ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის გიგანტ-კომპანია BP-ის ისტორია ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში იღებს სათავეს, როცა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ოქროს საბადოებით გამდიდრებულმა ბრიტანელმა უილიამ ნოქს დ’არსიმ 1900 წელს თანხმობა განაცხადა, სპარსეთში ნავთობისა და მინერალების ძიება დაეფინანსებინა. ადამიანები, რომლებმაც დ’არსი იმაზე დაითანხმეს, რაც მალე მსოფლიოში ძალაუფლების განმსაზღვრელი გახდებოდა, გახლდნენ დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი სპარსეთში და კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი სერ ჰენრი დრამონდ-ვულფი, „როიტერსის” გენერალური მდივანი მესიე კოტი და (რაც ალბათ ამ ჩამონათვალში ყველაზე საინტერესოა) ქართული წარმოშობის სპარსი გენერალი ანტუან კიტაბგი ხანი. სპარსეთის შაჰიც, თავის მხრივ, 20 ათასი გირვანქა სტერლინგისა და ჯერ არარსებული ნავთობკომპანიის წლიური შემოსავლების 16%-ის სანაცვლოდ, დათანხმდა, დ’არსის 60 წელი ნავთობის ძიებაში გაეტარებინა და შემდეგ ჩრდილოეთ სპარსეთის ხუთი პროვინციის გარდა, მთელი ქვეყნის ნავთობზე სწორედ ამ ბრიტანელს ჰქონოდა უფლებები.
ექსპედიცია, რომელსაც მკვლევარი ჯორჯ რეინოლდსი ხელმძღვანელობდა, 1901 წელს დაიწყო და მომდევნო შვიდი, უმეტესად უიმედო, წელიწადი მისტერ დ’არსის მოთმინებისა და ჯიბის ხარჯზე წარიმართა. იმდენად, რომ 1904 წელს, დ’არსის მაშინდელი წამყვანი ნავთობკომპანიის, შოტლანდიური Burmah Oil-ისა და ბრიტანული საადმირალოს დახმარება დასჭირდა.
…მაგრამ ჰაერში რაღაც ტრიალებდა! – უფრო ზუსტად კი გაფუჭებული კვერცხის სუნი. სუნი, რომელიც 1908 წლის 26 მაისს რეინოლდსისთვის ამქვეყნად ყველაზე ტკბილი სუნი უნდა ყოფილიყო, რადგან სწორედ ამ დღეს, 1 800 ფუტზე გათხრილი ჭაბურღილიდან, როგორც იქნა, ნავთობის შადრევანმა ამოხეთქა! დ’არსი კი, რომელიც გაკოტრების ზღვარზე იყო, იმაზე მდიდარი კაცი გახდა, ვიდრე ოდესმე წარმოედგინა. და ასე, 1909 წელს, დაიბადა „ანგლოსპარსული ნავთობკომპანია” (APOC), რომელსაც ათწლეულების შემდეგ BP-ის დაარქმევენ და რომელიც საქართველოშიც შემოადგამს ფეხს.
თუმცა გზა საუკუნის დასაწყისიდან მიმდინარე საუკუნემდე, ცხადია, უმტკივნეულო და იოლი არ ყოფილა. პირველი იმედგაცრუება თავად დ’არსის ჰქონდა: Burmah Oil-ისა და ბრიტანული საადმირალოს ფინანსური მხარდაჭერის გამო, მას აღარ შეეძლო კომპანიისთვის თავისი სახელი დაერქმია და იძულებული გახდა, მხოლოდ აქციონერად დარჩენილიყო. დაარსებიდან ხუთ წელიწადში კი კომპანია უკვე გაკოტრების პირას მივიდა: ბევრი ნავთობი ჰქონდათ, მაგრამ ვერ ყიდდნენ; მანქანები იმ დროს ძვირი ღირდა საიმისოდ, რომ საწვავის მასობრივად გაყიდვის იმედი ჰქონოდათ; ინდუსტრიული საწვავის ბაზარი კი უკვე ძირძველ ნავთობკომპანიებს (მაგალითად, Standard Oil of Indiana-ს, მოგვიანებით – იმავე AMOCO-ს) ჰქონდათ მონოპილიზებული. მართალია, ბრიტანელები საკუთარი ფლოტით ამაყობდნენ და ნავთობზე მომუშავე ხომალდებიც მაშინ „ახალი სიტყვა” იყო, კომპანიას მაინც უჭირდა სამეფო ფლოტთან შეთანხმების მიღწევა, რადგან ძველი, კარგი ქვანახშირი ახალგაზრდა მეტოქეს კონკურენციას უწევდა… საბოლოოდ სცენაზე გამჭრიახი პოლიტიკოსი, უინსტონ ჩერჩილი გამოვიდა და ყველაფერი თავის ადგილას დააყენა, როცა თქვა, „მსოფლიოს უზარმაზარი ნავთობის რეგიონები მოძებნეთო”. ამით კომპანიის ფინანსურ კრიზისს წერტილი დაუსვა და ბრიტანეთის მთავრობა კომპანიის მთავარ აქციონერად აქცია. დრო არ იყო, კომპანიაში დაფიქრებულიყვნენ, რას ნიშნავდა პოლიტიკურ გაერთიანებასთან ფინანსური ინტერესების გაერთიანება… ეს უკვე მერე, ასევე გამჭრიახი ბრიტანელი პოლიტიკოსის, მარგარეტ თეტჩერის „პრივატიზების” ეპოქაში მოხდა: ჯერ მარტო 1979 წელს კომპანიის 80 მილიონი აქცია გაიყიდა, რითაც მთავრობას მფლობელობა მაშინ 46%-მდე შეუმცირდა.
