ქალაქები მთელი ხმელეთის დაახლოებით 3%-ს იკავებს. მიუხედავად ამისა, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქებში ცხოვრობს. ქალაქში ცხოვრება ადამიანებს ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს, რაც წარმოშობს ერთიან, დიდ, ფიზიკურ, ბიოლოგიურ და კულტურულ ძალას. ქალაქში ცხოვრება, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, ბევრს მოსწონს, ზოგს სჭირდება, ზოგისთვის კი შემაწუხებელია. ვისთვისაც ქალაქი ზედმეტად ხმაურიანია, ის ქალაქის გარეთ მიემართება საცხოვრებლად. დღევანდელი ბლოგი ქალაქში ცხოვრებას ეხება, კერძოდ კი იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ქალაქში ცხოვრებას უფრო კომფორტულს და ჯანსაღს ხდის.
ყველა ქალაქს ორი მხარე აქვს. ადგილი, სადაც ხმაურია და ადგილი, სადაც სიმშვიდეა. თავდაპირველად ქალაქები ხალხმრავალი ადგილებისა და ხმაურისგან იქმნებოდა. ხმაური უყვარდა ძველ მოსახლეობას, რადგან ის სიცოცხლესთან ასოცირდებოდა. თუმცა მაშინ სხვა დრო და მოცემულობა იყო. ადამიანი, რომლის ცხოვრება ბიოლოგიურ საათზე იყო მორგებული, შებინდებისას ძილს და მამლის ყივილზე გაღვიძებას იყო ნაჩვევი.
დღეს სხვა რეალობა გვაქვს. ცხოვრების ტემპი აჩქარებულია, სამუშაო დრო – გაზრდილი, შესაძლებლობები გაცილებით მეტია და ამავდროულად დამღლელიც. დრო სწრაფად გადის და დასვენება უფრო მეტად გვჭირდება – უფრო გონებრივი, ვიდრე ფიზიკური. გონებას კი სიმშვიდე უყვარს, ამ დროს ისვენებს.
საზღვარგარეთ ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი ხალხმრავალ და ხმაურიან უბნებში მუშაობს, ხოლო ისეთ ქუჩებს, სადაც ღამის ხმაური ნაკლებად შემაწუხებელია, საცხოვრებლად ირჩევს.
მიუხედავად იმისა, რომ ხმაური და სიწყნარე რადიკალურად განსხვავებული მოცემულობებია, თანამედროვე ეპოქაში, ბალანსის დასაცავად, ალბათ ორივე საჭიროა, ოღონდ – ერთმანეთისგან დისტანცირებულად. ბოლო ორი წელია, რაც კაცობრიობამ სახლში ყოფნისა და ნაკლები ხმაურის გემო გაიგო, თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მერე კი ბევრი ადამიანი მიხვდა, რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია მხოლოდ ხმის გაგონების დონეზე ან ვიდეოჩართვით არ აკმაყოფილებს… მოგვენატრა ხმაური, გართობა, სამსახურში ფიზიკურად წასვლა…
უცხო ქვეყნების მაგალითის მსგავსად, ჩვენი დედაქალაქის მცხოვრებლებში უხმაურო უბნებში ცხოვრების ტენდენციამ საგრძნობლად იმატა. ეს კი რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული; გაიზარდა მოთხოვნა ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოზე, ასევე გამართულ და ადვილად ხელმისაწვდომ ინფრასტრუქტურაზე.
თბილისი, თავისი ისტორიული დასაბამიდან მოყოლებული, ცენტრის გარშემო ვითარდებოდა. დღემდე ასეა: მიუხედავად დედაქალაქის გაფართოების ტენდენციისა, ძირითადი და დატვირთული მუხტი მაინც ცენტრალურ უბნებზე მოდის, რაც მისი აქტიური განაშენიანებითაა გამოწვეული. თანდათანობით, ქალაქის ცენტრალური ნაწილი უფრო და უფრო მეტ ხმაურთან ასოცირდება. ეს ქალაქის განვითარების ერთ-ერთი სახეა, რომელიც განვითარებად ქვეყნებში ხშირად შეუქცევად პროცესად ყალიბდება…
ქალაქის ცენტრისგან მოშორებით ცხოვრება მრავალ განვითარებულ ქვეყანაში რაციონალურ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებად მიიჩნევა. მიზეზები სხვადასხვაგვარია, თუმცა ძირითადი მოტივი, რომელიც ცენტრალური უბნებიდან მოშორებით ცხოვრების გადაწყვეტილებისგან უბიძგებს ადამიანს, სიმშვიდე და კომფორტული გარემოს ხელმისაწვდომობაა.
