ორ ოქტომბერს ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ კი, არჩევნების პირველი ტურის ჩატარებამდე, ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის მართებულობას კვლავ ეჭვქვეშ აყენებს, რაც აძლიერებს მოლოდინს, რომ თუ ყველაფერი მისი სურვილისამებრ არ წარიმართება, მოქმედი ლიდერი არჩევნებში დამარცხების აღიარებას არ აპირებს.
კვირას დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ რაუნდში ბოლსონარუ თავის პოლიტიკურ მტერს და ყოფილ მემარცხენე პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვას დაუპირისპირდება. IPEC-ის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვით, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ლულას უპირატესობა პრეზიდენტ ბოლსონარუსთან შედარებით მცირედით გაიზარდა.
ორ ოქტომბერს ბრაზილიელები არჩევნებზე პრეზიდენტის, 81 სენატორიდან 27-ის, დეპუტატთა პალატის 513-ვე წევრისა და 27-ვე გუბერნატორის ასარჩევად გამოცხადდებიან. იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო და გუბერნატორის კანდიდატები 50%-იან ზღვარს ვერ გადალახავენ, მათთვის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს დაინიშნება. IPEC-ის კვლევის თანახმად, არჩევნების პირველ ტურში ლულა ამომრჩეველთა 48%-ს, ბოლსონარუ კი 31%-ს მოიპოვებს.
მომავალ პრეზიდენტს კი საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ხვდება. რთული ეკონომიკური მდგომარეობა, პანდემიისას სტიმულირების ხარჯებითა და უკრაინის ომით განპირობებული ინფლაცია, მზარდი სამომხმარებლო ფასები. ამ ყველაფერმა კი, რასაც სურსათისა და საწვავის დეფიციტიც ერთვის, განსაკუთრებით ბრაზილიის დაბალი და საშუალო ფენა დააზარალა.
ბოლსონარუმ, რომელიც კენჭს „ლიბერალური პარტიიდან“ იყრის, არჩევნების ნებისმიერი შედეგის აღიარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა არც ამომრჩეველთა ხმების შესაძლო გაყალბების შესახებ დაიშურა მინიშნებები. შეგახსენებთ, რომ მოქმედი პრეზიდენტი, 2019 წლის დასაწყისში ხელისუფლებაში მოსვლიდან, არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი, მათ შორის კორონავირუსის პანდემიაზე არასათანადო რეაგირებისა და გარემოსთვის საზიანო აქტივობების გამო. რამდენჯერმე გაჟღერდა მოთხოვნაც პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
პოლიტოლოგების აზრით, ბოლსონარუს კრიტიკა ქვეყნის ელექტრონული საარჩევნო სისტემის მიმართ სავარაუდოდ პირველი ტურის წინ ამომრჩეველთა მობილიზებას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ბრაზილიის ელექტრონულ ხმის მიცემის სისტემას რაიმე მნიშვნელოვანი გაყალბება არ გამოუვლენია. 2018 წლის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების დროსაც კი ბოლსონარუმ სისტემა ხმების გაყალბებაში დაადანაშაულა, რადგან მიიჩნევდა, რომ არჩევნების მოგება მას პირველივე ტურში ეკუთვნოდა. შესაბამისად, ეს უფრო საინტერესოს ხდის მოქმედი პრეზიდენტის ქმედებას არჩევნებში წაგების შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიამ მომავალ არჩევნებზე დასაკვირვებლად, ევროკავშირის წარმომადგენლები პირველად მიიწვია. გადაწყვეტილება მას შემდგომ იქნა მიღებული, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ, 2020 წლის რეგიონული არჩევნების შემდეგ, ეჭვქვეშ დააყენა ბრაზილიის ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის მართებულობა და თაღლითობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებები წარადგინა. საარჩევნო ორგანოს, TSE-ის განცხადებით, ბრაზილიის მომავალი არჩევნებისთვის ევროკავშირის დამკვირვებლების მოწვევა „მიზნად ისახავს მისი საარჩევნო სისტემის გამჭვირვალობის ზრდასა და თანამშრომლობის გაძლიერებას“.
