შესაძლოა, ამერიკულ-ევროპული ლიტერატურის მოყვარულებს რომანის დასაწყისი ერთგვარად გადატვირთული მოეჩვენოთ, რადგან ტექსტი მეტაფორებით (მართალია, ზედმიწევნით ზუსტი), მოგონებების ნაწყვეტებითა და ჯერ გაუგებარი ფაქტების ხსენებით ისეა დახუნძლული, რომ ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევთ, მაგრამ ჩვენ ინდოეთში ვართ – მის სამხრეთ შტატში, კერალაში – და ავტორს ნორდიკულ სიმშვიდეს ვერაფრით ვერ მოვთხოვთ. აქ ყველაფერი ჩქეფს, აქ ყველაფერი – ხილი თუ ადამიანთა გრძნობები – მალე მწიფდება, სისხლსავსეა, დაუოკებელ ბუნებას დამორჩილებელი… აქ მაისშივე გაუსაძლისი სიცხეა, “უსაქმური მწვანე ბუზები მთვრალებივით გუგუნებენ გახურებულ, გულის ამსუყებელ ჰაერში”, მზე დამაბრმავებელია, სამთვიანი მუსონური წვიმები კი ყველაზე მყარი ნივთების დამანესტიანებელი და გამანადგურებელი…
წიგნის სიუჟეტურ ქარგაში თავიდანვე ნაღმია ჩადებული – პატარა ინგლისელი გოგონას საიდუმლოებით მოცული სიკვდილი, რომლის მიზეზს, დამნაშავეების გამოაშკარავებასა და დასჯას რომანის ბოლომდე ველოდებით. არ დაგაბნიოთ ამ ერთგვარმა ხერხმა – წინსწრებით მოყოლილმა, მოგონებების სახით გაფანტულმა, ჯერ ბუნდოვანმა დეტალებმა, რომელთაც აუცილებლად მოჰყვება სულის შემძვრელი,ზედმიწევნით დამაჯერებელი ახსნა.
დელიდან პატარა დასახლების პატრიარქალურ ყოფაში დაბრუნებული, სამსახურიდან დათხოვნილი სამეფო ენტომოლოგის ერთი შეხედვით სტაბილურ, ჰარმონიულ დიდ ოჯახში ვნებები ბობოქრობს. მის ყველა წევრს თავისი ცხოვრების გზა აქვს გავლილი თუ გასავლელი: რაჰელი, რომელსაც ამერიკელმა ლარი მაკქასლინმა ცოლობა სთხოვა და ამით შვებით ამოსუნთქვის საშუალება მისცა: “თითქოს გოგონამ აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში თავისუფალი ადგილი აღმოაჩინა ერთადერთი შეგრძნებით: ბოლოს და ბოლოს დაჯდომის საშუალება მომეცა!”;
ოცნებააუხდენელი, დროთა განმავლობაში გაბოროტებულ არსებად ქცეული ციცქნა-კოჩამა და უშიშარი იეზუიტი, ირლანდიელი ბერი მამა მალიგანი – ერთმანეთისადმი ოდესღაც სრულიად არაქრისტიანული გრძნობებით გამსჭვალული წყვილი ყოველგვარი მომავლის გარეშე…
როდსის სტიპენდიატი, ოქსფორდამთავრებული ინდოელი ჩაკო და მისი ყოფილი ცოლი მარგარეტი – თეთრი, დაჭორფლილი კანისა და მსხვილი კოჭების მქონე, ერთი ინგლისური რესტორნის არაფრით გამორჩეული მიმტანი, რომელიც ჩაკოსთვის საოცნებო ქალად ქცეულა, როგორც ჩანს, მხოლოდ და მხოლოდ ინგლისელობის გამო.
