რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ენერგოკრიზისის გამო აშშ-ში ბუნებრივი აირის ფასებმა 13-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. ფიუჩერსების ფასებმა 10%-ით მოიმატა და 8.05 აშშ დოლარი შეადგინა ბრიტანულ თერმულ ერთეულზე, რაც 2008 წლის სექტემბრის შემდეგი უმაღლესი მაჩვენებელია. აღნიშნული ზრდის შემდეგ ფასები შედარებით დასტაბილურდა და 7.12%-იანი ზრდით 7.82 აშშ დოლარს გაუტოლდა.
სფეროს ექსპერტების მოსაზრებით, ჩრდილოეთ ამერიკის ბუნებრივი აირის ბაზრებზე უკრაინაში მიმდინარე ომს გრძელვადიანი გავლენა ექნება. საინტერესოა, რომ ერთწლიან ჭრილში აშშ-ში ბუნებრივი აირის ფასები 108%-ით არის გაზრდილი, რაც ქვეყნის ეკონომიკას დამატებით ინფლაციურ საშიშროებებს სძენს.
თუმცა, განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ევროკავშირთან შედარებით აშშ-ში ფასების მატება ისეთი დრამატული არ არის. ევროპაში ბუნებრივი აირის ფიუჩერსების ფასები რეკორდული მაჩვენებლითაა გაზრდილი. ამის მიზეზი კი პოლიტიკური ბლოკის გადაწყვეტილებაა, შეამციროს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება. პარალელურად, შეერთებული შტატები ევროპაში რეკორდული რაოდენობის თხევად ბუნებრივ აირს გზავნის, რაც ფასებზე ასევე მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ გეოპოლიტიკურ კრიზისში თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტმა უდიდესი დატვირთვა მიიღო. პოლიტიკოსები მას ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილავენ. შესაბამისად, თხევად ბუნებრივ აირზე მოთხოვნაც გაიზარდა.
დატოვე კომენტარი