წყალთან სიახლოვეს ცხოვრება განსაკუთრებით სასიამოვნოა. მშვიდი გარემო, სიმწვანე, ჯანსაღი ატმოსფერო – ეს ზღაპრული მოცემულობაა რომელიც რეალური სამყაროს ოცნებებს აყალიბებს. არსებობს ადგილები, სადაც ცხოვრება სასიამოვნო და ლამაზია – სახლში და მის გარეთ.
ადამიანმა დიდი ხანია, ოცნებების ახდენა დაიწყო. როდესაც არჩევანი გვაქვს, გადაწყვეტილების მიღება გვიადვილდება – ყოველთვის უკეთესს ვირჩევთ, ჩვენთვის და ჩვენი ოჯახისთვის.
მსოფლიოში ბევრი ქალაქია სილამაზით გამორჩეული, ლამაზ ქალაქებს კი ლამაზი დასახლებები ქმნიან. ყველას გვიოცნებია გვეცხოვრა მშვიდ, მყუდრო და კომფორტულ ადგილას. ასეთი ტიპის მრავალი დასახლებაა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ჩვენს დედაქალაქშიც, სადაც მშვიდი გარემო და სასიამოვნო ატმოსფეროა.
ტბები ქალაქს განსაკუთრებულ ეკოლოგიურ კლიმატს სძენს. როგორც წესი, ტბის სიახლოვეს არსებული განაშენიანება თვალისმომჭრელი სილამაზით ხასიათდება. ტბა ბუნებრივად მშვიდი, სიცოცხლისუნარიანი და გარეგნულად მიმზიდველია. ტბისპირა დასახლებები ყოველთვის პოპულარული იყო. ძველი დროიდან მოყოლებული, ტბა ადამიანს სილამაზით და განსაკუთრებული შესაძლებლობებით იზიდავს. მრავალ ქვეყანაში, ტბის პირას ცხოვრება გამორჩეულია ცხოვრების წესით. სილამაზესთან ერთად, მნიშვნელოვანია სივრცე, რომელშიც ადამიანი თავს გრძნობს მშვიდად და თავისუფლად. ტბის სიმყუდროვე და ხედი ყველა სეზონს უხდება. ქალაქში, ტბასთან ახლოს ცხოვრება სანატრელია, ასეთი შანსის არსებობის შემთხვევაში – გადაწყვეტილების მიღებაც მარტივია.
ბლედის ტბა სლოვენიის რესპუბლიკაში მდებარეობს. ტბის გარშემო, წრიულად განლაგებული დასახლება ფუნქციურად მრავალფეროვანია. ის მოიცავს როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე სასტუმროებს და სხვადასხვა დანიშნულების შენობებს. ტბის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ბლედის სასახლე, რომელიც XVII საუკუნით თარიღდება. სეზონის მიუხედავად, ბლედის ტბა მუდმივად ხალხმრავალია. ის ტურისტებისა და ადგილობრივების თავშეყრის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილს წარმოადგენს, რაც მისი მრავალფუნქციური დანიშნულებითაა განპირობებული. ზაფხულში, ტბის ნაპირებზე რუჯის მოყვარულ ადამიანებს შეხვდებით. ზამთარში ის მცირე ზომის სათხილამურო კურორტს წარმოადგენს.
მიკროკლიმატი, საფეხმავლო ბილიკები და ველოწრე, სასტუმროები, სათხილამურო ტრასა, კაფე-ბარები, სხვადასხვა ტიპის საუნა, სარეკრეაციო ზონა, ინფრასტრუქტურა ბლედის ტბას განსაკუთრებულ და სასიამოვნო სიმყუდროვეს სძენს.
ჰალშტატი ავსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ ადგილს წარმოადგენს. მარილის მთებსა და ტბას შორის მოქცეული პატარა ქალაქის სილამაზე იმდენად შთამბეჭდავია, რომ დისნეის გუნდმა ზღაპრულ სამყაროს რეალური სივრცე შეურჩია. ვისაც მულტფილმი „Frozen” („გაყინული“) გინახავთ, აუცილებლად შენიშნავდით ტბის პირას განლაგებულ მშვენიერ პატარა ქალაქს. ეს ჰალშტატია – მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი. ჰალშტატერის ტბასთან მდებარე ქალაქს დიდი ისტორია აქვს. ის იუნესკოს მსოფლიო ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. ჰალშტატი ევროპის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. ის მიჩნეულია მსოფლიოს პირველ მარილის საბადოდ. „ავსტრიის მარგალიტი“ – ასე უწოდებენ ქალაქს, სადაც ყველა სახლი ტბას გადაჰყურებს. ჰალშტატის კლიმატი გამორჩეულია. მკაცრად კონტროლდება ჰაერის სისუფთავე. მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, დილის 10-დან საღამოს 5 საათამდე, ჰალშტატში აკრძალულია ავტომობილით გადაადგილება. ნაოსნობით, მეკლდეურობითა და ლაშქრობით გატაცებული ადამიანები ჰალშტატში დაუვიწყარ გამოცდილებას მიიღებენ.
