სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს გასამართლების მოთხოვნით მიმართეს. მას „კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში“ სდებენ ბრალს. საქმე ამაზონის განადგურებასთანაა დაკავშირებული და ეს პირველი საქმეა, როდესაც ტყის განადგურება ადამიანთა სიცოცხლის მოსპობას პირდაპირ დაუკავშირდა.
რეგიონში ტყეების გაჩეხვის შემდეგ იმაზე მეტი ნახშირორჟანგი გამოიყოფა, ვიდრე ამაზონის დარჩენილ ნაწილს შეუძლია შთანთქას. ავსტრალიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების განცხადებით, ბოლსონარუ პასუხისმგებელია 400,000 ჰექტარი ტყის გაჩეხვაზე, რაც 2019 წლიდან ტყის განადგურების 88%-იან ზრდას გულისხმობს.
ავსტრალიის გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა ბრაზილიის პრეზიდენტის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი უკვე შეიტანეს. ორგანიზაციები, კლიმატის ცვლილებაზე მთელს მსოფლიოში ნეგატიური გავლენის გამო, ბოლსონარუს წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის დაწყებას მოითხოვენ. ბრალდება ასევე მოიცავს პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან ფართომასშტაბიანი კამპანიის წარმოებას, რომელსაც გარემოს დამცველების მკვლელობა და ტყეების გაჩეხვით გამოწვეული გამონაბოლქვით მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა მოჰყვა.
ექსპერტთა ჯგუფის ინფორმაციით, ბრაზილიის პრეზიდენტის ქმედება მიმდინარე საუკუნის ბოლომდე 180,000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდება. შეგახსენებთ, რომ ბოლსონარუს წინააღმდეგ 2016 წლის შემდეგ საერთაშორისო სასამართლოში სამი საჩივარია შეტანილი. თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სასამართლო ტყის გაჩეხვას ადამიანთა სიკვდილის გამომწვევ მიზეზად განიხილავს.
დატოვე კომენტარი