სახლიდან ბედნიერი რომ გახვიდე, სახლშიც ბედნიერი უნდა იყო. ეს არის ძირითადი მოტივი, რისთვისაც საცხოვრებელს და მის ადგილმდებარეობას ვირჩევთ. და თუკი რეალური მოცემულობა არ ემთხვევა იდეალურ ოცნებებს, ეს ცვლილებისთვის საუკეთესო მოტივაციაა.
ურბანული განაშენიანება საკმაოდ გადატვირთულია, ასეა უმეტესად, მთელ მსოფლიოში. თანამედროვე ცხოვრებიდან გამომდინარე, ქალაქის ცენტრებმა სხვა ფუნქციური დატვირთვა შეითავსეს. ადგილები, სადაც არ ვისვენებთ, მაგრამ დროს ნაყოფიერად და კომფორტულად ვატარებთ: სამუშაო სივრცე, კაფე, სხვადასხვა შეხვედრის ადგილი, მაღაზიები – ეს ქალაქის ცენტრისათვის დამახასიათებელი ობიექტებია.
საბედნიეროდ, ადამიანის მრავალფეროვან გემოვნებაზე მორგებული არჩევანი გვაქვს. ეს არ არის არჩევანი კარგსა და ცუდს შორის, ეს არჩევანი ცხოვრების სტილიდან გამომდინარეობს. არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელსაც ურბანული ხმაური არ აწუხებს და მარტივ გამოსავალს ნახულობს – დაკეტილი ფანჯრები. ასეთი ტიპის მცხოვრებლებს არ ესაჭიროებათ შინაურული განტვირთვა. ისინი გამუდმებით მზად არიან ქალაქის ხმაურის მთავარი მონაწილენი გახდნენ.
თუმცა, არსებობენ ადამიანებიც, რომელთათვის მთავარი სახლში არსებული კომფორტია. როგორც წესი, ასეთ ადამიანებს იზიდავს სიმწვანე, სიმშვიდე, სუფთა ჰაერი, მაგრამ ამავდროულად მათთვის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურაც მნიშვნელოვანია. ამ ორი ფაქტორის შერწყმა, ქალაქის საცხოვრებელი ადგილის მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს არჩევით მიიღწევა, რაც გავრცელებული პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში.
ჩვენი შინაგანი სურვილების გარდა, არსებობს მოცემულობა, რომელთან შეგუება ან გამკლავება გვიწევს. ურბანულმა განაშენიანებამ მეტ-ნაკლებად შეცვალა ცხოვრების სტილი, რაც მცხოვრებლებზეც ახდენს გავლენას. მიუხედავად დადებითი ფაქტორებისა, ქალაქში ცხოვრება მეტ ენერგიას მოითხოვს ჩვენგან, რადგან დასვენების საშუალება ნაკლებად გვაქვს. ქალაქის ცენტრი ორიენტირებულია ყოფით კომფორტზე და ცხოვრების სწრაფ ტემპზე. ეს უკანასკნელი კი ნაკლებად ითვალისწინებს ფიზიკურ აქტივობას, ჯანსაღ გარემოს და ფსიქოლოგიურ ფაქტორებს. ვცხოვრობთ, როგორც ცხოვრებას სჭირდება და არა ისე, როგორც ჩვენ გვინდა, რომ ვიცხოვროთ.
ბოლო პერიოდში მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ქალაქების ზრდის ტენდენციაა. ეს პროცესი განსაკუთრებით დედაქალაქებისთვისაა დამახასიათებელი. ქალაქის ზრდასთან ერთად, უძრავი ქონების მიზნობრიობაც იცვლება. ქალაქის ცენტრი ასოცირდება სამსახურთან და აქტიურ გართობასთან, ქალაქის შემოგარენი კი კომფორტთან და სიმშვიდესთან. ამას მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა განაპირობებს. თანამედროვე ადამიანის საქმიანი დღე დიდ გონებრივ რესურსს მოითხოვს. ამიტომ მას დღის მეორე ნაწილის გატარება უფრო მშვიდ და კომფორტულ გარემოში ურჩევნია. ეს ადამიანს ძალების აღდგენასა და საკუთარი პროდუქტიულობის გაზრდაში ეხმარება.
მიუხედავად მრავალი რეგულაციისა და კანონისა, იდეალურ გარემოში ცხოვრება რთული ამოცანაა. ვცხოვრობთ მოცემულობაში, ამიტომ ვფიქრობთ უკეთეს გარემოზე.
დიდი ხანია, ჩვენს ქვეყანაში არსებობს აგარაკის კულტურა, რომელიც განტვირთვისათვის იყო და არის განკუთვნილი. სუფთა ჰაერი, წყნარი და ჯანსაღი გარემო, დასვენება, სეირნობა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა – ეს ყველაფერი აგარაკის ან სოფლის მოგონებებად დარჩა. დღევანდელი ცხოვრების რიტმი ქალაქისგან დიდი ხნით მოწყვეტის საშუალებას არ იძლევა. დასაქმებულ ადამიანთა უმრავლესობას სჭირდება ქალაქთან სიახლოვე. სწორედ ამიტომ, მშვიდ გარემოში ცხოვრება ყველაზე კომფორტულ გადაწყვეტილებად შეიძლება მივიჩნიოთ – იქ, სადაც ბუნება, ჰაერი და ჯანსაღი გარემო, ქალაქის ცენტრის სიახლოვესთან ერთად არის ხელმისაწვდომი.
