ბულგარეთში მომიტინგე ულტანაციონალისტური „აღორძინების“ პარტიასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ბულგარელი ულტრანაციონალისტები ქვეყნის პროდასავლური მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებენ და ქვეყანაში NATO-ს ბაზების დახურვასა და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.
ბულგარეთის ასობით მოქალაქე პარლამენტის წინ ბულგარეთისა და რუსეთის დროშებით შეიკრიბა და ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნის მიერ უკრაინისათვის გაწეული დახმარება და მხარდაჭერა გააპროტესტა. მომიტინგეები ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
ცნობისთვის, ბულგარეთმა გასულ კვირას უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა. მომიტინგეების ნაწილი უკრაინისა და რუსეთის ომში მთავრობისაგან ნეიტრალური პოზიციის დაკავებას ითხოვს. ნაწილი კი ტრანსპარანტებით ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო ბაზების გაყვანას და NATO-ს ბაზების დახურვას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლისთვის ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრო ქვეყანაში NATO-ს მუდმივ ბაზას ააშენებს. პატარა ქალაქში ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო ნაწილები მუდმივად იცხოვრებენ. მუდმივი სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა 1,500 კაცამდე იქნება.