Johnson & Johnson-მა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური შემოწმების მესამე ფაზა დაიწყო. პროცესის ფარგლებში შემოწმდება ვაქცინის კანდიდატის უსაფრთხოება და ეფექტურობა.
ტესტირებაში ჩართული იქნება 6 000 მოხალისე. სატესტო ვაქცინაციას ბრიტანეთში 17 სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელებენ. თუ დამტკიცდა, რომ აღნიშნული ვაქცინა ეფექტურია, ამბობენ, რომ დიდ ბრიტანეთში 2021 წლის შუა პერიოდისთვის 30 მილიონი დოზის წარმოება გახდება შესაძლებელი. გარდა ამისა, ქვეყნის მთავრობის განცხადებით, ორი ახალი მეგალაბი გაიხსნება მომავალი წლის დასაწყისში, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას რომ დღეში ტესტირების მოცულობა 600 000-მდე გაიზარდოს.
ცნობისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე მუშაობა ბოლო ერთი თვეა აქტიურ ფაზაში შევიდა. მასზე არაერთი კომპანია მუშაობს. მათგან შემოწმების ბოლო ეტაპზე არის AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი ვაქცინა. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას BioNTech-მა და Pfizer-მა განაცხადეს, რომ მათი ვაქცინა 90%-იანი ეფექტურია. შესაბამისად გაჩნდა პოზიტიური მოლოდინები, რომ მომავალი წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის ეტაპობრივი ვაქცინაცია გახდება შესაძლებელი.
დატოვე კომენტარი