ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები კვირას ქვეყნის დედაქალაქში დემონსტრაციის დროს პრეზიდენტის სასახლეში, ასევე კონგრესისა და უზენაესი სასამართლოს შენობებში შეიჭრნენ. როგორც ირკვევა, დემონსტრანტებმა არეულობისას ცნობილი ბრაზილიელი მხატვრის, ემილიანო დი კავალკანტის $1.5 მილიონზე მეტად შეფასებული ნახატი დააზიანეს.
ბრაზილიის ამჟამინდელ პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვას ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ დი კავალკანტის ნამუშევარი, სახელწოდებით „As Mulatas“ შვიდ ადგილას არის გახვრეტილი. ხელოვნების ნიმუში სწორედ პრეზიდენტის სასახლეში ინახება.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის სასახლეში დემონსტრანტების შეჭრის დროს ასევე დაზიანდა ბრაზილიელი ხელოვანების სკულპტურები და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჟუსელინუ კუბიჩეკის მაგიდა.
ბრაზილიაში დემონსტრაციების ტალღა ორი თვის წინ გამართულ არჩევნებში ჟაირ ბოლსონარუს დამარცხებამ გამოიწვია. ეს უკანასკნელი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ისევე, როგორც მისი მხარდამჭერები. ბრაზილიის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ლულა და სილვას ინაუგურაციის შემდეგ ბოლსონარუს მხარდამჭერებში პროტესტი გამძაფრდა, რაც ბოლო დღეებში არეულობაში გადაიზარდა.
დატოვე კომენტარი