უკეთესი სამყაროსთვის გადადგმული ნაბიჯები

Forbes-WEB-22041109

კარგი იდეისა და ქმნილების კომბინაცია ყოველთვის უკეთესს ქმნის. განხორციელება ჩვენს ხელთაა. როდესაც კარგზე ვფიქრობთ – კარგ მომავალს ვგეგმავთ. იწყება ცვლილებები, რომელთაც უკეთესი ცხოვრების კომბინაცია ეწოდება.

ბავშვობიდან მოყოლებული, ადამიანი გამუდმებით უკეთესზე ფიქრობს. გვინდა, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს. უკეთესზე ფიქრის გარეშე, უკეთესი ცხოვრების დაწყება შეუძლებელია.

რა თქმა უნდა, ყველა ქმედება, რომელთაც რაიმეს გასაუმჯობესებლად ვიყენებთ, ჩვენს იდეებზე არის დაფუძნებული. წარმოსახვის უნარს ფაქტები, ინფორმაცია და მაგალითები გვიმდიდრებს.

დღეს რამდენიმე ადამიანზე მინდა გესაუბროთ, რომლებმაც უკეთესი ცხოვრება თავად შექმნეს – იდეით და ქმედებით.

ადამიანის ზემოქმედების შედეგად ტყის საფარის განადგურება სერიოზულ ზიანს აყენებს დედამიწას. ტყის გაკაფვა  არა მხოლოდ მწვანე საფარის შემცირებას, არამედ მთლიანი ეკოლოგიური ჯაჭვის რღვევას იწვევს, რაც თავისთავად ცოცხალი ორგანიზმების გადაშენების პროცესს უწყობს ხელს. 2000 წელს, როდესაც განვითარებულმა კაცობრიობამ 21-ე საუკუნეში შეაბიჯა, ეკოლოგია დიდი  გამოწვევების წინ იდგა. კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, ბრაზილიელმა ფოტოგრაფმა სებასტიო სალგადომ მეუღლესთან, ლელია სალგადოსთან ერთად ტყის აღდგენა გადაწყვიტა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ფოტოგრაფი თავის დაბადების ადგილს ეწვია ბრაზილიაში, სადაც ბავშვობის მეხსიერებიდან შემონახული სიმწვანე სრულად გამქრალი დახვდა. ადგილზე მხოლოდ ცარიელი მიწა და მტვერი შემორჩენილიყო. სებასტიომ და ლელიამ ტყის აღდგენა გადაწყვიტეს.  მათ სურდათ, ეჩვენებინათ მსოფლიოსათვის, თუ როგორ შეეძლო მცირე რესურსს დიდი შედეგის მოტანა – უკეთესი ცხოვრებისათვის.

სალგადოს ოჯახმა და მისი იდეის გარშემო შემოკრებილმა მოხალისეთა ჯგუფმა მწვანე საფარის აღდგენა დაიწყეს. მათ 20 წლის განმავლობაში 2.7 მილიონი ნერგი დარგეს. მოხერხდა მთლიანი ეკოლოგიური ჯაჭვის აღდგენა. მწვანე საფართან ერთად, 172 ფრინველის სახეობა, 33 ძუძუმწოვარი და 15 რეპტილიისა და ამფიბიის სახეობა დაბრუნდა  მინას-ჟერაისის ტერიტორიაზე, ბრაზილიაში.

იოსემიტის ეროვნული პარკი კალიფორნიაში მდებარეობს. ის მაღალი ჩანჩქერებითა და ბუნებითაა ცნობილი. მის ხელუხლებლად შენარჩუნებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ამერიკის ეროვნული პარკების სისტემის მამად წოდებულ ჯონ მიურს.

მიური წარმოშობით შოტლანდიიდან, პატარა ქალაქ დანბარიდან იყო, მოგვიანებით კი ამერიკაში გადაწყვიტა მიგრირება. ეროვნული პარკების ჩამოყალიბების იდეაც მისი ბავშვობის პერიოდს უკავშირდება.

ორი საუკუნის წინ დაბადებული ნატურალისტი და მეცნიერი, მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობდა, აგიტაცია გაეწია ბუნებრივი ლანდშაფტის შენარჩუნებისა და მოფრთხილებისთვის. ამ იდეამ იმდროინდელი აშშ-ის პრეზიდენტის, რუზველტის  ყურადღება დაიმსახურა სწორედ რუზველტის ხელშეწყობით მოახერხა ჯონ მიურმა იოსემიტის ეროვნული პარკის შექმნა.

