მომღერალმა ბრიუს სპრინგსტინმა თავისი ნამუშევრების ძირითად ნაწილზე უფლებები Sony-ის $500 მილიონად მიჰყიდა. შეთანხმების თანახმად, Sony-ს საკუთრებაში გადადის 20 სტუდიური ალბომი, მათ შორის ისეთი ჰიტები, როგორიცაა Born To Run-ი, The River-ი და Born In The USA. თუ ბილბორდის მონაცემებს დავეყრდნობით, სპრინგსტინსა და Sony-ის შორის დადებული შეთანხმება რეკორდული ღირებულებისაა.
მაისში, ინვესტორებთან შეხვედრისას, Sony Music-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რობ სტრინგერმა განაცხადა, რომ კომპანიამ $1,4 მილიარდი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დახარჯა შესყიდვებზე, რაც ასევე მოიცავდა მრავალი მილიონი დოლარის გარიგებას პოლ საიმონის კატალოგზე უფლებების შესასყიდად. სპრინგსტინთან დადებულ შეთანხმებაზე ჯერჯერობით არცერთ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.
სპრინგსტინი, საკუთარ კატალოგზე საავტორო უფლებების გაყიდვით, ისეთ ლეგენდარულ შემსრულებლებს შეუერთდა, როგორებიც ბობ დილანი, დეივიდ ბოუი და Blondie არიან. ბოუის უფლებები სექტემბერში Warner Music-მა შეისყიდა, რაც შეეხება ბობ დილანს, მან, 600-ზე მეტი სიმღერისგან შემდგარი კატალოგი გასული წლის დეკემბერში Universal Music Group-ს $300 მილიონად მიჰყიდა. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებები როგორც არტისტებისთვის, ასევე მათი შემოქმედებისთვის უშუალო ფინანსურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
სპრინგსტინი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როკმუსიკოსია. გრემის ოცგზის გამარჯვებული მომღერლის შემოქმედებამ, მხოლოდ გასულ წელს, $15 მილიონის გამომუშავება შეძლო. მისი ყველაზე წარმატებული ჰიტი 1985 წლის Born In The USA-ია, რომლის გაყიდვებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 15 მილიონს, ხოლო მსოფლიოში 30 მილიონ ასლს მიაღწია.
დატოვე კომენტარი