოტიპი წარადგინა. საწარმოო ხაზის ახალ წარმომადგენელს XM ერქმევა და ის კომპანიის M განაყოფის ღირსეული წარმომადგენელი იქნება. ახალი ავტომობილი დამუხტვადი ჰიბრიდი იქნება.
კომპანიის მიერ წარმოდგენილ მაღალი გამავლობის ავტომობილს 8ცილინდრიანი შიდაწვის ძრავა და ელექტროძრავა ექნება, რომელთაც ჯამში 750 ცხენის ძალისა და 737 მაბრუნებელი მომენტის, იმავე თორქის, გამომუშავება შეეძლებათ.
გერმანული ავტომწარმოებლის სპიკერმა თავი შეიკავა იმის განმარტებისგან, იგივე სპეციფიკაციები ექნება თუ არა უკვე საწარმოო მოდელს. თუმცა მან აღნიშნა, რომ ავტომობილი M კატეგორიით გამოშვებული ყველაზე მძლავრი მანქანა იქნება ისტორიაში.
გარდა ამისა, კომპანიის განცხადებით, ავტომობილის გაყიდვებისათვის უმთავრესი ბაზარი შეერთებული შტატები იქნება. ავტომწარმოებელმა კონცეპტის გაცნობისას დამატებით აღნიშნა, რომ ავტომობილის წინა მხარე სრულად ახალი დიზაინია BMW-ის მომავლის მდიდრულ მოდელებში. რაც შეეხება ავტომობილის ინტერიერს, მასში შევხვდებით ვინტაჟური სტილის ტყავს, სპილენძსა და კარბონის მატერიით გაწყობილ დეტალებს. ინტერიერში ასევე განთავსებული იქნება ციფრული მოწყობილობები და დიდი მართვის ცენტრი.
საინტერესოა ისიც, რომ ავტომობილი არა სრულად ელექტრო, არამედ დამუხტვადი ჰიბრიდია. ამ დეტალმა ავტოექსპერტების დიდი ყურადღება მიიპყრო, რადგან მომავლის ავტომობილების 99% სწორედ სრულად ელექტროძრავებს ითვალისწინებს. საავტომობილო ინდუსტრია ბოლო პერიოდია, მთლიანად ელექტროძრავებზეა კონცენტრირებული. მეტიც, ავტოინდუსტრიის სიახლეების უმეტესობაც სწორედ ამ თემას უკავშირდება, თუმცა გერმანულმა ავტომწარმოებელმა მაინც ტრადიციული მიდგომები არჩია.
სანაცვლოდ, კომპანია ირწმუნება, რომ 2030 წლისათვის მისი გაყიდვების 50% სწორედ ელექტროძრავიანი ავტომობილებისაგან იქნება შემდგარი.
ავტომწარმოებლის განცხადებით, ახალი BMW XM-ის ელექტროძრავას დამოუკიდებლად 50-მდე კილომეტრის გავლა შეეძლება.
დატოვე კომენტარი