ხმების თითქმის სრული უმრავლესობის დათვლის შემდგომ, ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მეორე ტური დაიწყო. ორ ოქტომბერს გამართული არჩევნების პირველ ტურში, მოქმედმა პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ექსპრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვას გამარჯვება წაართვა მას შემდგომ, რაც 50%-იანი ზღვრის გადალახვა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო.
ელექტრონული ხმების 99.9%-ის დათვლის შედეგად, ამომრჩეველთა 48.4%-მა ლულას დაუჭირა მხარი, ხოლო ბოლსონარუმ 43.2%-იანი შედეგი დააფიქსირა. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. ფაქტია, შედეგები შედარებით განსხვავებული აღმოჩნდა წინასაარჩევნო გამოკითხვებისგან, რომლებიც პირველივე ტურში ლულას გამარჯვებას ვარაუდობდნენ და ამძაფრებდნენ ბოლსონარუს მოწოდებას, ხმების შესაძლო გაყალბების შესახებ.
მოქმედი პრეზიდენტის ხელახალი არჩევის შემთხვევაში მემარცხენეების გამარჯვების ტალღა ირღვევა, რომელიც ბოლო პერიოდში მთელ რეგიონში, მათ შორის მექსიკაში, კოლუმბიაში, არგენტინასა და ჩილეში შეინიშნება. ამას კი ემატება შიში, რომ ბოლსონარუმ შესაძლოა, არჩევნებში დამარცხება არ აღიაროს და კიდევ ერთხელ დააყენოს ეჭვქვეშ ბრაზილიის ელექტრული ხმის მიცემის სისტემა.
თავად პრეზიდენტი აცხადებს, რომ გამარჯვებისთვის სწორი პოლიტიკური ალიანსების შექმნას გეგმავს და კონგრესის საყოველთაო არჩევნებში მისი პარტიის მიღწევებზე მიუთითებს. ცნობისთვის, ბოლსონარუს მემარჯვენე მოკავშირეებმა სენატში 27 ადგილიდან 19-ის მოპოვება შეძლეს. რაც შეეხება ლულას, მან არჩევნების შედეგები ოპტიმისტურად შეაფასა და განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდა კამპანიის კიდევ ერთ თვესა და ბოლსონარუსთან დებატების შესაძლებლობას.
დატოვე კომენტარი