სიმშვიდის ქალაქები

Forbes-WEB-22051608

მშვიდ ცხოვრებაზე ხშირად გვისაუბრია. ისიც კარგად გვესმის, რომ შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად, გარეგანი ფაქტორები უნდა გვიწყობდეს ხელს. ერთი შეხედვით რთულია დღევანდელ მსოფლიოში მშვიდად ცხოვრება, მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად არის. როგორ და სად ცხოვრობენ მშვიდად? ამის გასაგებად, მშვიდ ქალაქებში სამოგზაუროდ გეპატიჟებით.

გავრცელებული აზრის თანახმად, ცივი კლიმატი სტრესთან ასოცირდება, კომფორტისა და დასვენებისთვის, ადამიანები ძირითადად თბილი ქვეყნებისკენ მივიწევთ, ხან ფიზიკურად, ხან გონებით…

რეალობა, ცოტა არ იყოს განსხვავებულია, ამის მაგალითი კი სიმშვიდის ქალაქების რეიტინგში პირველ სამეულში მოხვედრილი ქალაქებია. ისლანდია, შვეიცარია, ფინეთი, ეს ქვეყნები განსაკუთრებულად თბილი კლიმატით ნამდვილად არ გამოირჩევიან, პირიქით, აქ უფრო დიდ ხანს ცივა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ეკვატორის ჩრდილოეთით განლაგებული ევროპული ქვეყნები, ბედნიერების ინდექსით ლიდერობენ, ამის მიზეზი კი იქ მდებარე მშვიდი ქალაქებია.

რეიკიავიკი, ისლანდიის დედაქალაქი. ადგილი სადაც მზიანი ამინდი წლიური ციკლის ჭრილში მხოლოდ 27%-ია. ზაფხულის სეზონზე, საშუალო ტემპერატურა კი 12 გრადუსია (ცელსიუსით). აქ ხალხი ბედნიერია. რეიკიავიკი მშვიდი ქალაქების სიაში პირველ ადგილზეა. მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ რა ხდება ამ ქალაქში ისეთი, რაც მოსახლეობის სიმშვიდეზე პირდაპირ არის ასახული.

„კვამლის ყურე“, ასე ითარგმნება ქალაქის სახელი, რომელიც ცხელი დინებებისგან გამოწვეული ორთქლის გამო შეერქვა. მიუხედავად ცივი კლიმატისა, რეიკიავიკის შენობებში თბილა, რაც ვულკანური აქტივობების შედეგად წარმოქმნილი თერმული წყლების დამსახურებაა. სივრცეების გასათბობად გამოყენებული ბუნებრივი რესურსი (თბილისი ნაკადები) 48%-მდე აღწევს, რაც მნიშვნელოვან შეღავათს იძლევა კომუნალური ხარჯების დათვლისას.

სიცივე ვერაფერს აკლებს სიამოვნებას…

ისლანდიელების ერთ-ერთ საყვარელი დესერტი ნაყინია. დესერტის ეს სახეობა იმდენად პოპულარულია, რომ ნაყინის საყიდლად წასვლას ცალკე აღმნიშვნელი სიტყვა აქვს – Ísrúntur (იშრუჰტშ). ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება დღის ბედნიერად დასამთავრებლად, როდესაც ცივი და გემრიელი ნაყინის ლუკმები განტვირთვაში და ნერვების დამშვიდებაში ეხმარება მოსახლეობას.

ცივ ნაყინის მირთმევის მსგავსად, რეიკიავიკის მოსახლეობის ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა თბილ წყლებში განტვირთვაა. ბუნების ხელი აქაც ურევია, ბუნებრივი თერმული წყლები მოდუნების და გაჯანსაღების საუკეთესო საშუალებაა. ასეთ აუზებს მთელს ისლანდიაში მრავლად შეხვდებით. როდესაც გარეთ ცივა, თბილ წყლებში ნებივრობა საოცრად დადებით განწყობაზე აყენებს ადამიანს.

