ლას-ვეგასში სამომხმარებლო ელექტროტექნიკის მწარმოებელთა ასოციაციის ეგიდით გამართულ გამოფენაზე (CES) გერმანულმა ავტომწარმოებელმა, BMW-მ, მსოფლიოში პირველი ცვალებადი ფერების მქონე ავტომობილი წარადგინა. BMW-ს კონცეპტუალურ ავტომობილს iX Flow ერქმევა და ის ექსტერიერში ელექტრონული მელნის ტექნოლოგიას გამოიყენებს, რომლის დახმარებითაც ავტომობილისათვის თეთრი და ნაცრისფერი ორნამენტების შეცვლა იქნება შესაძლებელი.
BMW-ის კვლევითი ინჟინრის, სტელა კლარკის, განცხადებით, ტექნოლოგიის დახმარებით ავტომობილისათვის ფერის ცვლილება სრულიად ენერგოეფექტიანია. მისი განმარტებით, მთავარი გამოწვევა ინჟინრებისათვის მასალის სამგანზომილებიან ობიექტზე მორგება იყო.
ფერის ცვლილების დინამიკა კი შემდეგში მდგომარეობს: აპლიკაციის დახმარებით კონტროლირებადი ელექტრონული სიგნალები ტექნოლოგიას უკავშირდება. მასალას სხვადასხვა პიგმენტი ზედაპირზე ამოაქვს, ეს კი მანქანას სხვადასხვა ფერის ჩრდილსა და დიზაინს ანიჭებს. თუმცა ეს ფერები თეთრისა და ნაცრისფრის გამაში მონაცვლეობს.
სტელა კლარკის განმარტებით, მომავალში ფერის ცვალებადობა შესაძლოა ავტომობილის ინტერიერში არსებული პანელით ან ღილაკითაც კი იყოს შესაძლებელი. BMW-ის ინფორმაციით, ფერის ცვლილებისათვის არც ერთი სახის ენერგია არ არის საჭირო.
BMW საკუთარი მომხმარებლებისათვის ტექნოლოგიური სიახლეების მიწოდებას კვლავ განაგრძობს. გერმანული ავტომწარმოებელი საკმაოდ კონკურენტულ ინდუსტრიაში საკუთარი ნიშის მოძებნას სხვადასხვა გზით ცდილობს. მის მიერ დანერგილი ელექტრონული მელნის ტექნოლოგია კი ამ ყველაფერში დიდ დახმარებას გაუწევს.
დატოვე კომენტარი