დიდი ბრიტანეთი კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქებას იწყებს. როგორც BBC წერს, შეზღუდვების მოხსნა 12 აპრილს დაიწყება. თავდაპირველად გაიხსნება პაბები და რესტორნები, ასევე ამუშავდება სავარჯიშო დარბაზები, სილამაზის სალონები და არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების მაღაზიები.
ამასთან, 12 აპრილიდან იგეგმება სპა-ცენტრების, ზოოპარკების, თემატური პარკების, drive-in კინოთეატრების გახსნა. გაიხსნება ბიბლიოთეკები და საზოგადოებრივი ცენტრებიც. ასევე, შესაძლებელი იქნება 15-კაციანი ქორწილების ჩატარება.
შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ჯერ „ამოსუნთქვის“ საფუძველი არ არსებობს.„თვითკმაყოფილების დრო ჯერ არ დამდგარა“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ბრიტანეთის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვების შემსუბუქების მომდევნო ეტაპზე საერთაშორისო მოგზაურობაც აღდგება. ამ ეტაპზე საზღვრების გახსნის თარიღად 17 მაისს მიიჩნევენ, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში არსებულ ეპიდვითარებაზე. ამიტომაც ბრიტანეთის მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს, წინასწარ არ დაჯავშნონ მოგზაურობა.
საერთაშორისო საზღვრების გახსნის შემდეგ საჭირო იქნება კოვიდ-სერტიფიკატების გამოშვებაც, რაზეც ბრიტანეთის მთავრობა მუშაობს.
დატოვე კომენტარი