2023 წლის პირველ ცხრა თვეში, ბუნებრივი კატასტროფების შედეგად, ჩინეთს $42 მილიარდის პირდაპირი ეკონომიკური ზარალი მიადგა. უპრეცედენტო მონაცემები ზარალის შესახებ, რომელიც 1.4-მილიარდიან ქვეყანაში მასიური წყალდიდობების, ქვიშის ქარიშხლებისა და სხვა კატასტროფების სერიამ გამოიწვია, ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გამოაქვეყნა.
ჩინეთის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბრის მდგომარეობით, სტიქიურმა უბედურებებმა ქვეყანაში 499 ადამიანი იმსხვერპლა. ამავე პერიოდში, ბუნებრივი კატასტროფების შედეგად ჩინეთში 89 მილიონზე მეტი პირი დაზარალდა, ხოლო 2.75 მილიონზე მეტი ადამიანისთვის ევაკუაცია ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გახდა საჭირო.
ცნობისთვის, პირველ ცხრა თვეში ქვეყანაში ტაიფუნის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა, თანამდევმა განმეორებითმა მოვლენებმა კი სამხრეთ რაიონებში წყალდიდობა და მეწყერი, ხოლო ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში უპრეცედენტო წვიმები გამოიწვია, რის გამოც მთავრობამ ამ ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუირება დაიწყო.
ბუნებრივი კატასტროფების შედეგად ჩინეთში ბრინჯის, სოიასა და სიმინდის კულტურებიც დაზიანდა, რამაც ქვეყანაში, ინფლაციის შესახებ შეშფოთებები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთავრობა ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის იბრძვის, კიდევ უფრო გაამძაფრა. ჩინეთის მთავრობის ინფორმაციით, 2023 წლის მხოლოდ პირველ ცხრა თვეში 9.71 მილიონი ჰექტარის მოსავალი განადგურდა.