მიუხედავად ათასობით ადამიანის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მარეგულირებელ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემებისა, როგორც აღმოჩნდა, ტექნოლოგიურ გიგანტ Alphabet-ს ყველაზე ლოიალური მომხმარებელი ჰყავს. B2B (Business to Business) ფირმა DesignRush-მა, რომელიც პროფესიული კომპანიების რანჟირებას ახდენს, თავის უახლეს ანგარიშში, მომხმარებელთა ლოიალობის მიხედვით, Fortune 100-ში შემავალი კომპანიების ანალიზი წარმოადგინა.
DesignRush-ის „მომხმარებელთა ლოიალობის ინდექსი“ ექვს ძირითად ინდიკატორს ეყრდნობა, ესენია: კომპანიის ფინანსები, საშუალო რეიტინგი და მომხმარებელთა მიმოხილვები, სოციალური მედიის მიმდევრები და ჩართულობა, Google-ში მომხმარებელთა მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხების მოძიება, ბაზრის კვლევის ფირმა YouGov-ის პოპულარობის რეიტინგი და „პრომოუტერის წმინდა ქულა“ (NPS), რომელიც ეფუძნება ალბათობას, რომ მომხმარებელი კონკრეტულ სერვისს ან ბრენდს მეგობარსაც ურჩევს.
ცნობისთვის, DesignRush-ის კვლევაში, Fortune 100-ის კომპანიებიდან ორმოც მათგანს ვერ შევხვდებით, რადგან მათ ან არ ჰქონდათ საკმარისი მონაცემები ინდექსის ინდიკატორების განსასაზღვრად, ან უშუალოდ არ ჰქონდათ ურთიერთობა მომხმარებელთან.
რეიტინგში Alphabet-ის პირველობას NPS-ი, მომხმარებელთა მიმოხილვები და YouGov-ის რეიტინგი განაპირობებს. მოხსენების თანახმად, „Google-ის მომხმარებელთა მიმოხილვა, აგვისტოს დასაწყისისთვის, საშუალოდ 3.1 ვარსკვლავი იყო – მეორე უმაღლესი Fortune 100-ის კომპანიებში. 6,000-ზე მეტი მომხმარებლისგან, Google-ს 5-ვარსკვლავიანი შეფასება აქვს, YouGov-ის პოპულარობის რეიტინგით კი კვლევაში ასევე მეორე ადგილს სჯერდება, 73%-იანი მაჩვენებლით.
მომხმარებელთა ლოიალობის ხარისხით Alphabet-ს YouGov-ის რეიტინგის ლიდერი (75%) Lowe’s მოჰყვება. მესამე ადგილზე კი ნახევარგამტარების მწარმოებელი გიგანტი Intel-ია წარმოდგენილი, რომელსაც, მოხსენების თანახმად, „მომხმარებელთა მომსახურებასა და საჩივრებთან დაკავშირებული ძიების ყველაზე დაბალი სიხშირე“ გამოარჩევს.
Apple-ი, რომელიც მეოთხე პოზიციაზეა, ცნობილია თავისი თაყვანისმცემლების ბაზით, თუმცა, „გასაკვირად“, მომხმარებელთა სერვისის დეპარტამენტში აღმოაჩნდა ნაკლოვანებები. DesignRush-ის თანახმად, Fortune 100-ის კომპანიების უმეტესობასთან შედარებით, ყველაზე ხშირად ადამიანები ონლაინ სწორედ Apple-თან დაკავშირებულ მხარდაჭერის კითხვებს ეძებდნენ.
საერთო ჯამში, ათეულში მოხვდა ოთხივე უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია, რომლებიც ხშირად კონკურენტებად აღიქმებიან, ესენია: Alphabet-ი, Apple-ი, Amazon-ი და Microsoft-ი. თუმცა სოციალური მედიის გიგანტი Meta, რომელიც Fortune 100-ში შემავალ კომპანიებშია, DesignRush-ის ათეულს მიღმა დარჩა.
ბრენდების რეიტინგი მომხმარებელთა ლოიალობის მიხედვით:
- Alphabet (Google)
- Lowe’s
- Intel Corporation
- Apple
- The Coca-Cola Company
- PepsiCo
- Amazon
- The Allstate Corporation
- Microsoft
- Johnson & Johnson