ადამიანს უყვარს ბუნება და ეკოლოგია. გარდა სიყვარულისა, ორთავე ის ძირითადი კომპონენტია, რომელიც სიცოცხლისათვის აუცილებლობას წარმოადგენს. 1950-იანი წლებისთვის მსოფლიოს მოსახლეობის 30%-ი ცხოვრობდა ურბანულ დასახლებებში. 2050 წლისათვის, ამ მონაცემების გაორმაგებაა მოსალოდნელი და არსებობს ვარაუდი, რომ ურბანულ დასახლებებს, დედამიწაზე მცხოვრები მოსახლეობის 68% დაიკავებს. ასეთი მოცემულობის შედეგად იქმნება მეგაპოლისები და დიდდება პატარა ქალაქები. დღეისათვის ეს შეუქცევადი პროცესია, რომელიც სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებითაა გამოწვეული. 90-იანი წლებისთვის თუ არსებობდა 10 მეგაპოლისი, 2030 წელს მოსალოდნელია რომ ეს რიცხვი 41-მდე გაიზარდოს.
ურბანიზაციის ასეთი სწრაფად მზარდი ტემპი, მოსახლეობის საერთო ზრდის პროპორციულია. სოციალური სისტემების წყობა, ბუნებრივი რესურსების მართვა, ქალაქების შენება და ორგანიზება უბიძგებს მოსახლეობას ურბანიზაციისკენ.
გარემო პირობებიდან გამომდინარე, ურბანული ტერიტორიები, როგორც წესი, არ გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა ადგილებით. ურბანული ცხოვრება, ხშირად ბუნებასთან სიახლოვის საწინააღმდეგო ალტერნატივად მიიჩნევა, რომელიც არც თუ ისე მომხიბვლელია, თუმცა აუცილებლობიდან გამომდინარე, მოსახლეობა მაინც მიიწევს ქალაქებისკენ და იმ წყობას ერგება, სადაც უწევს ცხოვრება და მუშაობა.
ინდუსტრიულმა რევოლუციამ ხელი შეუწყო ქალაქების ეკოლოგიისგან დაცლას და მის ტექნოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებზე მორგებას. ამრიგად, მივიღეთ დიდი რაოდენობით ბეტონი; შენობები და გზები. თითქოს ქალაქმა ამოიღო ბუნების ავთენტურობა და ჩაანაცვლა აწმყოსათვის კომფორტული და ხელმისაწვდომი სერვისებით.
მიუხედავად ბუნებრივი სიმწვანის მკვეთრი შემცირებისა, უკანასკნელი 50 წლის მანძილზე, ადამიანთა ცნობიერება შეიცვალა და აქტუალური გახდა ბუნებაზე ზრუნვის აუცილებლობა, რადგან დრომ და მოვლენებმა ნათლად აჩვენეს, რომ ბუნებრივი კლიმატის ხელოვნური ცვლილება კარგის მომტანი არ არის. 1970 წელს დედამიწის დღე პირველად აღინიშნა, შეიქმნა გარემოს დაცვითი სააგენტო, ჩამოყალიბდა ბუნებისა და ეკოლოგიის მხარდამჭერი ორგანიზაციები. ამან დიდი როლი ითამაშა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში და უბიძგა ფართო საზოგადოებას, ერთობლივი ძალებით ჩართულიყვნენ ეკოლოგიის შენარჩუნებისა და გადარჩენის მოძრაობაში. გაჩნდა მოთხოვნა ქალაქების განვითარების ალტერნატივებზე.
განვითარებულმა ქალაქებმა მიიღეს ახალი პოლიტიკა; ურბანული სატყეო მეურნეობის, ბუნებრივი მემკვიდრეობის, ჰაერის დამაბინძურებელი გამომუშავების შემცირების, წყლის მართვის, ღია სივრცის განვითარების და მწვანე სახურავების მოწყობის შესახებ.
ასეთმა ახლებურმა ხედვამ განაპირობა უფრო ჯანსაღი ქალაქების ფორმირება, სადაც ცხოვრება გაცილებით ჯანმრთელი და სასიამოვნო იყო. ცვლილებების შედეგად, ურბანულ დაგეგმარებაში შეიცვალა ბეტონის წილი და გაიზარდა ხეებისა და მწვანე ტერიტორიების რაოდენობა. ამავდროულად, სამშენებლო პოლიტიკაც შეიცვალა ენერგოეფექტურობის კუთხით. პოპულარული გახდა შენობები, რომლებიც თბოიზოლაციის დამსახურებით, ნაკლებად საჭიროებდნენ გაგრილებისა და გათბობისათვის საჭირო ენერგიას.
ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებულმა ახლებურმა ხედვამ შეცვალა კერძო სამშენებლო სექტორის მუშაობის სტანდარტიც. ინვესტორებისთვის „ბეტონის უდაბნო“ აღარ წარმოადგენს მიმზიდველ ტერიტორიას. მწვანე ტერიტორიები, სადაც ბუნებრივი ლანდშაფტი პირვანდელი სახით არის შემორჩენილი, გაცილებით უფრო მოთხოვნადი გახდა. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ჟანგბადი, ქალაქის სტრესისგან თავის არიდება და მეტი ეკოლოგია, ნაცვლად ასფალტისა და ბეტონის ნაერთისა, რომელიც საკმაოზე მეტად იგემა თანამედროვე მოსახლეობამ.
ურბანული ეკოლოგიის განვითარებისთვის საჭიროა სწორი განაშენიანება, სადაც რეკრეაციული ზონები, განაშენიანებასთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობით იქნება წარმოდგენილი. ამავდროულად, ენერგოეფექტური შენობების სტანდარტის შემოღება, რომელიც ეკოლოგიისათვის გაცილებით ნაკლები ზიანის მომტანია. ამის კარგი მაგალითია სინგაპური. 1986-2007 წლებში, სინგაპურის მოსახლეობა 68%-ით გაიზარდა, მაგრამ ამავდროულად გაიზარდა მწვანე საფარის მოცულობა, 36%-დან 46%-მდე. 2030 წლისათვის სინგაპური გეგმავს ეკონომიკის ენერგეტიკული ინტენსივობის 35%-ით შემცირებას და ენერგოეფექტური, ე.წ. „მწვანე შენობების“ 80%-ით გაზრდას.
სინგაპურისა თუ სხვა მწვანე ეკონომიკით დაინტერესებული ქვეყნების ინიციატივების მხარდაჭერით და მსგავსი მოდელით განვითარება ხელს შეუწყობს ეკოლოგიის არამხოლოდ გადარჩენას, არამედ მნიშვნელოვნად გაზრდას. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ნაბიჯები აღვიქვათ არა როგორც ადამიანის განვითარების შეზღუდვა, არამედ როგორც ბუნებრივ-ეკონომიკური გზა ქალაქების სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად.
ურბანული ეკოლოგიის მხარდაჭერის კარგ მაგალითს წარმოადგენს მწვანე სახურავების კონცეფცია, რომელიც შენობების გამოუყენებელი ფართობის მწვანე საფარით ათვისებას ისახავს მიზნად. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია მილანში მდებარე კონცეპტუალური შენობა Bosco Verticale. შენობის ძირითადი მიზანია, ბიოლოგიური საფარის შექმნა და ბიომრავალფეროვნების გაზრდა.
ეს არის შენობა-ნაგებობის ექსპერიმენტული სახეობა, რომელიც სინთეზურად აკმაყოფილებს ეკოლოგიური კეთილდღეობისა და არქიტექტურული სრულფასოვნების შერწყმას. ხელოვნურად შექმნილი ურბანული ტყეები, ეფექტური საშუალებაა კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად, ასევე ინდუსტრიული ნარჩენებისგან შექმნილი, ჯანმრთელობისთვის საზიანო ეფექტების შესამცირებლად.
ძირითადი მოდელი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებს ეკოლოგიური კატასტროფისგან თავის დაღწევაში ეხმარება არის ბუნების განვითარების ხელშეწყობის გზით სიარული და არა მის წინააღმდეგ. ეს იძლევა ოპტიმისტურ განწყობას იმ ყველა პრობლემის მოგვარებაში, რაც აქამდე ჩვენი ნებით თუ უნებლიეთ სერიოზულ გამოწვევად ვაქციეთ. თეორიული კრიტიკის ნაცვლად, მიზანშეწონილია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქაოსურად დაგეგმარებულ ურბანულ გარემოს მწყობრში მოიყვანს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საცხოვრებელ პირობებს. დაბალი ინტენსივობის განაშენიანება და პროპორციები, სადაც ლანდშაფტის ძირითადი ნაწილი ეკოლოგიისთვის იქნება განკუთვნილი – ეს არის ერთადერთი გზა, სადაც ცხოვრება, მუშაობა, დასვენება არა ჯანმრთელობის ხარჯზე, არამედ ჯანმრთელობისთვის არასაზიანო გარემოშია შესაძლებელი.