ბუნებრივია, თეტჩერამდეც და მის შემდეგაც კომპანიას ბევრი რამ გადახდა თავს. კომპანიამ ორივე მსოფლიო ომი გამოიარა, შეეხო ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა დროს გაფურჩქნილი ნაციონალისტური სენტიმენტები, ყველაზე მეტად კი ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუცია, რადგან სწორედ აიათოლა ხომეინიმ მოუღო ბოლო მის 70-წლიან მოღვაწეობას ირანში. მაგრამ ის, რასაც BP-ი, შესაძლოა, ყველა რეალურ დაზარალებულსა თუ აღშფოთებულ გარემოს დამცველზე მეტად ნანობს, ინდუსტრიული კრახია, რომელიც მან მექსიკის ყურეში განიცადა და რომელიც მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრის სახელითაა ცნობილი – საწვავის ინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უბედური შემთხვევა, რომელიც ამავე კომპანიის სხვა უბედურ შემთხვევებს თითქმის წვრილმანებად აქცევს. ოღონდ ნანობს არა მხოლოდ იმიტომ, რომ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯარიმა, 4,5 მილიარდზე მეტი გადაიხადა (თან გამოძიება არაა დასრულებული და 2014 წლისთვის ჯარიმამ შეიძლება, 17,6 მილიარდიც კი შეადგინოს), არამედ იმიტომ, რომ ამ შემთხვევის, ანუ 2010 წლის 20 აპრილის, შემდეგ მისი სახელი სწორედ კატასტროფასთან იქნა ასოციირებული; მეტიც – ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ შავი დღით გახდა მასობრივად პოპულარული. მართლაც, ამ პერიოდში ტვიტერი ისეთივე ინტენსივობით ლანძღავდა BP-ს, როგორითაც ბოლო დროს ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის ახალშობილის სახელის წინასწარმეტყველებით იყო აღტკინებული.
BP-ს მთავარი ოფისი ლონდონში აქვს, ყველაზე დიდი ქვეოფისი კი ამერიკაში – BP America აშშ-ში მეორე ყველაზე მსხვილი ნავთობისა და გაზის მწარმოებელი კომპანიაა. იქ, სადაც BP-ის ფულს ეხება საქმე, ციფრების რაოდენობა წარმოსახვის ფარგლებს სცდება, ხოლო იქ, სადაც წამყვანი ნავთობისა და გაზის კომპანიების (ან სულაც ზოგადად კომპანიების) სიებს – ექვსი თითი სრულიად საკმარისია. ის საწვავის ინდუსტრიის ყველა სფეროში მუშაობს: საწვავის აღმოჩენა და წარმოება, გადამუშავება, დისტრიბუცია და მარკეტინგი, ნავთობქიმია, ენერგიის გენერირება და ვაჭრობა, განახლებად ენერგიაზე მუშაობა ბიოსაწვავებსა და ქარის ენერგიაში. 2012 წლის მონაცემებით მას 85 700 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და 80-მდე ქვეყანაში ოპერირებს.
1996 წლიდან ამ ქვეყანათა რიცხვში საქართველოცაა. შეიძლება, ქართველი მაინცდამაინც ვერ ეგუება, რომ თუ არსებობს რამე, რაც საქართველოს საერთაშორისო სამყაროსთვის ღირებულ რეგიონად აქცევს, მისი გეოგრაფიული მდგომარეობაა; შეიძლება, არ მოსწონს, რომ საქართველო, მისდა უნებურად, სატრანზიტო ქვეყანაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ფაქტია: რომ არა ეს მდგომარეობა, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ენერგოკომპანია ამ ქვეყნით არ დაინტერესდებოდა და არ გახდებოდა ის, რაც რეალურად არის: ერთ-ერთი უდიდესი უცხოელი ინვესტორი.