რეიკიავიკი ქუჩებში ავტომობილით გადაადგილება ცალკე სიამოვნებაა. აქ თითქმის არავინ იყენებს ხმოვან სიგნალს, არც შუქნიშნებზე გაძრომას ცდილობენ  მძღოლები. გზის დათმობა ხშირია და გამორჩეულად კარგ ტონად მიიჩნევა, რაც სავალ ნაწილზე გადაადგილებას ერთიორად კომფორტულს ხდის.

სეირნობა და ლაშქრობა არამხოლოდ რეიკიავიკის მაცხოვრებლების, არამედ მთლიანად ისლანდიელი ხალხის საყვარელი აქტივობაა. წყალთან და სიმწვანესთან კონტაქტი მოსახლეობის ჩვეული ცხოვრების სტილია. დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სამსახურამდე ან სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, მრავლად შეხვდებით ფეხით მოსეირნე ადამიანებს, ისინი საუბრობენ, ისვენებენ და ერთობიან. ბოლოს კი, ცნობილი ისლანდიური გამოთქმით იმხნევებენ  ცხოვრებას – þetta reddast! (ფეხტა რედასტ), რაც სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება – ყველაფერი კარგად იქნება!

ასეა, ისლანდიაში ყველაფერი კარგად არის და მომავალშიც კარგად იქნება.

ალბათ იცით, რომ შვეიცარიას ოფიციალური დედაქალაქი არ აქვს. მიუხედავად ამისა, ქვეყნის გეოგრაფიულ და ადმინისტრაციულ ცენტრად ქალაქი ბერნია მიჩნეული. ბერნი სიმშვიდის ქალაქების სამეულში მეორე ადგილს იკავებს. ის ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომელიც მთელი ქვეყნის მსგავსად სიმშვიდითა და წესრიგით გამოირჩევა. მისი მეორე სახელწოდება „დასვენების დედაქალაქია“.

რა ხდის ბერნს მშვიდ ქალაქად?

პირველი რასაც ბერნში ვიზიტისას აუცილებლად იგრძნობთ, ეს არის გადაადგილება. ამ ქალაქში თითქმის არ არსებობს ადგილი, სადაც ფეხით ვერ გადაადგილდებით. ყოველმხრივ გამართული და მოწესრიგებული საფეხმავლო ბილიკები თუ ტროტუარები, ქალაქის სიღრმისეულად დათვალიერების და შემეცნების განუმეორებელ საშუალებას იძლევა.

არ აქვს მნიშვნელობა ტურისტი ხარ თუ მუდმივი მაცხოვრებელი, ბერნში ყოფნისას არემარე საოცარი სიმყუდროვის განცდას ტოვებს, სადაც დრო ნელა გადის, მეტი სიამოვნებისათვის. ადგილობრივების თქმით, ბერნი საუკეთესო ადგილია, სადაც შეგიძლია ცხოვრების ხელოვნება იგრძნო და შეითვისო თითოეული აქ გატარებული წამი.

არას მდინარე ბერნის მოსახლეობის საყვარელ ადგილად მიიჩნევა. იშვიათია ასეთი კრისტალური სისუფთავის მქონე მდინარე, რომელი ქალაქის შუაგულში მოედინება. მდინარისპირა ადგილებში პიკნიკის მოწყობა და ადგილობრივი ლუდის დაგემოვნება მზის ჩასვლის ფონზე, სიმშვიდისა და კომფორტის შეგრძნებას ყველას ჰგვრის.

ქუჩებში განლაგებული კაფეები გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს ადამიანს. ყოველი მათგანი რაღაცით მსგავსი და ამავდროულად ინდივიდუალური სტილით გამოირჩევა, სადაც ღია ტიპის ბუხრებითა და საოცარი ბაღებით იზიდავს ადამიანს.

ერთი სიტყვით, მსოფლიოს ფინანსური ცენტრით გარშემორტყმული ქალაქი ბერნი, სიმშვიდისა და დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დედამიწაზე. განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც ტურიზმი, თავგადასავლები, ისტორია და დროის სასიამოვნოდ გატარება მნიშვნელოვანია.

