არქიტექტურული მიკროკლიმატი

BV-LISI-1

რა არის მიკროკლიმატი? პატარა სივრცის კლიმატი, რაც განპირობებულია ადგილის თავისებურებით (ტყით, მინდვრით, ტბით და სხვ.).

როგორია კარგი  მიკროკლიმატი? ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, რადგან დედამიწაზე უამრავი ცოცხალი ორგანიზმია და ყველა მათგანს საცხოვრებლად ინდივიდუალური მიკროკლიმატის შექმნა სჭირდება.

თავდაპირველად ადამიანი ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა, შემდეგ გამოქვაბულში დასახლდა. მოგვიანებით გამოვიდა გამოქვაბულიდან და მიწაზე სახლი ააშენა. ის თავშესაფარს წარმოადგენდა. ადამიანი სიცივეში სახლს ათბობდა, სიცხეში კი თავს აფარებდა. არემარე სიმწვანით და სუფთა ჰაერით იყო მოცული. გავიდა დრო და ცივილიზაცია განვითარდა. ადამიანის შექმნილი მიკროკლიმატი მაკროკლიმატად გადაიქცა – ადამიანის ახლანდელი ცხოვრების სტილი გაცდენილია მის მიკროკლიმატურ საჭიროებებს და აზიანებს გარემოს, რაც თავისთავად აისახება მთელ სამყაროზე. ეს არცთუ ისე კარგი იყო. ადამიანმა კვლავ მიკროკლიმატის შექმნა დაიწყო, რადგან ეს მას ძალიან დასჭირდა…

ახლა XXI საუკუნეა. ქალაქები გადატვირთულია. უჟანგბადობა და გამონაბოლქვი ადამიანის ყოველდღიურობად იქცა მსოფლიოს თითქმის ყველა ქალაქში.  სტრესი და ხმაური იმდენად გახშირდა, რომ დასვენება თითქმის შეუძლებელია. კვირის ყოველი დღე და ყოველი საათი ერთნაირად ხმაურობს. მწვანე ფერი ნაცრისფერმა დიდი ხანია, შეჭამა…   თბილისი, ამ მხრივ, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. 1 სულ მოსახლეზე სიმწვანე 4-5 კვადრატულ მეტრს არ აღემატება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციის მიხედვით კი  1 სულ მოსახლეზე მწვანე საფარი, მინიმუმ 9 კვადრატულ მეტრს უნდა შეადგენდეს.

დღეს სიმწვანე და ჟანგბადი ჩვენი დედაქალაქის ძირითადი სისუსტეა. თბილისს მიკროკლიმატი დაკარგული აქვს. ყველაზე მეტად ეს დედაქალაქის ცენტრში იგრძნობა. თბილისის გადატვირთულმა განაშენიანებამ მწვანე საფარი პრაქტიკულად გაანადგურა და ქალაქს ბუნებრივი ვენტილაციის საშუალება დაუბლოკა.

ცენტრალურ ქუჩებში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მაღალია. ამიტომ, შემაღლებულ ფერდობებზე ცხოვრება ბევრად მოთხოვნადი გახდა. ასეთ ადგილებზე, ჰაერი შედარებით სუფთაა.

თბილისის ცენტრალური ნაწილი, უფრო მოთხოვნადია კომერციული და საოფისე დანიშნულებისთვის. ამას ინფრასტრუქტურული განვითარება და მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა განაპირობებს. საცხოვრებლად უმჯობესია ცენტრთან შორიახლო მდებარე უბნების ან ქალაქის შემოგარენის შერჩევა. ნაკლები ხმაური და სუფთა ჰაერი, ცხოვრებისთვის ბევრად უკეთეს და კომფორტულ პირობებს ქმნის. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დედაქალაქის შემოგარენისა თუ ახალი  საცხოვრებელი უბნების განაშენიანების დაგეგმვა სარეკრეაციო ზონების და მწვანე საფარის რეკომენდირებული მინიმუმის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

ჩვენ, როგორც ყველა ცოცხალ არსებას გვჭირდება მიკროკლიმატი, არქიტექტურული მიკროკლიმატი. ადგილი, სადაც ისე ავაშენებთ, რომ არაფერს დავაზიანებთ, სადაც ეკოლოგიასა და განაშენიანებას შორის ჯანსაღი ატმოსფერო და ბუნებრივი სიმწვანე დომინანტურია. სადაც იდგმება სახლი, იქნება ჟანგბადი, ბევრი ხე და არც ჰაერზე ბავშვის გასეირნება შეგვეშინდება.

არქიტექტურული მიკროკლიმატი არ არის მხოლოდ ეკოლოგია. ის შეიცავს ყველა იმ ფაქტორს, რომლებიც თანამედროვე ადამიანის ჯანსაღი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ცხოვრებისათვის აუცილებელია.

