დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საფრთხეების გამო, დროებით უმუშევარი უამრავი ადამიანი დარჩა. მათ დასახმარებლად ქვეყნის მთავრობამ სპეციალური სქემა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დროებით უმუშევრებს ხელფასის 80%-მდე გაუდახდის. აღნიშნულს ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო ნაბიჯს უწოდებენ, რომლის მიზანსაც კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტების შემსუბუქება წარმოადგენს.
კერძოდ, როგორც ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მთავრობა თვეში 2500 ფუნტამდე გადაუხდის დროებით უმუშევრებს, რათა დაეხმაროს კომპანიებს, რომლებიც ხელფასების გადახდას ვერ ახერხებენ კრიზისის გამო.
გარდა ამისა, ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მთავრობა $400 მილიარდიანი მასტიმულირებელი პაკეტის უზრუნველყოფას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც ყველაზე მეტად დაზარალებულ მცირე ბიზნესებს დაეხმარებიან.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველა რესტორნის, კაფეს-ბარისა და სარეკრეაციო ცენტრების დახურვის ბრძანება გასცა.
დატოვე კომენტარი