ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანა ძველი ელექტრონული მოწყობილობებიდან, მათ შორის მობილური ტელეფონებიდან და ლეპტოპებიდან, ოქროს მოპოვებას გეგმავს. ზარაფხანის აღმასრულებელი დირექტორის, ენ ჯესოპის განცხადებით, ეს გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებისკენ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
უნდა ითქვას, რომ, ბოლო გამოთვლებით, მსოფლიოში ელექტრონული ნარჩენების მხოლოდ მეხუთედი გადამუშავდება.
სამეფო ზარაფხანა ახალ ტექნოლოგიას კანადურ სტარტაპთან, Excir-თან თანამშრომლობით ნერგავს. მიზანი ელექტრონული მოწყობილობების მიკროჩიპების დაფებში არსებული ოქროს 99%-ის ამოღებაა. როგორც ზარაფხანის წარმომადგენლები იუწყებიან, პროცედურისთვის მხოლოდ რამდენიმე წამი იქნება საჭირო.
გეგმის მიხედვით, ტექნიკიდან ოქროს ოთახის ტემპერატურაზე უელსის ქალაქ ლანტრისანტში გამოიმუშავებენ. სამეფო ზარაფხანის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ტექნოლოგიის დახვეწის შემდეგ სხვა ძვირფასი ლითონების, მათ შორის პალადიუმისა და ვერცხლის, ასევე, სპილენძის აღდგენას შეძლებენ.
მკვლევართა გამოთვლებით, 2021 წელს სანაგვეზე დაახლოებით 57 მილიონი ტონა ელექტროტექნიკა აღმოჩნდა. ექსპერტების თქმით, თუ პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ღონისძიებები არ გატარდება, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 74 მილიონ ტონას მიაღწევს. ზარაფხანის მიზანი ელექტრონული ნარჩენების შემცირება და ძვირფასი ლითონების შენარჩუნებაა.
დატოვე კომენტარი