ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის კომპანია Virgin Orbit-ი ოპერაციებს აჩერებს და თითქმის ყველა თანამშრომელს შვებულებაში უშვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ხუთშაბათს კომპანიის მიერ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიისთვის გაგზავნილი განაცხადებიდან გავრცელდა. შედეგად, ამავე დღეს Virgin Orbit-ის აქციების ფასი 32%-ზე მეტით, რეკორდულად დაბალ 68 ცენტამდე დაეცა.
Virgin Orbit-ის გადაწყვეტილება იანვარში წარუმატებელი მისიის შემდეგ კომპანიის მიერ ფინანსური სახსრების მოზიდვასთანაა დაკავშირებული. როგორც ირკვევა, საოპერაციო პაუზა ძალაში დღეიდან შევა და სავარაუდოდ, ერთი კვირის განმავლობაში გასტანს, სანამ Virgin Orbit-ი “აწარმოებს მოლაპარაკებებს დაფინანსების პოტენციურ წყაროებთან და შეისწავლის სტრატეგიულ შესაძლებლობებს”.
Reuters-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ბრენსონის კომპანიის ნაბიჯი 660 თანამშრომელს შეეხება. მედიასააგენტოს ცნობით, Virgin Orbit-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენ ჰარტმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ შვებულება გამიზნულია კომპანიის ოფიციალური პირებისთვის საინვესტიციო გეგმის ორგანიზებისთვის დროის მოსაგებად.
შეგახსენებთ, რიჩარდ ბრენსონის კომპანიას იანვრის დასაწყისში დიდი ბრიტანეთიდან დედამიწის ორბიტაზე პირველი ფრენა უნდა განეხორციელებინა, თუმცა მისია „Start Me Up“ წარუმატებლად დასრულდა და ამის გამო ცხრა ხელოვნური თანამგზავრი დაიკარგა.
ბრენსონმა Virgin Orbit-ი 2017 წელს დააფუძნა. მან თავისი პირველი წარმატებული კომერციული გაშვება 2021 წლის დასაწყისში განახორციელა.
აქვე გეტყვით, რომ ამერიკული Forbes-ის შეფასებით, რიჩარდ ბრენსონის ქონება მოცემული დროისთვის დაახლოებით $3.1 მილიარდს შეადგენს, რაც მას მილიარდერთა რეიტინგში 926-ე პოზიციაზე ათავსებს.
დატოვე კომენტარი