ჯანსაღი საცხოვრებელი

Forbes-WEB-22091501

წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ადამიანები ჯანსაღად ცხოვრობენ, არიან ბედნიერები და სრულფასოვანი ცხოვრებით ტკბებიან. ტერიტორია, სადაც ინფრასტრუქტურა და ბუნება თანაბრად ხელმისაწვდომია, სხეული და გონება კი – ჰარმონიაში. ალბათ, უმეტესობისთვის ეს ყველაფერი ზედმეტად იდეალისტური ოცნებებია, ყოველ შემთხვევაში დედაქალაქში ხელმიუწვდენელი კონცეფტი, რომელსაც თითქოს ირეალურ სამყაროში მივყავართ…

ყველაფერი სხვაგვარადაა. ეს ყველაფერი რეალურია, უკვე არსებული და სავსებით ხელმისაწვდომი. მეტიც, ეს ერთადერთი გამოსავალია იმ მძიმე სიტუაციის დასაძლევად, რომელსაც დღეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით; ხმაური, მტვერი, მძიმე ჰაერი და ბეტონის ტყე… სამწუხაროდ, ეს თბილისია, ოდესღაც, სილამაზითა და ინდივიდუალობით სახელგანთქმული. ჩვენი დედაქალაქის საამაყო იერსახის ნაშთები, მხოლოდ თბილისის ისტორიულ ნაწილშიღა შემორჩა. სწორედ იქ, სადაც პარალელურად ჰარმონიული სამოსახლო აშენდა, თანამედროვე, კომფორტული და ბუნებრივი იდენტობით გაჯერებული.

ისტორიულად, ადრეული ცივილიზაციები ისეთ ადგილებს ირჩევდნენ სამოსახლოდ, სადაც უსაფრთხოება, წყალი და საკვები ხელმისაწვდომი იყო. იმ პერიოდში, სუფთა ჰაერის პრობლემა არ იდგა. ურბანული ტიპის დასახლებების გაჩენამ, მოსახლეობის მიგრაცია განაპირობა – ყველა ცენტრისკენ მიემართებოდა, სადაც ამბები, სიახლეები და ჯამაგირი უფრო მომხიბვლელი იყო. ასე დაიწყო თავდაპირველი მომნუსხველი ტერიტორიის „გაფუჭება“. მჭიდრო დასახლებებმა ჰიგიენის პრობლემები წარმოშვა, რაც თავისთავად ახდენდა გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, გავრცელდა ისეთი დაავადებები როგორიცაა: ჩუტყვავილა, ქოლერა, ტიფი, დიზენტერია და სხვა. სამოსახლოდ კომფორტული ქალაქი, ჯანმრთელობისთვის არაკომფორტული აღმოჩნდა…

მე-19 საუკუნის მიწურულს, ევროპული ქალაქების მმართველობებმა, აქტიურად განახორციელეს იმჟამინდელი ტექნოლოგიური ინოვაციები, როგორიცაა საკანალიზაციო და სუფთა წყლის სისტემები. ასეთმა წინსვლამ გამოიწვია ურბანულ დაგეგმარებასა და ჯანსაღ არქიტექტურაზე ფოკუსირება, რომელმაც 1950-იან წლებში პიკს მიაღწია.

ინფექციური დაავადებების უმეტესობა, მეტ-ნაკლებ კონტროლს დაექვემდებარა. შეიქმნა ურბანული ჯანდაცვის სისტემა, რაც თავისთავად ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაზეც აისახა. ამან სიცოცხლის ხანგრძლივობაც გაზარდა.

დღეისათვის, დედაქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობა, კვლავ საფრთხის წინაშე დგას, რაც უმეტესწილად დაბინძურებული ჰაერითაა გამოწვეული, თუმცა ქალაქის ხმაურს არანაკლები სტრესი მოაქვს – საყურადღებო შედეგებით.

ურბანული ცხოვრებით გამოწვეული სტრესი, თითქოს განაჩენად იქცა ქალაქში მცხოვრები მოსახლეობისათვის. ამ პრობლემის დასაძლევად, საჭიროა როგორც ცნობიერების დონის ამაღლება, ასევე გარემო-პირობების შექმნა, სადაც ადამიანები შეძლებენ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებას, ყოველგვარი სტრესისა და ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი ფაქტორების გარეშე.

