ბრაზილიის ოქროს ექსპორტის დაახლოებით 28% 2019–2020 წლებში სავარაუდოდ არალეგალური მაღაროებიდან იყო მოპოვებული, ნათქვამია პროკურორებისა და მინას ჟერაისის ფედერალური უნივერსიტეტის მოხსენებაში(The Federal University of Minas Gerais). მოხსენებაში საუბარია გაყალბების ფაქტებზე და სამართალდამცავი ორგანოების არაეფექტურ მოქმედებებზე.
მოხსენებიდან ირკვევა, რომ ამ ორწლიან პერიოდში 50 ტონამდე ოქრო უკანონო გზებით იყო მოპოვებული.
ბრაზილიაში Wildcat–ის მაღაროებში ოქროს ხშირად იმ რეგიონებიდან მოიპოვებენ, სადაც მოპოვება კანონით აკრძალულია, როგორიცაა დაცული ტერიტორია ან ნაკრძალი.
აღსანიშნავია, რომ ოქროს მოპოვება გარემოსდაცვითი რეგულაციების გათვალისწინების გარეშე ხდება, იჩეხება ამაზონის ტროპიკული ტყეები და ამასთან, დაფიქსირებულია მდინარეების ვერცხლისწყლით მოწამვლის შემთხვევებიც.
მოხსენებაში მხოლოდ ოქროზეა საუბარი, რომელიც ფედერალურ მთავრობაში დარეგისტრირდა ძვირფას ლითონებზე გადასახადების გადახდის მიზნით. ანგარიშში ნათქვამია, რომ ოქროს რაოდენობა, რომელიც მოცემული ტერიტორიებიდან მოდიოდა აჭარბებდა ამ მაღაროებში მოპოვების პოტენციალს.
რაონი რაჯაო, მინას ჟერაის ფედერალური უნივერსიტეტის გარემოს დაცვის მენეჯმენტის პროფესორი და ანგარიშის ავტორი აღნიშნავს: „იყო მცდელობა ეს ოქრო გაეწმინდათ და დაეფარათ მისი ნამდვილი წარმომავლობა, თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ოქრო აღნიშნული ტერიტორიებში იყო მოპოვებული.“
მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს ბრაზილიიდან 111 ტონა ოქროს ექსპორტი განხორციელდა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალურად დარეგისტრირებული 92 ტონა. ეს თავისთავად მიანიშნებს, რომ ოქროს მოპოვება არალეგალური გზებით ხდებოდა.
ჯერჯერობით ბრაზილიის მაღაროებისა და ენერგეტიკის სამინისტრო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დუმს.
ცნობისთვის, 2019–2020 წლებში ბრაზილიის ოქროს ექსპორტის 72% კანადაზე, შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთზე მოდიოდა.
დატოვე კომენტარი