„შვებულების სამოთხეს“ უწოდებენ ნიუ-იორკის შტატში მდებარე პატარა ტბისპირა ქალაქ ლეიქჯორჯს. ქალაქის სახელი ტბის სახელს ზუსტად იმეორებს. „ყველაზე ლამაზი წყალი, რაც კი მინახავს“ – ასე აღწერა ეს ადგილი ამერიკის მესამე პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმა. ლეიქჯორჯზე ცხოვრება და დასვენება პრივილეგიაა, ამას ვიზიტორები ადგილზე აცნობიერებენ. ნიუ-იორკის ურბანული ცხოვრებისგან თავის დასაღწევად, ლეიქჯორჯი დამსვენებელთათვის განსაკუთრებულ ადგილს წარმოადგენს. განტვირთვა, დასვენება და ბუნებასთან სიახლოვე – სინთეზი, რომელიც იდეალურ გარემოს ქმნის ადამიანისათვის. ნიუ-იორკიდან დაახლოებით 4 საათის სავალზე მდებარე პატარა ქალაქი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ლეიქჯორჯში ორ საუკუნეზე მეტია, თითქმის უწყვეტ რეჟიმში ჩადიან დამსვენებლები. მუზეუმები, ატრაქციონები, საჯინიბო, კინოთეატრი, სანაპირო – ეს ყველაფერი ერთად, ტბისპირასაა განთავსებული.
ტბები ორანკეზეე და ობერზეე გერმანიაში, ქალაქ ბერლინში მდებარეობს. ისინი გვერდიგვერდ არიან განლაგებული. ტბების გარშემო არსებული სიმწვანე ქალაქიდან მოწყვეტის ილუზიას ქმნის. ტბებთან მდებარეობს ტყე-პარკი, რომელსაც გარედან საცხოვრებელი სახლები აკრავს. თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ბუნებრივი ლანდშაფტი ერთმანეთთან შეხამებულია. მშვიდ და კომფორტულ გარემოში განთავსებული შენობები ბუნებრივადაა შერწყმული მწვანე საფართან, რაც ერთიანობაში ქმნის ჰარმონიულ უბანს, სადაც ყველაფერია იმისთვის, რომ იქ მცხოვრებმა თავი კომფორტულ და სრულყოფილ გარემოში იგრძნოს.
პარიზში, ახლანდელი კრეტეის ტბა ძველი კარიერის გადაკეთების შედეგად ჩამოყალიბდა. ახალი ურბანული გეგმარების შემუშავებამ კრეტეი ფუნქციურად მთლიანად შეცვალა და ტბის გარშემო არსებული დასახლება ინდუსტრიული ზონიდან დასასვენებელ ადგილად აქცია. ამას ხელი შეუწყო კრეტეის მეტროს ხაზის დაკავშირებამ პარიზის ცენტრალურ მეტროსადგურთან. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მიღებულმა გადაწყვეტილებამ სრულიად შეცვალა კრეტეის ფუნქციური დატვირთვა და პარიზის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად აქცია განტვირთვისა და დასვენებისთვის.
საბედნიეროდ, თბილისშიც გვაქვს ტბები. ოთხი ძირითადი ტბა: გლდანის ტბა, კუს ტბა, თბილისის ტბა და ლისის ტბა. ადგილები, სადაც ხშირად ვსტუმრობთ. თბილისის ცენტრიდან გლდანისა და თბილისის ტბამდე 20 კილომეტრია. კუს ტბამდე – 12, ხოლო ლისის ტბამდე – 10. ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრები თითქმის ყოველდღიურად გვხვდებიან ამ ტბების გარშემო. სხვადასხვა ქვეყნის მსგავსად, ჩვენს დედაქალაქშიც გაიზარდა ტბასთან ცხოვრების მსურველთა რაოდენობა. ეს რამდენიმე ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული: გამართული ინფრასტრუქტურა, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სარეკრეაციო ადგილები, განაშენიანება.
მოიძებნება ტბასთან ადგილი, როგორც მსოფლიოს დიდ ქალაქებში, ასევე თბილისშიც. ჩვენი გადასაწყვეტია, სად ვიცხოვრებთ, რომელ ტბასთან. ალბათ იქ, სადაც ეკოლოგია, სიმშვიდე და ინფრასტრუქტურა კომფორტულ ცხოვრებას შემოგვთავაზებს.