1996 წელს BP-ი საქართველოში რამდენიმე თანამშრომლით იყო წარმოდგენილი, მილსადენების მშენებლობისას კი მათი რიცხვი 6 ათასამდე გაიზარდა; დღეს, როცა მილსადენების მშენებლობა დასრულებულია, BP-ის დაახლოებით 480 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, მათი 95% კი საქართველოს მოქალაქეა.
BP-ის პირველი ინვესტიცია საქართველოში ბაქო-სუფსის მილსადენი, იგივე „დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენი” (WREP) იყო – 830 კილომეტრის სიგრძის მილსადენი, რომელიც ბაქოსთან ახლო, სანგაჩალის ტერმინალიდან საქართველოში, სუფსის ტერმინალამდეა გაჭიმული და კასპიის ზღვის შირაქის საბადოდან მოპოვებული ნავთობი გადააქვს. თანაც მილსადენის თითქმის ნახევარი საქართველოს ტერიტორიაზე გადის. კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, ბაქო-სუფსის მილსადენი 1999 წლიდან უსაფრთხოდ და წარმატებით მუშაობს. თუმცა სხვა წყაროებს თუ დავუჯერებთ, ეს უფრო განახლებული საბჭოთა დროის მილსადენია: 2006 წელს გარკვეული ხარვეზები შეუნიშნავთ, რის გამოც 2008 წლამდე მისი შეჩერება და ზესტაფონთან ახლო და აზერბაიჯანის ტერიტორიის მტკვარზე რაღაც მონაკვეთების შეკეთება მოუხდათ. თუმცა „შეკეთება” ცოტა შეუფერებელი სიტყვაა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ყველაფერი ჯამში კომპანიას 53 მილიონი დოლარი დაუჯდა. უსაფრთხოების მიზნით მილსადენის მუშაობის შეჩერება აგვისტოს ომის დროსაც გახდა საჭირო. ცნობისათვის, ბაქო-სუფსა ის პროექტია, რომლის ამუშავებაზეც აქ – ედუარდ შევარდნაძე, აზერბაიჯანში კი ჰეიდარ ალიევი შეთანხმდნენ.
ქრონოლოგიურად მეორე (2006 წელი) მილსადენი, რომელიც საქართველოში გადის, ყველასათვის კარგად ნაცნობი, უმნიშვნელოვანესი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენია (BTC). როგორც ვებგვერდზე ვკითხულობთ, ეს უკანასკნელი „ახალი ათასწლეულის ყველაზე დიდი საინჟინრო მიღწევაა”. ეს „საინჟინრო მიღწევა” სამ ქვეყანაზე გადის: 433 კილომეტრი აზერბაიჯანში, 249 – საქართველოში და 1076 – თურქეთის ტერიტორიაზე (ჯამში 1 768 კმ-ს შეადგენს) და ბაქოს, საქართველოს გავლით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირა პორტთან, ჯეიჰანთან აკავშირებს. საქართველოში ის ხვდება თბილისში, ადიგენში, ვალეში, ახალციხეში, ბორჯომში, ბაკურიანში, წალკაში, თეთრიწყაროში, რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში.
სხვათა შორის, ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტი წაგვადგა: ის რომ არა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მილსადენი სომხეთში გაივლიდა. თუმცა სომხეთის ნაცვლად საქართველოზე გამავალი გზა უფრო გრძელი, უფრო რთული ასაშენებელი და, შესაბამისად, უფრო ძვირი დაჯდა. მისი მშენებლობის დოკუმენტსაც საქართველოს მეორე პრეზიდენტის ხელმოწერა ახლავს: 1998 წლის 28 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა სულეიმან დემირელმა, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ კარიმოვმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა „ანკარის დეკლარაცია” შეიმუშავეს; მის შედგენას აშშ-ის მდივანი ენერგეტიკაში – ბილ რიჩარდსონი ესწრებოდა და მილსადენის პროექტს ძალიან უჭერდა მხარს. მთავრობათაშორის ხელშეკრულებას კი ხელი უკვე 1999 წლის 18 ნოემბერს სტამბულში, ეუთოს სხდომაზე მოეწერა აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტების მიერ. სამაგიეროდ, 2005 წლის ოქტომბერს, მილსადენის პრეზენტაციის ცერემონიას საქართველოში უკვე პრეზიდენტმა სააკაშვილმა უმასპინძლა.