ჯონ მიურის სახელს უკავშირდება ცნობილი Sierra Club-ის შექმნაც, რომელიც 129 წელია, გარემოს დაცვის უმსხვილესი ხელშემწყობი ორგანიზაციაა.

ბოიან სლეტი – ადამიანი, რომელმაც ოკეანის გაწმენდა გადაწყვიტა. ყველაფერი 2011 წელს დაიწყო, როდესაც 16 წლის ბოიანმა ოკეანის ფსკერზე თევზების დასათვალიერებლად ჩაყვინთა. ფსკერზე ყოფნისას მან თევზზე მეტი პლასტმასის ნარჩენი აღმოაჩინა. პრობლემის მოგვარების თეორიები სლეტის პროექტმა რეალობად აქცია. სპეციალურად შექმნილი ბადე დაბინძურებულ ოკეანეს ნარჩენებისგან წმენდს. პროექტის სატესტო ნაწილი უკვე ფუნქციონირებს, რომლის დახმარებითაც ოკეანიდან 29 000 კილოგრამამდე ნარჩენია ამოღებული. პროცესის სრულად გამართვის შემთხვევაში კი დაბინძურებული ოკეანის 50% გასუფთავებული იქნება ნარჩენებისგან, ამ პროცესს დაახლოებით 5 წელი დასჭირდება.

ადამიანის ხელი თითქმის ყველაფერს ატყვია დედამიწაზე. ყოველი ახალი ქმნილება ინდივიდუალურ კვალს ტოვებს – ნარჩენებს. ზოგ შემთხვევაში უხილავი, ხშირად კი ხილული ნარჩენები, დღეს ფართომასშტაბიან პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ გარემოსთვის მიყენებული ზიანის კონტროლი აუცილებელია. ტანსაცმლისა და მოდის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მოთხოვნილი სფეროა. ფართომასშტაბიანი წარმოების პროცესი უკვალოდ არ ქრება. აქაც მრავლად ვხვდებით ეკოსისტემის დამაბინძურებლებს,  რომლებიც  აუთვისებელი ქსოვილებისა და სხვადასხვა სახარჯი მასალისგან რჩება. მზა პროდუქციის წარმოების პროცესში ქსოვილის 15%-ი ნარჩენია, რომელიც ნაგავსაყრელზე მიდის.

მარკ ლიუ დიზაინერია, რომელმაც ტანისამოსის შექმნა სხვადასხვა ქსოვილის ნარჩენებისგან დაიწყო. მისი ნამუშევრები ქსოვილის წარმოებისა და მეცნიერული ტექნოლოგიების დახმარებით იქმნება. შედეგად კი ნულოვანი დაბინძურების პროდუქცია იკერება.

ყველა ჩვენგანს გვაქვს იდეები და სურვილები, რომლებიც შეიძლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე თავად წარმოგვიდგენია. ვერაფერი იძლევა იმაზე დიდ გამოცდილებას, რასაც საკუთარი ცხოვრება, კონკრეტული მაგალითების საფუძველზე გვაძლევს. ჩვენი გამოცდილება და მეხსიერება ყოველთვის გვაძლევს საშუალებას, რომ რაღაცა უკეთესობისკენ შევცვალოთ, რთული პრობლემები მარტივი ქმედებით გადავჭრათ. ადამიანი ერთია, მაგრამ ადამიანები – უამრავი. კარგი მაგალითებით ყოველთვის შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღწევა.

სადაც ნარჩენებს ვხედავთ – დავასუფთაოთ, სადაც ხე არ დგას – დავრგოთ, სადაც ნაცრისფერია – იქ გავამწვანოთ.

ყველას შეგვიძლია კარგი ცვლილება. თითო ადამიანის ქმედება ასეთ დროს გადამწყვეტია. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 10%-მა რომ ყოველწლიურად 1 ცალი ხე დავრგოთ, ყოველ წელს ქვეყანაში 300 000-ზე მეტი ახალი ხე გვექნება.

სხვას ნუ დაველოდებით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მაშინ როდესაც მოვიცლით და ამის სურვილი გვექნება. წელიწადში ერთხელ.

ნამდვილად ღირს მომავალი სამყაროს შემოქმედად ყოფნა.

ვიცხოვროთ უკეთესად, უკეთესი სამყაროსთვის.

 

მთავარი ფოტო: სებასტიო და ლელია სალგადოები

გააზიარე