ერთფეროვნება, რომელიც არ გვაქვს

WEB-GENERAL-22042606

გარკვეულ ეტაპზე ადამიანები ცხოვრების ერთფეროვნებაზე ვიწყებთ ფიქრს. რუტინული ქმედებებით გაჯერებულ ყოველ დღეს მრავალ საერთოს ვუძებნით როგორც წარსულთან, ასევე მომავალთან. გამუდმებით სიახლისკენ, მრავალფეროვნებისკენ მიგვიწევს გული, მაგრამ ჩვენი ფიქრები ხშირად ერთფეროვანია და სწორედ მათ ტყვეობაში ვექცევით.

რეალური ცხოვრება განსხვავებულია იმ ცხოვრებისგან, რომელსაც ჩვენივე ფიქრებში ვქმნით. უბრალოდ, ხანდახან თითქოს იმ მრავალფეროვნების იგნორირებას ვახდენთ, რომელიც ყოველწამიერად ჩვენ გარშემოა, შთამბეჭდავი თავისებურებითა და უნიკალურობით.

ფსიქოლოგები ხშირად გვთავაზობენ ე.წ. გონებამახვილობის განსავითარებელ სავარჯიშოებს, რომელთაც, გავრცელებული ტერმინით, Mindfulness-ს ვუწოდებთ. სავარჯიშოები მრავალფეროვნების შესაგრძნობად და იმ ერთფეროვან აზრთა გასაფანტადაა განკუთვნილი, რომელთა ტყვეობაშიც ძალიან ხშირად ვექცევით.

დეტალურად თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ არასოდეს თენდება ერთნაირად, არც ის ხმებია ერთნაირი, რომელთაც ჩვენი ყური შეეჩვია, არც ყოველ დილით მირთმეულ ჩაის ან ყავას აქვს ერთი და იგივე გემო, უბრალოდ, ჩვენს გონებაშია ის ერთნაირი, რადგან ჩვენ ასე გადავწყვიტეთ. სწორედ ეს იწვევს იმ ერთფეროვნების შეგრძნებას, რომელიც რეალურად მუდმივად განსხვავებულია.

თუ დააკვირდებით, რაც უფრო ცხელა, დასალევად უფრო ცივი წყალი გვინდა, რაც უფრო ცივია წყალი, უფრო ნაკლებად აქვს გემო. რატომ არის ასე? რადგან სიცხეში ტვინი წყლის ტემპერატურაზეა ორიენტირებული და არა გემოზე. არადა ორგანიზმისთვის ოთახის ტემპერატურის  წყალიც ისეთივეა, როგორიც ცივი, რადგან სხეულისთვის მთავარია, სითხის დანაკლისი შეივსოს. ცივ წყალს ორმაგი დატვირთვა აქვს; ერთი – სხეული წყლით შეავსოს და მეორე – სიამოვნება მოგვგვაროს. სწორედ ამ უკანასკნელის დამსახურებით აკეთებს ჩვენი ტვინი არჩევანს ცხელ ამინდში ცივზე და არა თბილ წყალზე. ჩვენი ტვინი მსგავსად რეაგირებს  მოვლენებზე, საცხოვრებელ გარემოზე…

ფუნქციურად, სახლების უმრავლესობას ერთნაირი დატვირთვა აქვს – ჩვენ მათში ვცხოვრობთ. მოგვწონს თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ მხოლოდ ცხოვრება არ არის საკმარისი ბედნიერებისთვის, მრავალფეროვნებისთვის და სამყაროს შემეცნებისთვის. ცალკეულად აღებული ცხოვრება, ყველანაირი გარემოპირობების გარეშე, უბრალოდ მოსაწყენია. გარემოპირობებს ბუნება ქმნის, ჩვენ კი არჩევანს ვაკეთებთ მასზე. მთავარი, სწორი გადაწყვეტილების მიღებაა, დანარჩენს კი შესაძლებლობისამებრ მოვიმოქმედებთ. ბუნებასთან ახლოს ცხოვრებას, შედეგი ერთნაირი აქვს. არ აქვს მნიშვნელობა რა ზომის სახლს ავიშენებთ ან შევიძენთ ტყესთან, ჰაერი ნებისმიერ შემთხვევაში იდენტურია.

როგორც ყველაფერს, ჩვენს ცხოვრებასაც თუ ზოგად ჭრილში შევხედავთ, დავინახავთ, როგორ შეგვიძლია ერთფეროვანი ხედვის შეცვლა და მრავალფეროვანი გარემოს აღქმა.

დავიწყოთ სახლით. სად ვცხოვრობთ და სად გვინდა, რომ ვცხოვრობდეთ, ამის განსაზღვრა მარტივია, თუ ლოგიკურ ჩარჩოებს არ ვცდებით და ოცნებებში არ მივდივართ. მოდი, განვიხილოთ, რა არის სახლი, რა ფუნქციას ასრულებს ის ჩვენთვის და შემდეგ თავად განვსაჯოთ, რამდენად მოგვწონს ის.