მსოფლიოს მრავალ ქალაქში არსებობს დასახლებები, სადაც არქიტექტურული მიკროკლიმატის დამსახურებით, იდეალური საცხოვრებელი და სამუშაო გარემოპირობებია. ერთ-ერთ ასეთ მაგალითს წარმოადგენს ტიბიდაბოს მთა ბარსელონაში. დასახლებული უბანი ზღვის დონიდან 512 მეტრზეა. ის მთელ ბარსელონას ზემოდან გადმოჰყურებს. საცხოვრებელი სახლები და ოფისები მთაზეა განთავსებული და ეს ადგილი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბნად ითვლება, რაც მისი არქიტექტურული მიკროკლიმატით არის განპირობებული. ამ ადგილას ყველა ისვენებს- ადგილობრივი მაცხოვრებელიც და სტუმარიც. ჯანსაღი ატმოსფერო, სუფთა ჰაერი და სიმშვიდე იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მოწყვეტილი ხარ მეგაპოლისის ხმაურს და ძალიან შორს ხარ მისგან. სურვილის შემთხვევაში, 15-20 წუთში ქალაქის ცენტრალურ ადგილას ამოყოფ თავს. ტიბიდაბოს მთაზე უამრავი ტურისტი იყრის თავს, რომლებიც ერთჯერად კონტეინერში მოთავსებული ზეთის ხილის ნაყოფის ჭამით და ზაფხულის ეგზოტიკური სიგრილით, თვალს ადევნებენ მზის ჩასვლას ბარსელონას თავზე. მიუხედავად ხალხმრავლობისა,  ერთმანეთს ხელს არავინ უშლის. საცხოვრებელი სახლები, ბილიკები, ტურისტული ცენტრი და ატრაქციონები ისეა განლაგებული, თითქოს ყველაფერი იზოლირებულია. სინამდვილეში, ეს ყველაფერი ერთიანია და საუკეთესო არქიტექტურულ მიკროკლიმატს ქმნის.

დღეს ავსტრიის დედაქალაქი სიმწვანით ამაყობს. ვენა მსოფლიოს ყველაზე მწვანე ქალაქია. 1 სულ მოსახლეზე 115-დან 120 კვადრატულ მეტრამდე მწვანე განაშენიანების ზონაა. მიუხედავად ამისა, ვენაში ყველაზე პრესტიჟულ საცხოვრებელ და სამუშაო ადგილს მის უმაღლეს წერტილში განთავსებული არქიტექტურული შენობები წარმოადგენენ, რასაც ამ ადგილის განსაკუთრებული მიკროკლიმატი განაპირობებს. ადგილი, რომელსაც დობლინგი ეწოდება, ვენის მე-19 რაიონში, ზღვის დონიდან 542 მეტრზე მდებარეობს.

სიმწვანე და ეკოლოგია ყველა ქალაქის მცხოვრებლების უმეტესობის ერთპიროვნული და სწორი არჩევანია. მაგრამ ბუნებასთან და ჯანსაღ ატმოსფეროსთან ერთად,  ვერ გავექცევით ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებულებას, რომელიც თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ადამიანები მიილტვიან ისეთი ადგილებისკენ, სადაც უსაფრთხოება, კარგი გარემო და ინფრასტრუქტურა თანაბრად ქმნის კომფორტს.

ამ თვალსაზრისით, გამონაკლისი არც თბილისია. დედაქალაქის უკიდურეს საზღვრებთან და მის შემოგარენში მდებარე ადგილები გამორჩეულ კომფორტთან ასოცირდება. განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, როდესაც სახლში ყოფნისგან დაღლილი მოსახლეობის ერთ-ერთ უმთავრეს აქტივობას სწორედ ეკოლოგიური ზონების მონახულება წარმოადგენს. ეს კი სწორედ იმ მიკროკლიმატით არის განპირობებული, რომლის დეფიციტსაც თბილისის მოსახლეობის უმეტესობა განიცდის.

დედაქალაქის ლანდშაფტი კლიმატურად განსხვავებულ პირობებს გვთავაზობს. უჰაერო  და ნაცრისფერი დაბლობიდან 15 წუთის სავალზე, სიმწვანეში და ჟანგბადით გაჯერებულ ატმოსფეროში  შეგიძლია მოხვდე. თბილისის საზღვრებსშორისი სიახლოვე გადაადგილებას ამარტივებს.

ამ კუთხით, ვიზიტორების საყვარელ ადგილს დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ლისის ტბა და მის გარშემო არსებული მწვანე ზონა წარმოადგენს. ლისის ქედის  პოპულარობას მისი მდებარეობა და ინფრასტრუქტურა განაპირობებს. ევროპული ქვეყნების მსგავსად, აქაც მულტიფუნქციურ განაშენიანებას ვხვდებით. ტბა, სასეირნო ბილიკები, საცხოვრებელი სახლები, სკოლა, კაფეტერია, იპოდრომი, ველობილიკები,  სამუშაო სივრცეები… ეს ყველაფერი ზღვის დონიდან 624 მეტრზე მდებარეობს –  ადგილზე, სადაც ჟანგბადია, სიმწვანეა. ბევრ ნაცნობს შეიძლება შეხვდე ან შენთვის იყო იზოლირებულად. შეგიძლია იოგათი დაკავდე ან ალკოჰოლური სასმელი დააგემოვნო. აქ შეგიძლია ირბინო ან უბრალოდ ისეირნო, დაისვენო ან საქმიანი შეხვედრა გქონდეს. ასეთ ადგილებზე ადამიანი ბედნიერი და მშვიდია. აქ კარგი მიკროკლიმატია, არქიტექტურული მიკროკლიმატი ტყით, მინდვრით, ტბით…

გააზიარე