წელს მასწავლებლების შეფასებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პანდემიის გამო გაუქმებული საჯარო გამოცდების შედეგებზე დიდ ბრიტანეთში.
ფსიქოლოგთა თქმით, მასწავლებელთა შეფასებები შეიძლება მიკერძოებული იყოს მათთვის უფრო მისაღები პიროვნული თვისებების მქონე მოსწავლეების მიმართ და ამან რეალური შესაძლებლობების ობიექტურ შეფასებაზე გავლენა მოახდინოს.
ბელფასტისა და ლონდონის უნივერსიტეტების მკვლევრებმა მასწავლებლების მიერ მინიჭებულ შეფასებებსა და ანონიმური წერითი გამოცდის შედეგებს შორის განსხვავება შეისწავლეს.
აღნიშნული კვლევა დაფუძნებულია რუსეთის 14-დან 18 წლამდე ასაკის 1200 მოსწავლის შერჩევით ერთობლიობაზე და ყველა საგანმანათლებლო სისტემის რელევანტურია. შედეგად, მასწავლებელთა შეფასებებისა და ანონიმური გამოცდების შედეგების ერთმანეთთან შედარებით გამოვლინდა 10%-იანი უპირატესობა ისეთი მოსწავლეების მიმართ, რომლებიც მათი პიროვნული თვისებების გამო მასწავლებელთა მხრიდან კეთილგანწყობას იმსახურებენ. აკადემიურ გარემოში კი შეფასების 10%-იანი ვარიაცია მნიშვნელოვან ცდომილებას ნიშნავს.
კვლევის თანახმად, მასწავლებლებმა მაღალი ქულებით შეაფასეს კომუნიკაბელური, კარგი ყოფაქცევის და სასიამოვნო პიროვნული თვისებების მქონე მოსწავლეები. ეს მიდგომა მოქმედებდა იმ მოსწავლეთა საწინააღმდეგოდ, რომლებიც შედარებით უარყოფითი ან ანტისოციალური თვისებების მქონედ აღიქმებოდნენ.
უნივერსიტეტის მკვლევრები პედაგოგებს მოუწოდებენ, არ გამოყონ მოსწავლეები პიროვნული მახასიათებლების ან საკუთარი ნეგატიური მოლოდინის გამო.
აღსანიშნავია, რომ კვლევამ ვერ დაადგინა მკაფიო კავშირი პიროვნების ტიპებსა და გამოცდების რეალურ შედეგებს შორის. ასევე კვლევაში არ იყო განხილული მიკერძოება სქესის ან ეთნიკური კუთვნილების თვალსაზრისით.
ASCL-ის მასწავლებელთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა, ჯეფ ბარტონმა უარყო მასწავლებლების უსამართლო მიდგომის იდეა და განაცხადა, რომ მიმდინარე წლის შედეგების სამართლიანობის უზრუნველსაყოფად შემუშავებულია საჭირო ზომები.
ცნობისთვის, პედაგოგები გამოცდის მარეგულირებელი ოფისის Ofqual-ის მიერ გაცემულ მითითებებს დეტალურად ასრულებენ, ხოლო სკოლები და კოლეჯები ძალისხმევას არ იშურებენ ხარისხის უზრუნველყოფისთვის.
დატოვე კომენტარი