მსოფლიოს წამყვანი ბრენდები უერთდებიან კამპანიას #StopHateForProfit, რომლის ფარგლებშიც ისინი უარს ამბობენ Facebook-ზე რეკლამის განთავსებაზე. ეს საკმაოდ სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული, რაც მსოფლიოს უდიდესი სოცქსელის შემოსავლის ძირითადი წყაროა. Forbes Georgia გთავაზობთ იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებმაც Facebook-ზე რეკლამირება დააპაუზა. ჩვენ უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ იმ სარეკლამო ბიუჯეტებსაც, რომელსაც წელს (ან გარკვეული დროის განმავლობაში) ვეღარ მიიღებს Facebook-ი რეკლამის დამკვეთებისგან.
ბოიკოტის კამპანიას შეუერთდნენ:
Adidas-ი და მისი შვილობილი Reebok-ი, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისინი შეიმუშავებენ კრიტერიუმებს, რომლის მიხედვითაც ყველა მათი პარტნიორი იქნება პასუხისმგებელი უსაფრთხო გარემოს შექმნასა და შენარჩუნებაზე.
კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია კი, რომელიც Facebook-ზე რეკლამას 30 დღის განმავლობაში არ განათავსებს, Ford-ია. თუმცა, აღნიშნული ავტომწარმოებელი ყველა ამერიკულ სოციალურ მედია პლატფორმაზე აჩერებს რეკლამირებას.
HP-ი კი Facebook-ზე რეკლამის განთავსებას მანამ დააპაუზებს, ვიდრე კომპანიის განცხადებით, ის არ დაინახავს უფრო მეტ უსაფრთხოებას.
ბოიკოტს უერთდება სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი Puma-ც და Facebook-ზე და Instagram-ზე ივლისის თვეში არცერთი რეკლამის განთავსებას აღარ აპირებს.
Best Buy, რომელიც სამომხმარებლო ტექნიკის მსხვილი რითეილერია ამერიკაში, 1 ივლისიდან აჩერებს Facebook-ზე რეკლამას. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბოიკოტი ერთ თვეს გასტანს.
სამომხმარებლო პროდუქტების მწარმოებელი Clorox-იც უარს ამბობს Facebook-ზე და Instagram-ზე რეკლამის განთავსებაზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი რეკლამებს სხვა მედია პლატფორმებზე გადაიტანენ.
ამერიკის კვების ინდუსტრიაში ცნობილმა Conagra-მ კი Facebook-ზე და Instagram-ზე რეკლამის განთავსებაზე უარი წლის ბოლომდე თქვა.
ამ კომპანიას უერთდება სწრაფი კვების ობიექტების ქსელი Denny’s-იც. ის Facebook-ზე რეკლამას ერთთვიან ბოიკოტს უცხადებს.
Coca-Cola, Diageo, Honda, Starbucks-ი, Verizon-ი და Unilever-იც მსგავსად სხვებისა, მარკ ცუკერბერგის კომპანიას სიძულვილის ენის ტირაჟირებაში ადანაშაულებენ და დროებით მორატორიუმს აცხადებენ რეკლამის განთავსებაზე მსოფლიოს უმსხვილესს სოციალურ ქსელში.
დატოვე კომენტარი