მომავალ წელს საქართველოში 20-ზე მეტი ბრენდული სასტუმროს გახსნაა დაგეგმილი. ჯამში 2018-2019 წლებში საქართველოში 204 სასტუმროს მშენებლობა უნდა დასრულდეს, რის შედეგადაც ქვეყანას 25 000-ზე მეტი საწოლი ადგილი შეემატება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ფორბსისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს 10 ბრენდული სასტუმროს გახსნაა დაგეგმილი თბილისში. მათ შორის, უნდა დასრულდეს Hilton Garden Inn-ის მშენებლობა ჭავჭავაძის ქუჩაზე. სასტუმროს კომპანია Redix აშენებს და მასში 164 ოთახი და 330 საწოლი ადგილი იქნება. სასტუმროს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი EBRD-ის თანადაფინანსებით აშენებს, მისი საინვესტიციო ღირებულება კი $13 მილიონია.
2018 წელს უნდა დასრულდეს თბილისში ჭანტურიას ქუჩაზე Radisson Park Inn-ის მშენებლობა. პროექტს Block-Invest საპარტნიორო ფონდთან ერთად ახორციელებს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 25 მლნ აშშ დოლარია. სასტუმროში 200 ნომერი და 400 საწოლი ადგილი განთავსდება.
კიდევ ერთი ბრენდული სასტუმრო, რომელიც თბილისს შეემატება Rixos Tbilisi-ია, რომელსაც City MLLC აშენებს. გუდიაშვილის ქუჩაზე განთავსებული სასტუმრო 143 ოთახს მოიცავს და მასში 300 საწოლი ადგილი იქნება განთავსებული. სასტუმროს მშენებლობა თავდაპირველი გეგმის მიხედვით 2016 წელს უნდა დასრულებულიყო. პროექტის ღირებულება $45 მილიონია და ის ქართულ-ისრაელური ინვესტიციით ხორციელდება.
2018 წელს გაიხსნება Moxy by Marriott თბილისში ზაარბურკერის ქუჩაზე. სასტუმროს ინვესტორები GMT Group და აშშ-ს სამთავრობო სააგენტო OPIC არიან. მასში 130 ოთახი და 260 საწოლი ადგილი იქნება განთავსებული. მოქსი სპეციალურად შეიქმნა საშუალო და დაბალბიუჯეტიანი მომხმარებლისთვის. პროექტის მთლიანი ღირებულება 25 მილიონი დოლარია.
2018 წელს უნდა დასრულდეს Radisson BLU Telegraph-ის მშენებლობაც, რომელსაც Silk Road Group ახორციელებს. სასტუმრო 189 ოთახიანი იქნება. სასტუმროს პირველ სართულზე ჯაზ კლუბი, ლობი, რესტორანი, ბარი, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზები იქნება. დანარჩენი სათულები კი სპორტულ დარბაზს და სხვადასხვა კატეგორიის სასტუმრო ოთახებს დაეთმობა. სასტუმრო Rezidor Hotel Group-ის მენეჯმენტის ქვეშ იქნება. ამჟამად, საქართველოში კარლსონ რეზიდორ ჯგუფის მენეჯმენტის ქვეშ იმყოფება 2 სასტუმრო: რადისონ ბლუ ივერია თბილისი და რადისონ ბლუ ბათუმი.
Block-Invest LCC 2018 წელს სასტუმრო Golden Tulip-ის მშენებლობის დასრულებას გეგმავს. სასტუმრო ქეთევან წამებულის ქუჩაზე შენდება და მასში 80 ოთახი განთავსდება, საწოლი ადგილების რაოდენობა კი 300-ს შეადგენს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება $11 მილიონია.
რამდენიმე სასტუმროს მშენებლობის დასრულებას გეგმავს საქართველოს თანაინვესტირების ფონდი. მათ შორის Marriott Autograph Collection-ის სასტუმრო თავისუფლების ომედანზე, რომელიც 220 ნომრიანი იქნება, Marriott Autograph Collection სოლოლაკში, რომელიც 187 ოთახს გააერთიანებს და Tabori Ridge Recreation & Golf Resort, რომელიც 100 ნომერს გააერთიანებს.
ამასთან, 2018 წელს იგეგმება თბილისში ფაღავას ქუჩაზე Holiday Inn Express-ის მშენებლობის დასრულებაც, რომელსაც შპს Neo აშენებს. სასტუმროში 121 ოთახი იქნება განთავსებული.
4 ბრენდული სასტუმროს მშენებლობა დასრულდება ბათუმში. კერძოდ, მომავალ წელს დასრულდება Le Meridien-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა, რომელსაც Red-Co აშენებს. სასტუმროში 110 ოთახი და 230 საწოლი ადგილი განთავსდება.
310 ოთახს გააერთიანებს სასტუმრო Pulmann Hotels & Resort ბათუმში, რომელსაც DAR BUILDING Ltd აშენებს. სასტუმროს მშენებლობის დასრულება 2018 წელს იგეგმება. კიდევ ერთი სასტუმრო, რომელიც ბათუმს შეემატება Babylon Tower -ია, რომელში 168 ოთახი განთავსდება. 185 ნომრიანი იქნება ბათუმში Cube Tower, რომელიც ასევე 2018 წელს უნდა გაიხსნას. ასევე 2018 წელს უნდა დასრულდეს Twin Tower-ის მშენებლობაც, რომელსაც 350 ნომერი ექნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 მილიონი დოლარია და მას „ორბი ჯგუფი“ ახორციელებს.
ორი ბრენდული სასტუმრო შეემატება კურორტ გოდერძის. 115 ნომრიანი იქნება სასტუმრო Ramada Resorts, რომელსაც Alliance Group აშენებს. 150-ნომრიანი იქნება სასტუმრო Metro Sky Tower.
თელავში 85 ნომერს გააერთიანებს სასტუმრო Holidei INN, რომელსაც შპს „სასტუმრო თელავი“ აშენებს. სასტუმროს გახსნა 2018 წელსაა დაგეგმილი. 60 ოთახიანი Best Western Plus გაიხსნება გუდაურში.
Adjara Group Hospitality ბაკურიანში 100 ნომრიან სასტუმროს Rooms Hotel-ს გახსნის. ეს საქართველოში ყაზბეგისა და თბილისის შემდეგ რიგით მესამე „რუმსის“ ბრენდის სასტუმრო იქნება.
2018 წელს უნდა დასრულდება Radisson BLU Tsinandali-ის მშენებლობა. სასტუმრო მოიცავს სილქ როუდ ჯგუფის მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობას, 140 სასტუმრო ნომრით, სადაც ასევე იქნება გარე საცურაო აუზი, სპა, ღვინის ქარხანა, რესტორანი, შეხვედრების ოთახი, ბარი, ბიბლიოთეკა, კინოთეატრი, ღია და დახურულ საკონცერტო დარბაზი და ღვინის სადეგუსტაციო ზონა. მთლიანი სამშენებლო ფართი დაახლოებით 18 000 კვ.მ.-ია.
დატოვე კომენტარი