განვითარებული ქვეყნების პერსპექტივაში ე.წ. მომავლის საცხოვრებელი ადგილების შექმნა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. ძირითადად, ასეთი ტიპის უბნებისა თუ ქალაქების შექმნა, ბუნებისა და ადამიანის ჰარმონიულ შერწყმას გულისხმობს. ეკოლოგიაზე დაფუძნებულ განაშენიანებას მნიშვნელოვანი და სასიკეთო ცვლილებების მოტანა შეუძლია, რომელიც გადაჭრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სტრესი, წყალდიდობები, ტემპერატურის მკვეთრი მატება, ბიომრავალფეროვნების ნაკლებობა და დაბინძურებული ჰაერი. ერთი სიტყვით პრობლემების უმეტესობა, რომელიც სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. ამის მაგალითი კოვიდ 19-ის პანდემიამაც გვაჩვენა, ჩვენ არ შეგვიძლია დავაიგნოროთ ჩვენი კავშირი ბუნებასთან, არა აქვს მნიშვნელობა სოფლად თუ ქალაქში ვიცხოვრებთ. ბუნება და ჰაერი ყოველთვის საჭიროა.

არსებობს კვლევები, რომელიც ამტკიცებს თუ რაოდენ დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ჯანსაღ გარემოს ადამიანის სტრესისა და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე. ჯანსაღი ცხოვრების ინტეგრირება ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში; ღია პარკები, სასეირნო ბილიკები, საცურაო აუზები, სპორტული აქტივობები და სუფთა ჰაერი ხშირად, ურბანული ცხოვრების მივიწყებულ ტრადიციას ჰგავს, რომლისთვისაც დრო ან რესურსი მეორეხარისხოვანია. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევართა რიცხვი დღითიდღე მატულობს. მაგრამ რამდენად გვიწყობს ხელს ურბანული ინფრასტრუქტურა და რამდენად სასარგებლოა გამონაბოლქვით დაბინძურებულ ადგილებში სიარულითა თუ სირბილით „გაჯანსაღება“?

ჯანსაღ ცხოვრებაზე ორიენტირებული არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების პრაქტიკა, ეყრდნობა კონკრეტულ გამოცდილებას და რეალობის უკეთესობისკენ შესაცვლელად არის გამიზნული. ეკოლოგიაზე ორიენტირებული განაშენიანების მოწყობა, სადაც დამატებით არსებობს ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა, დღევანდელ რეალობაში საუკეთესო და უალტერნატივო არჩევანია.

არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, იქ სადაც შენება ზედმეტია, ხოლო რამის დანგრევა უფრო დიდი და მასშტაბური პრობლემების მომტანი, ერთადერთ გამოსავალს, ალტერნატივის ძიება წარმოადგენს. ადგილები, სადაც ქალაქის სტრესი ვერ აღწევს, ბუნება შენარჩუნებულია და საცხოვრებელი პირობები გაცილებით უკეთესია, ვიდრე საცობებითა და ხმაურით გაჯერებულ ქუჩებში.

თუ ჩვენთვის ნაცნობი პრობლემების იდენტიფიცირება მარტივია, არც იმის წარმოდგენა იქნება რთული თუ რა სიკეთე მოაქვს კომფორტს, რომელიც ჯერ არ გვიგემია საკუთარ თავზე. ცხოვრების ტემპის აჩქარებასთან ერთად, დროის დეფიციტიც მატულობს, ძირითად ენერგიას კი გადაადგილება გვართმევს – მანძილები, საცობები, სიცხე – უმეტესად ჩვენი მოტივაციისა და უენერგიობის მიზეზიც სწორედ ეს არის.

პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია ისეთი უბნების და დასახლებების შექმნა, სადაც გამაჯანსაღებელი აქტივობებისადმი ხელმისაწვდომობა, ლოკალურადაა შესაძლებელი. მაგალითად სახლთან აუზი, სახლთან მოედანი, სახლთან არსებული სკვერი, ტყე და ა.შ.

სამწუხაროდ, თბილისის არაპრაქტიკული განაშენიანების წყალობით ლოკალური სერვისების ხელმისაწვდომობა მწირია. ამიტომ, ვირჩევთ ალტერნატივას, რომელიც რუტინულ და არაჯანსაღ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის, ისევ თბილისში, მის ისტორიულ ნაწილში სადაც ქალაქის სილამაზე და ისტორიული ინდივიდუალურობა შენარჩუნებულია, სადაც სუნთქვა, ცხოვრება და დასვენება ჰარმონიულად შესაძლებელია.

გააზიარე