ტყუპის დედა, ვაიშიების კასტის წარმომადგენელი ამუ და “მიუკარებელი” ველუტა, რომლებმაც კარგად იციან, რომ მათი ცამეტდღიანი სიყვარულის ფასი ძვირი იქნება – მაგრამ რამდენად ძვირი, “ეს რომ სცოდნოდა ველუტას, იქნებ მაშინ, როცა ამუ მდინარის პირას ელოდა, თავისი ღამეული ცურვა მაინც გაეგრძელებენა. ან იქნებ არც გაეგრძელებინა”. ცივსისხლიანი პოლიციელების მიერ დასახიჩრებული ველუტა, რომელსაც მისი პატარა, დაშინებული მეგობრებიც დამნაშავედ სცნობენ, რათა დედასა და საკუთარ თავს ციხე აარიდონ; ამუ, რომელიც ბედავს და მასთან კავშირს ადასტურებს, თუმცა კი სრულიად უშედეგოდ – ძვლებდამსხვრეული ველუტა დილამდე ვერ გაატანს, თავად კი სამუდამო სირცხვილი, სახლიდან გაგდება და შვილებთან დაშორება ელის… ეს ის ჯაჭვია შემთხვევითობებისა, რომელთა განჭვრეტაც მარტივად შეიძლებოდა, რადგან ამუ აიპას “ადგილი ამ ოჯახში არაა, მით უმეტეს – მშობლების თანხმობის გარეშე, არაქრისტიანს მითხოვებულის (ოჯახი ხომ სირიული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევარია), ხოლო ორი შვილით შინ დაბრუნებული და ქმარს (“ის ნამდვილი ლოთი აღმოჩნდა – ასეთი ადამიანებისთვის დამახასიათებელი უმიზნო ტყუილებისადმი სიყვარულითა და ტრაგიკული შარმით დაჯილდოებული”) თავისი ნებით გაცილებული ქალის ადგილი საერთოდ არსადაა ამ მცხუნვარე მზის ქვეშ”.
ავტორს ორი პატარა არსების, ტყუპი და-ძმის – ესტასა და რაჰელის – თვალით დანახულ სამყაროში შევყავართ: “ჰაერის შემადგენლობაში რაღაც შეიცვალა. რაჰელი მიხვდა, რომ ოთახში ესტა შემოვიდა, ამისთვის მას თავის მობრუნება არ დასჭირვებია… ესტა – ხმაურის ოკეანეში აღმოჩენილი სიჩუმის ნაწილაკი. ესტა, რომელიც ამ სამყაროში ძალიან მცირე ადგილს იკავებდა”, ესტა, რომელთან კავშირის აღდგენა რაჰელმა მხოლოდ 30 წლის შემდეგ შეძლო და ეს კავშირი ინცესტური გახლდათ.
აქ მოულოდნელი და შემთხვევითი მხოლოდ ის საბედისწერო ნავით ცურვაა ადიდებულ მდინარეში, რომელიც ინგლისიდან სტუმრად ჩამოსულ სოფი-მოლს იმსხვერპლებს – გოგონას, რომელიც, ტყუპი და-ძმის აზრით, იმთავითვე საყვარელია, რადგანაც ცისფერთვალება, თეთრკანიანი და ნახევრად ინგლისელია: “თქვენ ერთიანად შავტუხები ხართ, მე კი მხოლოდ სანახევროდ”. ამ და სხვა დრამატული მოვლენების მიზეზები უსამართლო სოციალურ მოწყობაში უნდა ვეძიოთ: ისტორიულად ფესვგადგმულ გენდერულ უთანასწორობაში, ენდოგამური კასტებისადმი კუთვნილების მიხედვით ადამიანების დაყოფის (თითქოს უარყოფილ – ინდოეთის მთავრობამ მოსახლეობის აღწერისას კასტისადმი კუთვნილების გრაფა გააუქმა) სისტემასა და ბრიტანეთის კოლონიად ყოფნის 182-წლიანი დაღის შედეგებში. მიუკარებელთა ჯატის წარმომადგენელს, ველუტას მამას, კარგად ახსოვს ის დრო, როცა პარავანები კანონით სხვა კასტის ადამიანებს არათუ ვერ შეეხებოდნენ, არამედ საუბრის დროს პირზე ხელს იფარებდნენ, რათა მათ უწმინდურ სუნთქვას ჰაერი არ დაებინძურებინა, ხოლო სიარულისას უკან-უკან იხევდნენ და საკუთარ ნაფეხურებს შლიდნენ, ვინმეს შემთხვევით ფეხი რომ არ დაედგა და არ შებილწულიყო.
გასაკვირი არაა, რომ დადგენილ წესებს არდამორჩილებულ 30 წლის ამუს საყოველთაო რისხვა და მარტოობაში სიკვდილი ერგო წილად, მოულოდნელი ისაა, რომ მის ყოვლად რესპექტაბელურ დედას, ოჯახის დიასახლისს, დახვეწილ მევიოლინე ქალბატონს მისი მეცნიერი ქმარი ყოველდღე თითბრის ლარნაკით სცემდა: “ცემა სიახლე არ იყო. სიახლედ ამ ფაქტის გამეორების სიხშირე იქცა”.
რომანის მთავარი გმირების – ტყუპი და-ძმის – ესტასა და რაჰელის ამბავს აქ აღარ მოგიყვებით: თქვენ ხომ წინ ბუკერის პრემიის ლაურეატის, არუნდატი როის “წვრილმანების ღმერთის” წაკითხვის სიამოვნება გელით.
დატოვე კომენტარი