როდესაც მოწესრიგებულ ქვეყნებზე ვსაუბრობთ, ფინეთს ვერაფრით ავუვლით გვერდს. ფინეთის დედაქალაქი რეიკიავიკისა და ბერნის შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე მშვიდი ქალაქების სამეულში დამსახურებულად შედის. ის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ევროპაში საცხოვრებლად. სოციალური უფლებები, კრიმინალის დაბალი დონე, სამაგალითო წესრიგი და მრავალი მიმზიდველი ადგილი ჰელსინკის გამოკვეთილი და ძლიერი მხარეა. ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ფინეთი მსოფლიოს ბედნიერი ერების სიაში მოწინავე ადგილზეა, უკვე მრავალი წელია.

კომპაქტურად განლაგებული ჰელსინკი არამხოლოდ ერთჯერადი ვიზიტისთვის, არამედ მთელი ცხოვრების გასატარებელ ზღაპრულ ქალაქს წარმოადგენს.

ჰელსინკის მრავალმხრივი არქიტექტურული ნაგებობები, ხელოვნება, კულტურა და თანამედროვე ცხოვრების სტილი ურბანული ყოველდღიურობის კომფორტული ნაზავია, სადაც ყველა ბედნიერი და საკუთარ ქალაქზე შეყვარებული დაიარება. აქ სიცოცხლე ჩქეფს და ამავდროულად ყველგან გასაოცარი სიმშვიდეა. პირადი სივრცისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა ჰელსინკის სავიზიტო ბარათია. არავინ არავის უშლის ხელს არც სიმშვიდეში და არც განვითარებაში, რაც ევროპული თვითშეგნებისა და განვითარების გამოკვეთილი მაგალითია.

განსხვავებული აქტივობებით დახუნძლული ჰელსინკი, მრავალი მიმართულებით იზიდავს როგორც ადგილობრივ ასევე დასასვენებლად ჩასულ ადამიანებს.

ფინური აბანო გულგრილს არავის ტოვებს. მას ორმხრივი ეფექტის უნარი აქვს, შეგიძლიათ დილა დაიწყოთ და აღივსოთ საოცარი ენერგიით ან დღის ბოლოს განიტვირთოთ და სასიამოვნოდ დააგვირგვინოთ დღის განმავლობაში დაგროვილი დადებითი ემოციები.

ჰელსინკის ინფრასტრუქტურაზე საუბრისას, აუცილებელია მუნიციპალურ ტრანსპორტზე საუბარი, სადაც გადაადგილების მნიშვნელოვანი წილი ტრამვაის უჭირავს. თანამედროვე დიზაინთან ერთად, ვინტაჟური ტიპის ვაგონები, გულგრილს არ ტოვებს მგზავრებს, რომლებიც გადაადგილებასთან ერთად, განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებენ მშვიდი, უხმაურო და ეკოლოგიურად სუფთა შესაძლებლობით.

ქალაქში დასასვენებლად, ჰელსინკელების დიდი ნაწილი პარკებში სეირნობას უთმობს დროს. აქ ისევე ჩქეფს სიცოცხლე, როგორც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ქალაქში არსებული მწვანე სივრცეები მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად თავშეყრისათვის საუკეთესო ადგილია.

ასე და ამგვარად ცხოვრობს ხალხი მშვიდ ქალაქებში. ფაქტი ერთია, მათ თავად შექმნეს გარემო რომელიც მოსწონთ და სადაც განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობენ თავს.

შეიძლება თბილისს მშვიდ ქალაქს ვერ ვარქმევთ, მაგრამ მშვიდი ადგილები საბედნიეროდ ჩვენც გვაქვს. სადაც ცხოვრების დონე ისეთ ნიშნულზეა, როგორც ევროპულ ქალაქებში, სიმწვანეში, წყლის პირას, სუფთა ჰაერით და ინფრასტრუქტურით.

სიმშვიდის ქალაქებს ბუნება არ ქმნის, მათ შექმნას შრომა, ზრუნვა და პროფესიონალიზმი სჭირდება. შესაძლებელი ყველაფერია, როდესაც სიმშვიდე ნამდვილად ღირებულია.

გააზიარე