საბედნიეროდ, დღეისათვის არსებული ინფრასტრუქტურული განვითარება თბილისის გამორჩეულად წყნარ და ეკოლოგიურად ჯანსაღ უბნებში ცხოვრების საშუალებას იძლევა. დედაქალაქის შემაღლებულ ფერდობებზე განლაგებული ახალი საცხოვრებელი შენობები ამის თვალსაჩინო მაგალითია. ადგილები, სადაც ბევრი სიმწვანე და სიმშვიდეა.
თანამედროვე არქიტექტურისა და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურის გარდა, ძირითადი აქცენტი ჯანსაღ გარემოზეა გაკეთებული, რაც, შეიძლება ითქვას, იდეალურ საცხოვრებელ გარემოს ქმნის.
გლობალური ურბანიზაციის პროცესი თითქმის მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, გაზრდილია, განსაკუთრებით – უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, 1950-იანი წლებიდან მოყოლებული 2020 წლამდე, თბილისის მცხოვრებთა რაოდენობა მილიონზე მეტით გაიზარდა.[1] 2050 წლისათვის ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება, დაახლოებით 150 000 ადამიანით.
ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ მიუხედავად რეგიონალური განვითარებისა, დედაქალაქის სამოსახლო დატვირთვა კვლავ პროგრესირებს დადებითი მაჩვენებლისკენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დასახლებებში, სადაც მკვეთრად არ არის შემოსაზღვრული სარეკრეაციო ზონები, ახალი შენობების გაჩენის ალბათობა დიდია, რაც თავისთავად გაზრდის შემჭიდროების კოეფიციენტს. მოსახლეობასა და ხმაურს შორის კორელაცია მაღალია, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მშვიდ საცხოვრებელ ადგილზე დასახლების ალბათობა „დასწრებაზეა“.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჩვენი დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში ცხოვრება უფრო კომფორტული იყო გარეუბნებთან შედარებით, რაც ინფრასტრუქტურული მოწყობის და მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობით აიხსნებოდა. დღეის მდგომარეობით, ვითარება შეიცვალა. გარეუბნები, ცენტრთან მიმართებით, თანაბრად განვითარებულია, ზოგ შემთხვევაში უკეთაც…
თბილისი მცირე ზომის ქალაქია, ევროპულ თუ ამერიკულ ქალაქებთან შედარებით. ეს კი შესაძლებლობას აძლევს დედაქალაქის მცხოვრებლებს, მარტივად და მოკლე დროში გადაადგილდნენ. აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ სამსახურიც და სახლიც ერთ ან მომიჯნავე უბნებში მდებარეობდეს. ასე რომ, თუ მუშაობა ხმაურიან უბანში გვიწევს, მშვიდი და ჯანსაღი საცხოვრებელი ადგილის შერჩევა განსაკუთრებული სიამოვნების მომგვრელია.
ქალაქის დაბინძურებაზე როდესაც ვსაუბრობთ, პირველ რიგში, უმეტეს ჩვენგანს ეკოლოგიურ დაბინძურებაზე გვეფიქრება. ქუჩები გამონაბოლქვის, სამშენებლო ნარჩენების ნაწილაკებისა და არაორგანული მტვრის დიდი პროცენტითაა წარმოდგენილი. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ქალაქის თითქმის ყველა უბანს აბინძურებს და ჯანმრთელობისთვის არანაკლებ საზიანოა – ეს ხმაურია. აკუსტიკური ხმა, რომელსაც იმდენად შევეჩვიეთ, რომ თითქმის აღარ გვესმის. ამისდა მიუხედავად, გონება მუდმივად გაჯერებულია ამ ხმებით.
ქალაქში არსებობს ადგილები, სადაც ხმაურია, დაბინძურებული ჰაერი, ნაკლები ჟანგბადია და ამავე ქალაქში არსებობს ადგილები, სადაც სიმშვიდეა, სუფთა ჰაერი და ბევრი ჟანგბადია.
ეს ქალაქი თბილისია და მასაც ორი მხარე აქვს, არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია.
[1] 1950-2020 წწ. თბილისის მოსახლეობა 1,016,000 მილიონი მაცხოვრებლით გაიზარდა: https://population.un.org/wup/Download/