გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 82 დღის შემდეგ, კრემლმა საკუთარი სამხედრო ძალების მესამედი დაკარგა. სამხედრო ძალების მესამედის დაკარგვა ათეულობით ათას დაღუპულ სამხედროს, ათასობით განადგურებულ ჯავშანტექნიკას, დიდი რაოდენობით ჩაძირულ ან დაზიანებულ გემს, კრეისერსა თუ კატარღას და ასეულობით ჩამოგდებულ საფრენ აპარატს ნიშნავს.
რუსეთი აღნიშნული დანაკარგების ანაზღაურებას კი სარეზერვო ჯგუფებითა და კონსერვაციაში გაშვებული საბჭოთა შეიარაღებით ცდილობს. რაც უფრო დიდი დრო გადის, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების სულ უფრო მეტი საბჭოთა ტექნიკა შეინიშნება. თუმცა, ეს კიდევ უფრო კონტრპროდუქტიულ შედეგს იძლევა. ნაკლები საბრძოლო გამოცდილების მქონე სარეზერვო ჯგუფები და მოძველებული, დაბალტექნოლოგიური შეიარაღება უკრაინელთა სამიზნეები კიდევ უფრო მარტივად ხდებიან. ამ მოცემულობიდან გამომდინარე კი კრემლის სამხედრო მიზნებიც თანდათან სუსტდება.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, რუსეთს ომში გამარჯვების შანსები უკვე თითქმის სრულიად აღარ აქვს. „მიუხედავად ალაგ-ალაგ მცირე წინსვლისა, გასული თვის განმავლობაში რუსეთმა დიდი ტერიტორიების შემოერთება ვერ შეძლო.“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
რუსეთის სამხედრო წარუმატებლობის მიზეზები საკმაოდ ნათელია. ქვეყანამ უკრაინის საზღვრებთან ომის დაწყებამდე 125 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი განალაგა. მათი უმეტესი ნაწილი კი აქტიურ სამხედრო ძალას წარმოადგენს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულ ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებს ტანკებისა და არტილერიის მხარდასაჭერად საკმარისად გაწვრთნილი ქვეითი ჯარი არ ჰყავდა.
შესაბამისად, რაც უფრო დიდი რაოდენობით შედარებით თანამედროვე T-90 და T-72B3 ტიპის ტანკი ფეთქდება, მით უფრო მეტი საბჭოთა დროინდელი T-72A ტიპის ტანკები იგზავნება უკრაინაში. ეს კი მათ ისედაც შემცირებულ სამხედრო შესაძლებლობებს, კიდევ უფრო ასუსტებს. იმავეს თქმა შეიძლება თითქმის ყველა სამხედრო ასპექტზე. ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეოში რუსი სამხედროები 1950-იან წლებში წარმოებული ჩაფხუტებითა და Mosin-ის შაშხანებით იყვნენ შეიარაღებული.
შესაბამისად, უკრაინაში ყოფნის თითოეული დღე რუსეთის სამხედრო ძალებისათვის დიდ ფინანსურ თუ ტექნოლოგიურ დარტყმას წარმოადგენს. აუცილებლად უნდა აღნიშნოს ისიც, რომ დანაკარგები უკრაინის მხარესაც დრამატულია. 24 თებერვალს რუსეთის შეჭრიდან დღემდე ომს ათასობით უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, განადგურდა ასობით ტანკი და ჯავშანტექნიკა, საბრძოლო თვითმფრინავები და თითქმის ყველა საბრძოლო გემი. თუმცა, რუსებისგან განსხვავებით უკრაინელებს ბევრი უპირატესობა აქვთ.
პირველ რიგში კი ეს უპირატესობა მომარაგების ხაზის სიმოკლეში მდგომარეობს. რუსული შეიარაღებული ძალების მომარაგება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე უკრაინელებისა. ყველაზე მთავარი უპირატესობა კი პარტნიორებში და მათ მიერ გაწეულ სამხედრო დახმარებაში მდგომარეობს. ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ ათეულობით მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების თანამედროვე სამხედრო შეიარაღება თუ საბჭოთა წარმოების ტექნიკა მიიღო.
დატოვე კომენტარი