ახალ წლამდე სულ ცოტა ხნით ადრე, BMW-მ მნიშვნელოვანი ნიშანსვეტის მიღწევის შესახებ განაცხადა: გერმანულმა ავტომწარმოებელმა მემილიონე ელექტრიფიცირებული მანქანა გაყიდა – მემილიონე მანქანა BMW iX xDrive40 აღმოჩნდა, რომელიც ევროპაში გაიყიდა.
ცნობისთვის, ტერმინი „ელექტრიფიცირებული“ აერთიანებს, როგორც ელექტრომანქანებს, ასევე ფლაგ-ინ (PHEV) და ჩვეულებრივ ჰიბრიდებს. CleanTechnica-ს ინფორმაციით, 2021 წლის იანვრიდან ამავე წლის სექტემბრამდე, გლობალურ ბაზარზე, BMW-მ 60 ათასამდე ელექტრომანქანა და 172 ათასამდე ფლაგ-ინ ჰიბრიდი გაყიდა. 2020 წელს, გერმანულმა ავტომწარმოებელმა, ჯამში 192 ათასი ელექტრიფიცირებული მანქანა გაყიდა.
აღსანიშნავია, რომ წინა ნიშანსვეტს – ნახევარ მილიონ ელექტრიფიცირებულ მანქანას, BMW-მ ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიაღწია. მაშინ, კომპანიამ პირობა დადო, რომ ორ წელიწადში მილიონ მანქანას გაყიდდა, რაც შეასრულა კიდეც. ახლა კი, გაჩნდა ახალი პირობა: 2025 წლისთვის, BMW ორ მილიონ სრულ ელექტრომობილს გაყიდის.
„მემილიონე ელექტრიფიცირებული მანქანის გაყიდვა ჩვენთვის მნიშვნელოვან ნიშანსვეტს წარმოადგენს. ისე კი, ჩვენ შემდეგ ნიშანსვეტზეც ვფიქრობ: ორ წელიწადში, ორმილიონიანი ნიშნულის გადაკვეთას ვგეგმავთ“, – აღნიშნა BMW-ს მმართველი საბჭოს წევრმა, პიეტერ ნოტამ. „ჩვენი მდგრადად მზარდი საპროდუქტო ხაზისა, საკუთარ თავს გაყიდვების ამბიციურ მიზნებს ვუსახავთ, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ელექტრომანქანებზე მოდის: 2022 წელს, ამ წლის მონაცემების გაორმაგებას ვგეგმავთ. 2025 წლისთვის კი, BMW Group-ი მომხმარებლებს ორ მილიონ ელექტრომობილს ჰპირდება. იმედს ვიტოვებთ, რომ 2030 წლისთვის, BMW Group-ის გაყიდული ორი მანქანიდან სულ მცირე ერთი – სრულად ელექტრო იქნება“.
ფოტო: BMW Group
დატოვე კომენტარი