უკრაინაში ომის დაწყების გამო ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების კოლაფსის შემდგომ, დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთიდან ენერგიის იმპორტი ნულოვან მაჩვენებელს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ სანქციების ამოქმედებით, ივნისში, რუსეთიდან დიდი ბრიტანეთის იმპორტი, ზოგადად, 97%-ით შემცირდა და მხოლოდ £33 მილიონი შეადგინა. მონაცემები, უკრაინაში ომის დაწყებიდან ნახევარი წლის თავზე, 24 აგვისტოს ეროვნული სტატისტიკის ოფისმა (ONS) გამოაქვეყნა.
ეროვნული სტატისტიკის ოფისის მონაცემებით, ივნისისთვის დიდმა ბრიტანეთმა უკვე მიაღწია თავის მიზანს, რომელიც 2022 წლის ბოლომდე ეტაპობრივად რუსული ნავთობის და, რაც შეიძლება მცირე ვადაში, თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის შეწყვეტას ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებამდე 12 თვის განმავლობაში, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთიდან საშუალოდ £499 მილიონის საწვავი შეიტანა ქვეყანაში. აღნიშნული მაჩვენებელი კი, 1997 წელს დაწყებული აღრიცხვების ისტორიაში პირველად ნულამდე დაეცა.
ONS-ის განცხადებით, რუსული ენერგიის იმპორტის შეწყვეტა საუდის არაბეთიდან, ქუვეითიდან, ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან რაფინირებული ნავთობის იმპორტის გაზრდით ანაზღაურდება. გარდა ამისა, უკრაინაში შეჭრის შემდგომ ბრიტანეთში ნულამდე შემცირდა სხვა სახის რუსული საქონლის, მათ შორის არყის იმპორტი, ხოლო აკრძალვები და დამატებითი მაღალი ტარიფები დაწესდა რკინაზე, ფოლადზე, ოქროზე, ვერცხლზე, ხის ნაწარმსა და სხვა საქონელზე.
იმპორტის გარდა, დიდი ბრიტანეთიდან რუსეთში ექსპორტიც მნიშვნელოვნად შემცირდა. ONS-ის მონაცემებით, ექსპორტმა ივნისში 67%-ით, £83 მილიანამდე იკლო.
დატოვე კომენტარი