ინტერვიუ ბრიტანეთის პარლამენტის წევრ მარკ პრიტჩარდთან, რომელიც საქართველოში და სომხეთში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.
თქვენ საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი წარმომადგენელი ხართ, რომელიც სავაჭრო საკითხებზე იმუშავებს. საქართველოსა და ბრიტანეთს შორის სავაჭრო ბრუნვა არაა მაღალი, რა იქნება თქვენი პრიორიტეტული მიმართულება ამ პოზიციაზე?
სავაჭრო შესაძლებლობების გასაზრდელად ბევრი წესი არსებობს. გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბაზარია მსოფლიოში. საქართველოში ბიზნეს გარემო უმჯობესდება, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ზრდა მეტი უნდა იყოს და ვფიქრობ რომ ამას საქართველოს მთავრობაც ამჩნევს. ვიმედოვნებ, რომ გაერთიანებული სამეფო თავის როლს ითამაშებს არა მხოლოდ სავაჭრო საკითხებში, არამედ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, – ისეთ სექტორებში როგორიცაა საბანკო სფერო, უძრავი ქონება, წარმოება, განათლება. ყველა ეს სფერო ბრიტანელი ინვესტორებისთვის პოტენციურად საინტერესოა. ფოკუსირება უნდა მოხდეს კონკრეტულ და მიზნობრივ სექტორებზე. შედეგად, მხოლოდ პრეზენტაციები და უბრალო საუბრები არ უნდა მივიღოთ, – არამედ ჩვენ გვჭირდება ძალიან კონკრეტული შედეგი. ჩემი დანიშვნა პრემიერ-მინისტრის მიერ არის ნიშანი, იმისა რომ გაერთიანებული სამეფო სერიოზულად უდგება საქართველოსთან ვაჭრობის და ორმხრივი ბიზნეს ურთიერთობების საკითხს.
გაერთიანებული სამეფო 2019 წელს ევროკავშირს დატოვებს. უნდა ველოდოთ თუ არა ბრიტანეთთან არსებული სავაჭრო შეთანხმების შენარჩუნებას?
BREXIT-ის შემდეგ კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ დღევანდელ დღეზე და იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს უკეთესი სავაჭრო ურთიერთობებისთვის.
BREXIT 2019 წელს მოხდება, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ თავის ბოლო გამოსვლაში განაცხადა, რომ 2 წელი იქნება გარდამავალი პერიოდი. ამიტომ ბოლო თარიღი 2021 წლის აპრილია. ჩვენ არ ველოდებით ამ თარიღს, ჩვენ გვინდა მეტი ინვესტიცია და გაზრდილი სავაჭრო ურთიერთობები უკვე დღეს.
საქართველოს უკვე აქვს თავსუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება და მიმდინარეობს საუბარი ამერიკასთან მსგავსი შეთანხმების დადებაზეც. თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ევროკავშირთან ექსპორტის მკვეთრ მატებას ვერ ვხედავთ, როგორ უნდა გამოიყენონ მეწარმეება თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები უკეთესად?
თქვენ თქვით, ევროკავშირთან ვაჭრობაში მკვეთრი ცვლილება არაა, მაგამ არის ზრდა და მცირე ზრდა ჯობია იმას რომ ზრდა საერთოდ არ იყოს. გაკვეთილების მიღება და სწავლა ყოველთვის შესაძლებელია სავაჭრო ურთიერთობებში. საქართველო არის კარგ პოზიციაში რომ ბრიტანეთსაც ასწავლოს ბევრი რამ – რეგიონში თქვენ ძალიან მჭიდრო სავაჭრო კავშირები გაქვთ პარტნიორებთან – ისეთი როგორიც შესაძლოა სხვა ქვეყნებს არც ჰქონდეთ. დიდ ბრიტანეთს ბევრის სწავლა შეუძლია საქართველოსგან. ჩემი მოვალეობაა, რომ ნებისმიერი ორმხრივი შეთანხმება რომელიც მომავალში დაიდება ან უკვე დაიდო – იყოს წარმატებული.
წარმატებული მაგალითებიც გვაქვს, მაგალითად ქართული მოცვი და მატყლი ბრიტანეთში ექსპორტზე გავიდა, ექსპორტის ზრდისთვის რას ურჩევდით ქართველ მწარმოებლებს?
ძალიან მოხარული ვარ რომ მთავრობამ კომერციული ატაშეების ინსტიტუტის დაფუძნება გადაწყვიტა. გაერთიანებული სამეფო იმ ქვეყნების მოწინავე ადგილზეა, სადაც საქართველოს მსგავსი წარმომადგენელი ეყოლება. ეს ძალიან პოზიტიური მესიჯი და წინ გადადგმული ნაბიჯია ორმხრივი ვაჭრობის გაძლიერების კუთხით სამომავლოდ და მეტი ინვესტიციის მოსაზიდად დღეს. ვთვლი, რომ ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია. თუმცა, საკუთარი როლი აქვს არამხოლოდ მთავრობას, არამედ კერძო სექტორსაც. კერძო სექტორმა მთავრობასთან ერთად მეტი უნდა გააკეთოს. ბევრ პოზიტიურ ძვრას ვხედავთ, თუმცა მომავალი კიდევ უფრო ნათელია.
კერძო სექტორი მაქსიმალურად უნდა გავიდეს ევროკავშირის დედაქალაქებში, განსაკუთრებით ლონდონში, საქართველოს აქვს დიდი ისტორია, კულტურა, ეს კი ეხმარება მას, განსაკუთრებით მეღვინეობის დარგში.
რა შესაძლებლობებს ხედავთ ფინანსურ სექტორში და ამ შემთხვევაში როგორი შეიძლება იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა?
საბანკო სექტორი საქართველოში წარმატების ერთ-ერთი მაგალითია. ეს კარგი ამბავია, თუმცა მეტი მხარდაჭერა შეიძლება წამოვიდეს ბრიტანეთიდან, მაგალითად საპენსიო რეფორმის განხორციელების პროცესში. ასევე ლონდონის საფონდო ბირჟას საკმაოდ კარგი ტექნიკური დახმარების გაწევა შეუძლია საქართველოში საფონდო ბირჟების განვითარების კუთხით. დიდ შედეგს ველოდებით საპენსიო რეფორმის შემდეგ. ბრიტანეთს საკმაოდ გამოცდილი ექსპერტები ჰყავს, რომლებსაც ამ კუთხით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. მათ შეუძიათ საუკეთესო გამოცდილება გაუზიარონ საქართველოს.
ბრიტანელ ინვესტორებში საქართველოს შესახებ ცნობადობის ასამაღებლად დამატებით რისი გაკეთება შეიძლება?
ვიმედოვნებ რომ მთავრობა შექმნის სპეციალურ ორგანოს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად. ამ ორგანომ არამხოლოდ საელჩოსთან ერთად უნდა იმუშაოს, არამედ უფრო ფართო მიმართულებითაც. საქართველოს მთავრობაც ხედავს სპეციალური წარმომადგენლების მნიშვნელობას. ასევე ეს ორგანო თავის როლს ითამაშებს გარდამავალ პერიოდში, რომელიც BREXIT-ის ახლავს თან. ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ თავისი პრაქტიკული ნაბიჯი უკვე გადადგა, ჩემი დანიშვნით, ეს კი იქნება ნაბიჯი რომლის გადადგმაც თქვენს მთავრობას შეუძლია.
დატოვე კომენტარი