სახლი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ სახლში ვცხოვრობთ, ვმუშაობთ, ვისვენებთ. მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახლის ვიზუალურ მხარეს, მის მდებარეობას და ყოველივე იმის ხელმისაწვდომობას, რაც ჩვენთვის აუცილებელია. ამ მოცემულობას კი თავად ვადგენთ. ვიღაცისთვის ტყეში ან ტყესთან ახლოს მდგომი ხის სახლია ოცნების წყარო, ზოგიერთისთვის დიდი სამეზობლოა მნიშვნელოვანი, ხანდახან ხალხი, მანქანაზე მიბმულ ვაგონში ცხოვრობს და არანაკლებ ბედნიერია ვიდრე ვილაში მცხოვრები ადამიანი.

თუ საცხოვრებელი სახლი არ შეესაბამება ჩვენს საჭიროებებს, ის მალევე იქცევა რუტინულ, ერთფეროვან და მოსაწყენ ადგილად. რაც არ უნდა გვიყვარდეს, ეს მაინც გარდაუვალია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სახლი ჩვენს კომფორტზე იყოს მორგებული.

თუ თქვენი დილა ვარჯიშით ან სეირნობით იწყება, უმჯობესია ბილიკები თქვენი სახლის შემადგენელი ნაწილი იყოს, სადაც ყოველთვის შეძლებთ გასვლას, ნებისმიერ მონაკვეთში და ისიამოვნებთ იმით, რაც თქვენი მოწოდება და გატაცებაა. შეიძლება ამ სურვილისთვის სოფლად გადასვლაც კი ამჯობინოს ადამიანმა, თუმცა შედარებით იშვიათად, ჩვენი ყოველდღიურობიდან გამომდინარე.

შეიძლება არ ვარჯიშობთ, მაგრამ დილა თქვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც აივანზე გახვალთ ფინჯანი ყავით და დილის ხმებით გაჟღენთილ ბუნებას დაუგდებთ ყურს, სუფთა ჰაერზე, სადაც ქალაქის გაღვიძებას ზემოდან გადახედავთ და დღის გეგმებსაც თამამად  დააწყობთ. ან უბრალოდ ბუნების ხედით დატკბებით, სადაც მანქანის ხმის ნაცვლად, ბუნების ხმებს გაიგებთ.

ალბათ ცურვით დაწყებულ დღეზე ბევრჯერ გვიფიქრია, მრავალი ჩვენგანი სწორედ ასე იქცევა.  ფიზიკური გამოფხიზლება გონებას აცოცხლებს, სასიამოვნო ენერგიით ავსებს, რაც მთელი დღის განმავლობაში მოგვყვება. თუ ასეთი ტიპის დღე თქვენთვისაც მნიშვნელოვანია, ჩვენი სახლის სიახლოვეს აუზი, ტბა ან მცირე ზომის მდინარე კარგი გამოსავალია. ცურვით მიღებულ სარგებელზე ბევრს არ გესაუბრებით. ალბათ ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ფიზიკური აქტივობის ამ სახეობას მხოლოდ დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენს ჯანმრთელობაზე – რა თქმა უნდა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. უკეთესი ძილი, ხასიათის გაუმჯობესება, ნაკლები სტრესი, მთელი სხეულის კუნთოვანი სისტემის ჩართულობა და კალორიების ჯანსაღი წვა, ეს ძალიან მოკლე ჩამონათვალია იმ სასარგებლო შედეგების, რასაც ცურვისგან ვიღებთ. დღე, ღამე, შუადღე – ცურვისთვის ნებისმიერი დრო შეგვიძლია შევარჩიოთ.

აქტივობები მრავალფეროვანია დღის ნებისმიერ მონაკვეთში. მთავარია, ჩვენ რას ავირჩევთ, ერთფეროვნებას თუ მრავალფეროვნებას. ამ არჩევანში კი უდიდესი როლი ჩვენს საცხოვრებელ ადგილს უჭირავს, იმას, თუ რა გვაქვს გარშემო ხელმისაწვდომი. ზუსტად ამისთვის გვჭირდება სწორი არჩევანის გაკეთება, ისეთის, რომელიც მართლა მოგვწონს, მართლა ჩვენია და ბედნიერებას გვგვრის.

ასეთი გამოთქმა არსებობს „უდაბნოს მკვიდრი თევზს ვერასოდეს შეჭამს“. მარტივი ლოგიკაა, სადაც არ არის წყალი, იქ არც თევზია… თუმცა, ზოგიერთი ჩვენთაგანისთვის პირიქითაა. მთავარია მოგვწონდეს იქ, სადაც ჩვენი სახლია.

ამიტომ, თუ ჩვენ მრავალფეროვნება გვიყვარს, ყველაფერი ვეცადოთ, რომ ჩვენთვის მისაღები ადგილი ავირჩიოთ საცხოვრებლად. ვიცხოვროთ სიმწვანეში, სიჯანსაღით და სიმშვიდით. სადაც ყველაფერია ბედნიერებისათვის.

ჩვენ ერთფეროვნება არასოდეს გვაქვს, ჩვენ მას ვქმნით.

ახლა გაზაფხულია, ბუნება მრავალფეროვანია, საუკეთესო დროა ჩვენი მრავალფეროვნებისთვის!

გააზიარე