ბოლო წლების პანდემიამ და მათ შორის ლოქდაუნმა, კიდეც ერთხელ ხაზი გაუსვა ისეთ გარემოებებს, როგორიც არის საკუთარი სივრცის კომფორტი და ჯანსაღი გარემო. მეტად დავაფასეთ სიმწვანე, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქალაქში დეფიციტურია და სივრცე, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში პრაქტიკულად არ არსებობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებიც მრავალი წელია ამაზე მიუთითებს. 9 კვადრატული მეტრი სიმწვანე – ეს არის ის მინიმუმი, რაც ერთ სულ მოსახლეზე აუცილებელია იმისათვის, რომ საცხოვრებელი გარემო ჯანმრთელობისთვის არასაზიანოდ ჩაითვალოს.
საბედნიეროდ, ჩვენი დედაქალაქის ლანდშაფტი იძლევა სიმწვანეში ცხოვრების შესაძლებლობას. თბილისის ქედთა სისტემა საუკეთესოა დასახლებისთვის, განსაკუთრებით ის ადგილები, სადაც წყალია – სახასიათო და სასარგებლო მიკროკლიმატიდან გამომდინარე.
მიუხედავად პოპულაციის მცირე მონაცემისა, თბილისი საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქად იქცა. ეს მრავალი ფაქტორითაა განპირობებული. ის, რაც ისტორიის მანძილზე იყო დედაქალაქისთვის დამახასიათებელი, კვლავ შენარჩუნებულია – თბილისი ეკონომიკური ცენტრების გარშემო ვითარდებოდა. დღევანდელ თბილისს სხვადასხვა და განსხვავებული ტიპის ცენტრი გააჩნია. შესაბამისად, ქალაქის განაშენიანებაც თემატურობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე განვითარდა. ადრე თუ ცენტრებს სადალაქოები, სამიკიტნოები, საოქრომჭედლოები წარმოადგენდა – დღეს მეგაპოლისური ტიპის შენობები, კინოთეატრები, კვების ობიექტები, სავაჭრო და ბიზნესცენტრები წარმოადგენს – ეს კი მრავლადაა ჩვენს ქალაქში. ამიტომ, ქალაქის ხმაური, გადატვირთული მოძრაობა და სუფთა ჰაერის ნაკლებობა ჩვენი ქალაქის დამახასიათებელი მოვლენებია – დამახასიათებელი ფაქტორებით. ქალაქის ცენტრი კორელაციაშია ხმაურთან, ვუახლოვდებით ცენტრს – იზრდება ხმაური. ვშორდებით ცენტრს – ხმაური კლებულობს.
ჩვენ გამონაკლისს არ წარმოვადგენთ. თბილისიც ასეთია, ქალაქში ცენტრში ხმაური, ცენტრის შორიახლოს კი სიმშვიდე.
განვითარებულ და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის მუდმივი თავსატეხია ეკოლოგიასა და ჯანსაღ გარემოზე ზრუნვა. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, რეალურ და ყველაზე პრაქტიკულ გამოსავალს მოსახლეობა პოულობს. ისინი ქალაქის მშვიდ უბნებში ინაცვლებენ საცხოვრებლად, სადაც სიმწვანე მეტია, სუფთა ჰაერი მრავლადაა და დასახლება არ არის მჭიდრო. შესაბამისად, სივრცე ყველასთვისაა, რომელსაც სურვილის მიხედვით იყენებს თითოეული მცხოვრები.
ჯანსაღ გარემოში და მშვიდ უბნებში საცხოვრებლად გადასვლის პროცესი ბოლო 10-15 წელია, ჩვენს ქვეყანაშიც გააქტიურდა. ეს განაპირობა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა, რომლებიც, კერძო თუ სახელმწიფო სექტორის დახმარებით, ქალაქის საზღვრებს გარეთ ცხოვრებას განსაკუთრებულად კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის. ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე ცხოვრება უალტერნატივო გადაწყვეტილებაა ადამიანებისათვის, ვისთვისაც ჯანმრთელობა და მშვიდი ნერვული სისტემა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სამსახური და კარიერული წარმატება.
ადგილი, სადაც მოწყვეტილი არ ხარ ქალაქს, სუფთა ჰაერია, დიდი სივრცე, ბუნებრივი ლანდშაფტი, ლამაზი საცხოვრებელი შენობები და ცხოვრების მაღალი სტანდარტი. ასეთ ადგილს ქალაქის ცენტრში ვერ იპოვით. ეძებეთ მის სიახლოვეს სადაც სიმწვანეა, სადაც წყალია და ჯანსაღი გარემო. ქალაქის გზა ამ ადგილამდე მარტივად მიგიყვანთ.