Booking.com: მსოფლიოს ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქები

Booking.com: მსოფლიოს ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქები

Booking.com-მა მსოფლიოს ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქების მე-12 ყოველწლიური სია გამოაქვეყნა. Traveler Review Awards-ის რეიტინგის შესადგენად მან 309 მილიონზე მეტი ვერიფიცირებული მომხმარებლის მიმოხილვა და შეფასებები გამოიყენა. ქალაქების შერჩევისას გათვალისწინებულია იქ არსებული საცხოვრებლების მიერ მოპოვებული ჯილდოების რაოდენობა მომსახურებისა და სტუმართმოყვარეობის მიმართულებით.

მსოფლიოს ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქების სიის სათავეში ბრაზილიაში მდებარე არაიალ-დ’ეჯუდაა მოქცეული, რომელიც მშვიდი, თვალწარმტაცი სანაპირო ზოლითაა ცნობილი. ის მოგზაურთა ორი მესამედის (67%) აზრით, შესანიშნავი ადგილია დასასვენებლად და ძალების აღსადგენად.

არაიალ-დ’ეჯუდა, ბრაზილია / bahia.ws

სიაში მეორე და მესამე ადგილს ევროპული ქვეყნების, კერძოდ კი, საბერძნეთისა და პორტუგალიის ქალაქები იკავებენ. საბერძნეთში მდებარე ერმუპოლი, რომელსაც სიროსის დედაქალაქს უწოდებენ, ცნობილია თავისი ვენეციური და ნეოკლასიკური არქიტექტურით. რაც შეეხება პორტუგალიის ქალაქ ვიანა-დუ-კაშტელუს, ის მდიდარი საზღვაო მემკვიდრეობითა და რელიგიური ადგილების სიმრავლით გამოირჩევა.

მსოფლიოს ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქების რეიტინგის ათეულში ევროპული ქალაქები ჭარბობენ, საერთო ჯამში, ოთხი ადგილით. აქვე აღსანიშნავია, რომ სიაში ორ პოზიციაზე აზიური ქალაქებია წარმოდგენილი, ინდოეთიდან და იაპონიიდან. რეიტინგში წარმომადგენელი არ ჰყავს აფრიკის კონტინენტს, ხოლო ავსტრალიიდან Booking.com-ის რეიტინგის ათეულში ერთი ქალაქი მოხვდა.

ვიანა-დუ-კაშტელუ, პორტუგალია / iberian-escapes.com
მსოფლიოს ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქების ათეული: 

#1 არაიალ-დ’ეჯუდა, ბრაზილია

ცნობილია მშვიდი სანაპიროებითა და თვალწარმტაცი პლაჟებით.

#2 ერმუპოლი, საბერძნეთი

ცნობილია ვენეციური და ნეოკლასიკური არქიტექტურით.

ერმუპოლი, საბერძნეთი / wikimedia.org

#3 ვიანა-დუ-კაშტელუ, პორტუგალია

ცნობილია მდიდარი საზღვაო მემკვიდრეობითა და რელიგიური ადგილებით.

#4 დეილსფორდი, ავსტრალია

ცნობილია ბუნებრივი მინერალური წყაროებითა და პეიზაჟებით.

#5 გრინდელვალდი, შვეიცარია

ალპებში მდებარე ადგილი საუკეთესოა ბუნების მოყვარულთათვის და თავგადასავლების მაძიებლებისთვის.

გრინდელვალდი, შვეიცარია / 30seconds.com

#6 მოაბი, იუტა, აშშ

ცნობილია წითელი კლდის განსაცვიფრებელი პეიზაჟებითა და ეროვნულ პარკებთან სიახლოვით.

#7 იუზესი, საფრანგეთი

შუა საუკუნეების ქალაქს აქვს ქვაფენილიანი ქუჩები და ისტორიული არქიტექტურა – ეს არის კარიბჭე გარდის რეგიონში.

#8 მასატლანი, მექსიკა

წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე ამ ქალაქს კოლონიური არქიტექტურა და ზღვის პროდუქტების სამზარეულო გამოარჩევს.

#9 ჯაისალმერი, ინდოეთი

„ოქროს ქალაქად“ წოდებული ეს ქალაქი, ქვიშაქვის არქიტექტურით გამოირჩევა.

ჯაისალმერი, ინდოეთი / roughguides.com

#10 ფუძიკავაგუტიკო, იაპონია

ფუძიამასთან მდებარე ეს ქალაქი განსაცვიფრებელი ხედებითაა სახელგანთქმული.