სიგარეტის ტრანსნაციონალურმა მწარმოებელმა, British American Tobacco-მ, ადგილობრივი და საერთაშორისო კანონების შესაბამისად, რუსული და ბელარუსული ბიზნესი გაყიდა და ქვეყნების ბაზრიდან გასვლის პროცესი დაასრულა. ცნობისთვის, ბაზრის დატოვების შესახებ განცხადება კომპანიამ 18 თვით ადრე, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დააანონსა.
გარიგების ფინანსური პირობები არ გახმაურებულა, თუმცა ტრანზაქცია, სავარაუდოდ, ერთ თვეში დასრულდება. „ტრანზაქციის დასრულების შემდეგ, BAT-ი აღარ იქნება წარმოდგენილი რუსეთსა და ბელარუსში და არ მიიღებს ფინანსურ სარგებელს ამ ბაზრებზე გაყიდვებიდან“, – ნათქვამია British American Tobacco-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2022 წლის თებერვალში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ბაზარი ათასობით კომპანიამ, მათ შორის ისეთმა გიგანტებმა დატოვეს, როგორიცაა Apple-ი, McDonald’s-ი და Coca-Cola. თუმცა თამბაქოს უმსხვილესი მწარმოებლები, მათ შორის Japan Tobacco International-ი და Philip Morris International-ი ქვეყანაში კვლავ რჩებიან.
ლონდონში დაფუძნებული BAT-ი თამბაქოს გლობალურ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და 100-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. BAT-ის საუკეთესო ბრენდებს შორისაა Camel-ი და Newport-ი. Reuters-ის ცნობით, კომპანია რუსეთის თამბაქოს ბაზრის (მსოფლიოში სიდიდით მეოთხე) თითქმის 25%-ს აკონტროლებდა.
British American Tobacco-ს რუსული და ბელარუსული ბიზნესი კომპანიის მმართველი გუნდის წევრებით დაკომპლექტებულმა კონსორციუმმა შეიძინა. კონსორციუმი ITMS ჯგუფის სახელით იქნება ცნობილი.