იმის აღიარება, რომ პრაქტიკული და ეკონომიკური სარგებლის გარდა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, შევარდნაძის კარიერის დიდი პლუსია. საქართველოს მეორე პრეზიდენტის თვალში, მილსადენი ქვეყნის მომავალი ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტია იყო. ცხადია, საქართველოს მესამე პრეზიდენტიც იზიარებს ამ მოსაზრებას. და, ცხადია, ვისაც ყველაზე მეტად არ მოსწონს ეს ფაქტი, რუსეთის მთავრობაა, რადგან მილსადენი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას რუსული გავლენისაგან, ზოგადად ასუსტებს მის გავლენას კავკასიაში და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მნიშვნელოვან დერეფანს ქმნის, რითაც თურქეთს უფრო ძლიერ გეოპოლიტიკურ რეგიონად აქცევს. BP-ი კი ამ მნიშვნელოვანი ნავთობსადენის მფლობელ 11 ენერგოკომპანიას შორის ყველაზე დიდი მეწილეა.
დაბოლოს, მესამე პროექტი, რომელიც საქართველოში BP-ის ეკუთვნის, 692 კილომეტრის სიგრძის სამხრეთ კავკასიის გაზსადენია (SCP), რომლის მშენებლობაც 2006 წელს დასრულდა და რომელიც აზერბაიჯანიდან, კასპიის ზღვაში მდებარე შაჰ-დენიზის საბადოდან, საქართველოს გავლით, თურქეთამდე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პარალელურად გადის. მისი მთავარი მიზანი თურქეთისა და საქართველოს გაზით მომარაგებაა. როგორც სატრანზიტო ქვეყანას, საქართველოს უფლება აქვს, გაზის წლიური მიმოქცევიდან ხუთი პროცენტი აიღოს და კიდევ 0,5 მილიარდი კუბური მეტრი ყოველ წელს ფასდაკლებით შეისყიდოს.
სწორედ ამ უკანასკნელ გაზსადენს უკავშირდება ბევრი ისეთი გეგმა, რაც საქართველოს, როგორც დერეფანს, კიდევ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას მიანიჭებს; კერძოდ, ლაპარაკია სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტზე, რომლის ფარგლებშიც ტრანსანატოლიური გაზსადენისა (TANAP) და შემდეგ ტრანსადრიატიკური გაზსადენისა ან სულაც ყბადაღებული „ნაბუქოს” მშენებლობა იგეგმება. ორივე შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზით გამოიკვებება, პირველი საქართველო-თურქეთის საზღვრიდან თურქულ-ევროპულ საზღვრამდე (საბერძნეთამდე) გადაიჭიმება, მეორე კი ამ პუნქტიდან ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით იტალიასა და კიდევ უფრო დასავლეთ ევროპამდე ჩაიტანს გაზს. ტრანსანატოლიური გაზსადენის მშენებლობის დაწყება 2014 წლისთვისაა დაგეგმილი, დასრულება კი – 2018-ისათვის.
საინტერესოა, რომ ამ ზაფხულს საქართველოს ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ „სოკარსა” და ბრიტანულ BP-ის წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტის განხორციელებისადმი მზაობა გამოხატა. მისი თქმით, გაზსადენის გაფართოებისთვის საქართველოში 2 მილიარდი დაიხარჯება, აზერბაიჯანიდან მიღებული იაფი გაზის მოცულობა გასამმაგდება და მშენებლობის დროს ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
ცხადია, სამხრეთ კავკავსიის გაზსადენი და მასთან დაკავშირებული გეგმები, გარკვეული აზრით, მსოფლიო დონის რევოლუციის ტოლფასია, რადგან პოლიტიკურად საკვანძო სიტყვები ამ პროექტების კონცეფციაში „რუსეთის გვერდის ავლა” და „რუსეთის გაზზე საერთაშორისო დამოკიდებულების მნიშვნელოვანი შემცირებაა”. რაც შეეხება თავად საქართველოს, უშუალო სარგებლის (იაფი გაზი) გარდა, გაზსადენი საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციებს აძლიერებს, რაც მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან არის მიბმული. სხვა თუ არაფერი, ისეთი ტრადიციული, მნიშვნელოვანი მეგაკომპანიის არსებობა საქართველოში, როგორიც BP-ია, ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით, სულ მცირე, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
დატოვე კომენტარი