არანაკლებ საინტერესო კი ლულას თანამდებობაზე დაბრუნება იქნება, რომელიც ლათინური ამერიკის უდიდეს ქვეყანას 2003 წლიდან 2010 წლამდე ხელმძღვანელობდა. 2017 წელს, ყოვლისმომცველი გამოძიების შემდგომ, პოლიტიკური და ბიზნესის ელიტის მრავალ წარმომადგენელთან ერთად, ქვეყნის ექსპრეზიდენტიც დააპატიმრეს. ლულა 2019 წელს გაათავისუფლეს, ნასამართლობის გაუქმებით კი მას პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებისკენ გზა გაეხსნა.
ჟაირ ბოლსონარუ, ლიბერალური პარტია
ბოლსონარუმ პრეზიდენტის თანამდებობა 2019 წელს, კონგრესში რიო-დე-ჟანეიროს შტატის 27-წლიანი დეპუტატობის შემდგომ დაიკავა. 2018 წელს ულტრამემარჯვენე ბოლსონარუს წარმატებული წინასაარჩევნო კამპანია ძირითადად სოციალურ კონსერვატიზმზე, კანონსა და წესრიგზე და „მუშათა პარტიის“ (PT) წინააღმდეგ ბრძოლაზე იყო გამახვილებული, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელიც სწორედ იმ დროს ციხეში მყოფი ლულა იყო.
დიდი განახლებები არ შეიმჩნევა მის წლევანდელ კამპანიაშიც. ბოლსონარუმ მისი ბაზა კონსერვატიული საკითხების ირგვლივ გააერთიანა და ძირითად ორი ობიექტის, ლულასა და ინსტიტუტების დემონიზაციაზეა ორიენტირებული. ბოლსონარუ ოპონენტს კორუფციისთვის ციხეში გატარებულ პერიოდს ახსენებს, ქურდსა და კრიმინალთან ერთად კი კომუნისტსაც უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი არჩევა ვენესუელისაკენ მიმავალი გზაა.
როგორც ბოლსონარუს, ასევე ლულას წინასაარჩევნო დაპირება Auxilio Brasil-ის პროგრამის გაძლიერებაა, მოქმედი პრეზიდენტის პროგრამა, რომელიც კონგრესმა 2021 წლის დეკემბერში დაამტკიცა. ლულას მიერ ხელმოწერილი Bolsa Familia-ს პროგრამის შემცვლელის ფარგლებში, 18 მილიონი ბენეფიციარისთვის დაფინანსება თვეში $76-დან $114-მდე გაიზარდა, გაორმაგდა ბუნებრივი აირის ვაუჩერები, ყოველთვიური სტიპენდიები ტაქსისა და სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ბოლსონარუს მმართველობაში ყოფნის ბოლო წლებში განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის მენეჯმენტის გამო აკრიტიკებენ. ქვეყნის სენატი კი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისისადმი მისი მიდგომის გამო, პრეზიდენტს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულშიც სდებს ბრალს.
ბოლსონარუს გასამართლების მოთხოვნით გასულ წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსაც (ICC) მიმართეს. მას ამ შემთხვევაშიც „კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში სდებდნენ ბრალს“, თუმცა ეს ფაქტი უშუალოდ ამაზონის განადგურების საკითხს უკავშირდება, რაც პირველი საქმე იყო, როდესაც ტყის განადგურება ადამიანთა სიცოცხლის მოსპობას პირდაპირ უკავშირდებოდა. ბოლსონარუ პასუხისმგებელია 400,000 ჰექტარი ტყის გაჩეხაზე, რაც 2019 წლიდან ტყის განადგურების 88%-იან ზრდას გულისხმობს.
ლუის ინასიუ ლულა და სილვა, „მუშათა პარტია“
ლულა მის აწ უკვე მეექვსე საპრეზიდენტო კამპანიას აწარმოებს, პირობით, რომ ბრაზილიას მისი წინა პრეზიდენტობის დროინდელ სულისკვეთებას დაუბრუნებს, რომელიც 2003-დან 2010 წლამდე გაგრძელდა. მმართველობისას განხორციელებული პროგრამებით ლულა იმ დროისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლიდერი იყო. მათ შორისაა პროგრამები Bolsa Familia და Fome Zero (ნულოვანი შიმშილი), რომლის ფარგლებშიც ფულადი დახმარება უკიდურესი სიღარიბის პირას მყოფი ათასობით ბრაზილიელისთვის გაიცა.
ლულა, პროფკავშირის ყოფილი ლიდერი, ბრაზილიის მუშათა კლასის ჩემპიონად ჩამოყალიბდა და ამავდროულად ეხმარებოდა ქვეყანას უფრო სტაბილური მაკროეკონომიკური მდგომარეობის მიღწევაში. თანამდებობის დატოვების შემდგომ ლულას მოწონების რეიტინგი 83 პროცენტით განისაზღვრა. თუმცა 2017 წლის მაისში სასამართლომ ლულა ქრთამის აღების, მართლმსაჯულების შეფერხებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავა და 10-წლიანი თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯა, რამაც ყოფილ ლიდერს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შანსი წაართვა.
წლევანდელ საპრეზიდენტო კამპანიაში ლულა მნიშვნელოვან ყურადღებას ბრაზილიის ევანგელურ ამომრჩეველზე ამახვილებს, რომლებიც ხმის მიმცემ პირთა 30%-ს შეადგენენ. ლულას რიტორიკა უფრო მეტად რელიგიურია და ისეთი განცხადებებითაც გამოირჩევა, როგორიცაა, მაგალითად, „ბოლსონარუ ეშმაკმა შეიპყრო“. ლულას პლატფორმა მემარცხენე მიმართულებას ინარჩუნებს და ყველაზე ღარიბ ბრაზილიელებზეა ფოკუსირებული, განიხილავს მზარდ სოციალურ პროგრამებსა და საჯარო ბანკების მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაფართოებას.
გარემოსდაცვითი ექსპერტები არჩევნების წინ ამაზონის ტყის გადარჩენის საკითხზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამაზონის ბედი სწორედ ბრაზილიის ეროვნულ არჩევნებზეა დამოკიდებული. როგორც ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, პრეზიდენტ ბოლსონარუს დროს ამაზონის ყოვლისმომცველი განადგურების გაგრძელებამ შესაძლოა, მსოფლიოს უდიდეს ტროპიკულ ტყეზე დამღუპველად იმოქმედოს. ამის საპირისპიროდ კი ექსპრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვას დაბრუნება შესაძლოა, ტყის გადასარჩენად გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად შეფასდეს. ლულა ტყის განადგურების ტემპის მკვეთრ შემცირებას თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშიც აკონტროლებდა, მისმა გამარჯვებამ კი, მეცნიერთა შეფასებით, ტყეების განადგურების მაჩვენებელი შესაძლოა, 90%-ით შეამციროს.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ ბრაზილიის მოსახლეობა ორ ოქტომბერს, ანდაც 30 ოქტომბერს, მეორე ტურში გახდება ცნობილი. პოტენციურ მეორე ტურში, ლულას უპირატესობა ბოლსონარუსთან შედარებით 19 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია და ამომრჩეველთა ხმებს 54%-ით 35%-ის წინააღმდეგ ანაწილებს. ლულას ამომრჩეველთა პროცენტულ მატებასთან ერთად კი ერთკვირიანი დაშორებით ჩატარებულ გამოკითხვებში იკლო ბოლსონარუს მოწონების მაჩვენებელმაც, რომელიც 29%-მდე დაეცა. ხოლო მისი უკმაყოფილების მაჩვენებელი უცვლელად 47%-ზეა შენარჩუნებული.
დატოვე კომენტარი